- 76 წლის თემურ ჩოგოვაძე ხარკოვიდანაა, ჩამოვიდა ვაჟიშვილთან ერთად, რომელიც მეორე ცოლისგან ჰყავს. მეუღლე კოვიდის დროს გარდაეცვალა. - გვიამბობს ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე. - მშობლების სახლში დაბრუნდა, კიდევ კარგი, ჰქონდა დასაბრუნებელი ადგილი. შორიდან სახლს ვერ უვლიდა და ამ ხნის მანძილზე მიუხედავი სახლიც საცხოვრებლად არ არის კომფორტული. წვიმების დროს სახურავიდან წყალიც ჩამოვიდა. ბატონ თემურს თავის სახლში შევხვდით. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ის მფრინავი იყო, მთელი ცხოვრება უკრაინაში ცხოვრობდა, იღებს უკრაინულ პენსიას, მაგრამ ხანდახან აგვიანდება და უფულოდ რჩება მამა-შვილი. მეზობლები ეხმარებიან, როგორც შეუძლიათ. ჩვენი ორგანიზაციაც უწევს დახმარებას სურსათით, გადასახადების გადახდით.

ეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის ერთ-ერთი ბენეფიციარია.

ივლისში ფსიქოლოგიური დახმარება გაეწია 10 ოჯახს - ეს არის 26 ლტოლვილი უკრაინიდან. ყველა მათგანმა მიიღო ჰუმანიტარული დახმარება საჭირო პროდუქტებით. ორი ბენეფიციარი გადის ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიულ სესიას - ეს არის მუშაობა ტრავმებზე და სტრესზე, უარყოფითი ემოციებისგან განთავისუფლებაზე. ასეთი დახმარება სჭირდება ყველას, ვინც უკრაინიდან ჩამოდის...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობაში ახალი სამიზნე ჯგუფები ჩნდება. სხვადასხვა პროფესიის ქალები ინტერესით ეცნობიან ინფორმაციებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე.

ინფორმირება იდენტიფიცირების პროცესს უწყობს ხელს და  ივლისში სენაკის, ვანის, ხობის, ქობულეთის და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში უკვე დაფიქსირდა ახალი ქეისები. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალები, რომელთაც განსაკუთრებით სჭირდებათ გაძლიერება, შესაბამის სერვისებს მიიღებენ.

მობილიზატორები აქტიურად მუშაობენ პრობლემათა ადვოკატირების კუთხითაც. თანამშრომლობენ იმ სტრუქტურებთან, რომლებიც ამ პროცესში მთავარი აქტორები არიან.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თერჯოლაში ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჭრა-კერვის სასწავლო კურსი გახსნა. გახსნას დაესწრნენ თერჯოლის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გოგბერაშვილი და გენდერული საბჭოს წევრი რუსუდან კოვზირიძე.

ბენეფიციარები ახალ პროფესიას ორთვენახევრის მანძილზე შეისწავლიან. სამუშაო სივრცე მუნიციპალიტეტმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამოყო. საკერავი მანქანების, მასალების და პედაგოგის ფინანსურ მხარდაჭერას ფონდი „სოხუმი“ უზრუნველყოფს.

„ჩვენ ვასწავლით წარმატების და დამოუკიდებელი ცხოვრების მარტივ საიდუმლოს - პროფესიას, რომელიც ქალს კიდევ უფრო ძლიერს და თავდაჯერებულს გახდის. გვაქვს ბევრი მაგალითი, ასეთი სასწავლო კურსების შემდეგ როგორ მოემატათ ქალებს მოტივაცია და როგორ დაიწყეს მცირე ბიზნესი. გვჯერა, თერჯოლაშიც გვექნება წარმატების ახალი ისტორიები“, - აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა ლელა ჯალაღონიამ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფების მუშაობა თანდათან აქტიურდება. ჩატარდა შეხვედრები ყველა ათივე ჯგუფში. პროექტის ასისტენტი ნინო ჭაბუკიანი ხუთ მუნიციპალიტეტში (წყალტუბო, სამტრედია, ქობულეთი, თერჯოლა, ჩოხატაური) შეხვდა ჯგუფის წევრებს - შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდა ქალების საჭიროებებსა და პრობლემებზე, ადვოკატირებასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობაზე.

ქალებმა იციან, რომ პრობლემების ადვოკატირებისთვის მეტი უნდა ისწავლონ, ამიტომაც შეხვედრებს დაემატა ახალი კომპონენტი - ციფრული წიგნიერების კურსები. კურსები უკვე დაიწყო ქობულეთის, თერჯოლის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებზე ქალებმა ისწავლეს, როგორ უნდა მოძებნონ საჭირო ინფორმაცია ინტერნეტში და  დეტალურად გაეცნენ უნიკალურ პლატფორმას - sosfsokhumi.ge, სადაც განთავსებულია ძალადობის მსხვერპლთათვის საჭირო მასალები. ეს მუშაობა ხელს უწყობს ჯგუფის წევრების ციფრული წიგნიერების კომპეტენციის ამაღლებას.

ურთიერთდახმარების ერთ-ერთი ჯგუფის წევრი ახლა ქალთა ფონდი „სოხუმის“  სარეაბილიტაციო ცენტრში გადის ფსიქორეაბილიტაციას, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდეს სახლში და მეტი აქტიურობით იმუშაოს ჯგუფში.

პროექტით გათვალისწინებულია მობილური ტელეფონების გადაცემა SOS აპლიკაციით, რაც გაუადვილებს ქალებს საკუთარი თავის და შვილების დაცვას. ივლისში ტელეფონები გადაეცათ თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს. თანადგომის აქციაში მონაწილეობა მიიღეს თერჯოლის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ - დავით გოგბერაშვილმა.

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

მანდატურის სამსახურის ინიციატივით მორიგი ახალი ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე მანდატურის სამსახურმა გაწეული ნახევარი წლის შედეგები შეაჯამა და სიახლეები გააზიარა. ღონისძიებას ესწრებოდა ჩვენი წარმომადგენელი - ნინო კორინთელი, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა მონიტორინგის ახალი ანგარიშის - „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის  შეფასება“ მიგნებები და გამოწვევები, სადაც მანდატურის სამსახურის როლი იკვეთება. 

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა კვლევის შედეგად გამოკვეთილი 2 პრობლემის ადვოკატირების გეგმაზე იმუშავა. ქალბატონებმა  ის რისკებიც გათვალეს, რომელიც ადვოკატირების პროცესში შეიძლება წარმოიქმნას.

 ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა კი მინი-პროექტები შეაფასეს. ფორუმ-თეატრის გამოყენებით დებატების მოწყობა მათთვის სიახლე იყო. მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მინი-პროექტის საშუალებით მათ ძალადობის პრობლემის პრევენციის საქმეში საკუთარი როლი დაინახეს.

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფთან ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, სადაც განხილული იყო დევნილთა დასახლებაში იდენტიფიცირებული პრობლემები. ყველაზე აქტუალური პრობლემა, რომელიც დღესაც დღის წესრიგში რჩება, კორპუსის გადახურვის საკითხია.

საინიციატივო ჯგუფმა ამ საკითხთან დაკავშირებით წყალტუბოს მერიაში კვლავ ჩაატარა შეხვედრა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, რომელსაც ესწრებოდნენ ქალაქის მერი გენადი ბალანჩივაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ჩხაიძე, დევნილთა სააგენტოს იმერეთის სამმართველოს უფროსი დავით ჭეიშვილი და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები.

ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად განაგრძობს პრობლემის ადვოკატირებას.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ონლაინ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა პრიორიტეტული პრობლემების ადვოკატირების დინამიკა. ამ პრობლემებზე ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან. სწრაფი რეაგირებისთვის ჯგუფის ლიდერებმა კიდევ ერთხელ მოამზადეს წერილი ქალაქის მერის და გენდერული საბჭოს სახელზე.

საინიციატივო ჯგუფმა ახალი პრობლემების იდენტიფიცირება დაიწყო და  ადვოკატირების გეგმა ჩამოაყალიბა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების - საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის და სოციალური სფეროს წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები და სამედიცინო პერსონალის -მონაწილეობით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოჯახში ძალადობის პრობლემას და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ სტატისტიკაზე, ძალადობის იდენტიფიკაციასა და მსხვერპლის დახმარებაზე. ყურადღება გამახვილდა რეფერირების გზებზე და უწყებებს შორის თანამშრომლობაზე, რაც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.

შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები (ეროვნული რეფერალური მექანიზმი)“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები