10 სამიზნე მუნიციპალიტეტის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის  მობილიზატორები დაესწრნენ ტრენინგს თემაზე „ადვოკატირება მტკიცებულებების საფუძველზე“.

ტრენინგი მიზნად ისახავდა ადვოკატირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განმტკიცებას. განსაკუთრებული აქცენტები დაისვა პრობლემების გამოკვეთის და რანჟირების კუთხით. დეტალურად განიხილეს მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ადვოკატირების არსი, ეტაპები, განხორციელების ფორმები.

მონაწილეებმა პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე იმსჯელეს ადვოკატირების პროცესის შემაფერხებელ ფაქტორებზე, განსაზღვრეს სამიზნე ჯგუფები და დაინტერესებული მხარეები.

აღინიშნა, რომ ტრენინგში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო ქალთა მხარდაჭერის ცენტრების წარმომადგენლებისთვის, რადგანაც ისინი აქტიურად არიან ჩართულები მუნიციპალური პოლიტიკის ფორმირების და ადგილობრივი პრობლემების ადვოკატირების პროცესში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ერთ-ერთი, ვისაც ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე შეხვდა ივნისში, 76 წლის ლიუბოვ მაქსიმენკო იყო, ნიკოლაევის ოლქიდან. ის წარმოშობით წყალტუბოდანაა, მაგრამ 30 წლის წინათ გაყიდა აქ სახლი და უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად. ბედნიერადაც ცხოვრობდა, მაგრამ ომის დროს მდგომარეობა რომ დაიძაბა, აქეთ ჩამოვიდა, ცოტა ხანს აპირებდა დარჩენას. აქ არავინ დახვდა ნაცნობი, არც მისი ბინის ახალი მეპატრონეები, არც ყოფილი მეზობლები, არც მეგობრები... ცოტა ხანს მეგობრის ქალიშვილთან ცხოვრობდა, მერე მერიამ სასტუმროში მოათავსა... ისევ შინ დაბრუნება გადაწყვიტა. თუმცა საამისო თანხა არ ჰქონდა. ფონდმა „სოხუმმა“  შეუძინა ავტობუსის ბილეთი, საგზალიც გაატანა და უკრაინაში გაამგზავრა...

ივნისში ფსიქოლოგი კიდევ 12 ადამიანს შეხვდა - 5 ოჯახის წარმომადგენელს. დაიწყო მათი პირველადი კონსულტირება, ანამნეზის შეგროვება, ტრავმებზე და სტრესზე მუშაობა თითოეულთან. ორმა ბენეფიციარმა ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სესია გაიარა და ერთთან გრძელდება ფსიქოთერაპია ოთხშაბათობით. ყველა ოჯახმა ჰუმანიტარული დახმარების ნაკრებიც მიიღო ჩვენი ორგანიზაციისგან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ სათაო ოფისში შედგა შეხვედრა შედგა კემლინ ფურლისთან - საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელთან. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა ასევე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი.

ქალბატონ კემლინს მიეწოდა ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და წითელი ჯვრის მიერ უკრაინელი ლტოლვილების დახმარებისთვის განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. საუბარი შეეხო უკრაინელების მდგომარეობას, არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჯანდაცვისა და განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე და მათ ადვოკატირებაზე ნაციონალურ დონეზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გენდერი, გენდერული ძალადობა, ძალადობის იდენტიფიკაცია, ბავშვთან კომუნიკაცია  და რეფერირების ეტაპები, სამართლებრივი მექანიზმები და პედაგოგების როლი ძალადობის პრევენციაში, საერთაშორისო დოკუმენტები - ეს საკითხები განიხილეს ტრენინგზე, რომელიც  ქუთაისში ჩატარდა პედაგოგებისთვის. მონაწილეები წარმოადგენდნენ 5 მუნიციპალიტეტს: სენაკი, წალენჯიხა, თერჯოლა, სამტრედია, ქობულეთი.

შეხვედრაზე, მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფრომაცია პრაქტიკულ გზამკვლევზე: "გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ პერიოდში - ქალთა ორგანიზაციების გამოცდილებები და რეკომენდაციები", რომელიც ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით, ქსელი WAVE-ისა და მისი ოთხი წევრის მიერ 2022 წელს შემუშავდა. აღნიშნული გზამკვლევი ეყრდნობა საომარი და პოსკონფლიქტური მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპზე ქალთა ორგანიზაციების სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას და მასში დეტალურად არის აღწერილი სტრატეგიები კონფლიქტის სხვადასხვა ფაზაში გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირებისთვის.

  • ომის დროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პერიოდი, რომელსაც უკრაინელი და სომეხი პარტნიორები აზიარებენ (სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა)
  • გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც აღწერილია ქართველი პარტნიორის - ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ;
  • ომის შემდგომი და გრძელვადიანი პერსპექტივა - წარმოდგენილი ბოსნია-ჰერცოგოვინელი პარტნიორის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

(პრაქტიკული სახელმძღანელო ხელმისაწვდომია აქ https://wave-network.org/.../uploads/Toolkit-Georgian.pdf...3IA)

მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ სატრენინგო პროცესში, დისკუსიებში, ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას. მათი შეფასებით, ტრენინგი ხელს შეუწყობს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას და ძალადობის შემთხვევების პრევენციას ადრეული იდენტიფიცირების და ინტერვენციის მექანიზმებით.

აღინიშა, რომ ტრენინგის შემდეგ ისინი სკოლებში დანერგავენ გენდერულ მიდგომებს  და აქტიურად ჩაერთვებიან ძალადობის შემთხვევების გამოვლენის პროცესში.

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფმა მოსახლეობის ჩართულობით აფხაზეთის ქუჩაზე სანიაღვრე არხები მოაწესრიგა. დევნილთა ჩასახლებაში ახალგაზრდების ინიციატივით, ქალთა საინიციატივო ჯგუფის და მოსახლეობის მხარდაჭერით დასახლებაში ჯვარი დაიდგა და პატარა სამლოცველო სივრცე გამოიყო. თვითმმართველობის მხარდაჭერით დასახლებაში ორი გადამწვარი ტუმბო შეიცვალა, რაც საკანალიზაციო სისტემის გადავსებას იწვევდა.

ქალთა საინიციატივო ჯგუფი მიყვება ძველი პრობლემების ადვოკატირებას და პარალელურად, სწავლობს ახალ საჭიროებებს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ჯგუფებს ახალი წევრები დაემატა და დაკომპლექტდა ქალებით, რომლებიც აქტიური მუშაობისთვის არიან მზად. ისინი გაეცნენ მუნიციპალიტეტში არსებულ პროგრამებს სოციალური თუ ჯანდაცვის კუთხით. შეხვედრებზე ისაუბრეს იმ სერვისებზე, რაც არსებობს და რაც თვითონაც გამოუყენებიათ. ყველა ჯგუფში გამოიკვეთა პრობლემები, რომელთა ადვოკატირებასაც დაიწყებენ.

უკვე არის პირველი შედეგები: ერთ ქალს მედიკამენტებით დაეხმარნენ, მეორეს -  საბინაო პრობლემის მოგვარებაში.

ყოველი შედეგი სტიმულია შემდეგი წარმატებისთვის.

ვანში და სენაკში შექმნილ ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფებს შეხვდა პროექტის ასისტენტი ნინო ჭაბუკიანი. ხოლო ჩოხატაურის, თერჯოლის, ქობულეთის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში შეხვედრები ჯგუფების ლიდერებმა, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

დევნილთა, ლტოლვილთა და იგპ საერთაშორისო დღეს, 20 ივნისს, ქალთა ფონდი „სოხუმი“ ტრადიციულად აღნიშნავს სხვადასხვა აქტივობით. მესამე წელია, იმართება ღონისძიება „სოხუმური ყავის არომატი ქუთაისის ბულვარში“. უკრაინელი ლტოლვილები შარშანაც ესწრებოდნენ და წელსაც მოვიდნენ. ქალებმა მოამზადეს ორცხობილები უკრაინული თემატიკით. ერთმა უკრაინელმა გოგონამ უკრაინული ცეკვა იცეკვა. ამ დღემ შთამბეჭდავად ჩაიარა და ყველამ დაინახა ფონდის მრავალმხრივი აქტიური მუშაობა. 

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ უკვე უკრაინიდან ჩამოსულ 539 ადამიანს გაუწია მხარდაჭერა. ივნისში 16 ახალი ადამიანი დაემატა ჩვენს საინფორმაციო ბაზას და მხარდაჭერა გამოიხატა ასე:

  • 28 ოჯახმა (44 ადამიანმა) მიიღო პროდუქტები
  • 6 ოჯახს გადავუხადეთ ბინის ქირა
  • 6 ოჯახს გადავუხადეთ კომუნალური ხარჯები
  • ანაზღაურდა ერთი უკრაინელის სამედიცინო ხარჯები
  • ლიუბოვ მაქსიმენკოს ვუყიდეთ უკრაინაში გასამგზავრებელი ბილეთი 220 დოლარად და ის დაბრუნდა თავის ქვეყანაში. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ძალიან  მნიშვნელოვანია, რომ იმ ინფორმაციებმა, რომელსაც ფონდი „სოხუმი“ ქალთა უფლებებზე ავრცელებს, ყველა სოფელში ჩააღწიოს, რადგან ქალებს პერიფერიებში ყველაზე მეტად სჭირდებათ ასეთ საკითხებზე ინფორმაციები.“

„ქალთა გაძლიერება ინფორმირებით უნდა დაიწყოს, როცა მე ვიცი ინფორმაცია,  უკეთესად შემიძლია საკუთარი უფლებების დაცვა.“

„რაც უფრო მეტი ძლიერი ქალი გვეყოლება, მით უფრო ნაკლები იქნება კონფლიქტები და ოჯახური ძალადობის ფაქტები.“

- ეს მოსაზრებები ქალებთან გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე დაფიქსირდა. მონაწილეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქალთა გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი საჭირო ინფორმაციებით მათი აღჭურვაა.

შეხვედრები ჩატარდა სენაკის, ჩოხატაურის, ვანის, თერჯოლის და ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბაღდათის მუნიციპალიტეტში გრძელდება საინფორმაციო შეხვედრების ციკლი. მორიგი შეხვედრა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფისა და ბაღდათის   მერიის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის ორგანიზებით  სოფელ ფერსათში ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ზეგანის, საკრაულას და ფერსათის ბაღების მენეჯერები და აღმზრდელები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

მონაწილეებმა ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების კოორდინატორისგან მოისმინეს ინფორმაცია, თუ რა სერვისები აქვთ მოწყვლადი ოჯახებისთვის. მათ ასევე დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ფონდი „სოხუმის“ მუშაობის და სერვისების შესახებ. მონაწილეებმა პრობლემად დაასახელეს ის, რომ მსხვერპლს არ აქვს დაცულობის გარანტია და პრევენციის კუთხით მუშაობა სუსტია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები