დიდინეძის ახალგაზრდული კლუბი პროექტით დაგეგმილ გეგმილ აქტივობებზე მუშაობს. პროექტის მიზანია სპეციალური საჭიროების მქონე (სსმ) მოსწავლეებისათვის ჯანსაღი ინკლუზიური გარემოს შექმნა. ამისთვის კი საჭიროა სასკოლო საზოგადოებაში (მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი) ცნობიერების ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს სწორი კომუნიკაციის მეთოდების შემუშავებას და დამკვიდრებას.

ფორუმ თეატრის მეთოდის მეშვეობით გაიმართება სცენების ჩვენება , არსებულ პრობლემაზე დისკუსია მოეწყობა და გადაჭრის გზების ძიება მოხდება.

რაც შეეხება დიდინეძის  ქალთა საინიციატივო ჯგუფს ,მათ კვლევა ჩაატარეს თემაზე -მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

შედეგად გამოკვეთა  ის პრობლემები, რომლებიც თემში აქტუალურია. მათ მოსაგვარებლად კი ადვოკატირების გეგმა შემუშავდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა კვლევა ჩაატარა თემაზე -მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

შედეგად გამოკვეთა  ის პრობლემები, რომლებიც თემში აქტუალურია. მათ მოსაგვარებლად კი ადვოკატირების გეგმა შემუშავდება.

“დეზინფორმაციის ამოცნობა და სწორი , გადამოწმებული ინფორმაციის მოძიება” - ამ პროექტის განხორციელებას კოკის ახალგაზრდული კლუბი გეგმავს.

თანამედროვე, ინფორმაციულ ეპოქაში როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან სწორი და არასწორი ინფორმაცია, როგორ ავირიდოთ თავიდან დეზინფორმაციის საფუძველზე წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციები-ახალგაზრდები ამ საკითხებზე ფორუმ თეატრისთვის სცენებს მოამზადებენ.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელი ეკატერინე გამახარია, პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრის, ანა ნაცვლიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული თემატური მოკვლევის - „ქალებისა და გოგოებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ანა ნაცვლიშვილმა ექსპერტთან ერთად მოკვლევის შედეგები და ძირითადი მიგნებები წარადგინა. მან ხაზი გაუსვა მოკვლევაზე მუშაობის მულტისექტორულ ფორმატს და აღნიშნა, რომ ქალთა გაძლიერებას სჭირდება სისტემური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან, ასევე - ერთიანი მკაფიო ხედვა და პოლიტიკა.

მოკვლევის ფარგლებში შეხვედრები სახელმწიფო ინსტიტუტების, საბანკო-საფინანსო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა. მოკვლევის ჯგუფმა ჩაატარა თემატური შეხვედრები საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში მეწარმე ქალებთან, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომელშიც ასევე თბილისის ოფისის ხელმძღვანელიც მონაწილეობდა და მოკვლევის ჯგუფს დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების გამოწვევებზე გაუზიარა ინფორმაცია. 

მოკვლევის ანგარიში ხელმისაწვდომია აქ:

https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/tematuri-mokvleva/genderuli/qalebis-cvdoma/mokvleva-ge.pdf

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ, ევროპის საბჭოს ხილვადობის კვირეულში 27-28 აპრილს, ევროსაბჭოს კონგრესის და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით გამართულ ორდღიან სემინარში მიიღო მონაწილეობა. სემინარი ჩატარდა „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში  და მის ძირითად თემას ინკლუზიური კომუნიკაციის გაძლიერება წარმოადგენდა.

სემინარის ერთ-ერთი სესია, „ცოცხალი ბიბლიოთეკის“ მეთოდით, ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეებისთვის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების პირადი ისტორიების, მათ წინაშე არსებული გამოწვევების და პრობლემების  გადაწყვეტის საკუთარ ხედვების გაცნობას დაეთმო.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი - ეკატერინე გამახარია, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების წინაშე დევნილი ქალების გამოწვევებით წარსდგა და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების პროცესში დევნილი მოსახლეობის, მათ შორის ქალთა და გოგონათა, მონაწილეობის აუცილებლობაზე და მათ წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მუნიციპალური სერვისების და სოციალური პროგრამების დანერგვის საჭიროებაზე ისაუბრა.  

აქტიურად გაგრძელდა სატრენინგო კურსები. კიდევ ხუთი შეხვედრა გაიმართა ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ჩოხატაურის და სენაკის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში.

ტრენინგებში ჩაერთნენ სკოლების ხელმძღვანელები, პედაგოგები, ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლები. ყველა მუნიციპალიტეტში საინტერესო და ნაყოფიერი პროცესი წარიმართა.

შეხვედრაზე, მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფრომაცია პრაქტიკულ გზამკვლევზე: "გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ პერიოდში - ქალთა ორგანიზაციების გამოცდილებები და რეკომენდაციები", რომელიც ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით, ქსელი WAVE-ისა და მისი ოთხი წევრის მიერ 2022 წელს შემუშავდა. აღნიშნული გზამკვლევი ეყრდნობა საომარი და პოსკონფლიქტური მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპზე ქალთა ორგანიზაციების სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას და მასში დეტალურად არის აღწერილი სტრატეგიები კონფლიქტის სხვადასხვა ფაზაში გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირებისთვის.

  • ომის დროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პერიოდი, რომელსაც უკრაინელი და სომეხი პარტნიორები აზიარებენ (სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა)
  • გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც აღწერილია ქართველი პარტნიორის - ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ;
  • ომის შემდგომი და გრძელვადიანი პერსპექტივა - წარმოდგენილი ბოსნია-ჰერცოგოვინელი პარტნიორის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

(პრაქტიკული სახელმძღანელო ხელმისაწვდომია აქ https://wave-network.org/.../uploads/Toolkit-Georgian.pdf...3IA)

აპრილში ჩატარებული 10 ტრენინგის მონაწილეთა საერთო რაოდენობაა 266 ადამიანი. ყველამ დიდი ინტერესი გამოავლინა სასწავლო კურსის მიმართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და  ყოველთვის მეტ ეფექტს სძენს ჩვენს მუშაობას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია, გენდერული თემატური ჯგუფის - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა.  შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების ანალიტიკოსი თამარ ლობჯანიძე და Kvinna till Kvinna-ს სამხრეთ კავკასიის პროგრამების უფროსი ოფიცერი რეგინა ეგოროვა-ასკეროვა.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ორივე მხარეს კონფლიქტით დაყოფილი მოსახლეობის გადაადგილების  პრობლემებზე, გამყოფ ზოლში მოსახლეობისთვის ტვირთის გადაზიდვისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე, ნდობის აღდგენის მიმართულებით ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელთა კონფლიქტ-სენსიტიური პრინციპების მიმართულებით ინფორმირებულობის, უნარების და კომპეტენციების გაზრდის აუცილებლობაზე. 

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა - ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო ორდღიან კონფერენციაში, რომელიც მოაწყო ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“. კონფერენცია თემაზე „ქალები და ახალგაზრდები პოზიტიური ცვლილებებისთვის“ 24-25 აპრილს გაიმართა.

ღონისძიების პირველი დღე მიეძღვნა ქალთა და ახალგაზრდების პოზიტიურ როლს მშვიდობის მშენებლობის პროცესში, ხოლო მეორე დღე დევნილთა მდგომარეობას და საჭიროებებს დაეთმო.

კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე და დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია მოხსენებით გამოვიდა კონფერენციის პანელურ დისკუსიაში, რომელიც დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებს ეძღვნებოდა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის შესასრულებლად მიღებულ საქართველოს რიგით მეოთხე სამოქმედო გეგმაში (2022-2024 წწ.) სახელმწიფოს მხრიდან აღებულ ვალდებულებებზე სამშვიდობო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, ასევე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო პროგრამებში დევნილ ქალთა მონაწილეობის მიმართულებით. მან ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეკონომიკურ პროგრამებში დევნილ ქალთა ქმედითი მონაწილეობის პრობლემებზე, მათი მოწყვლადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ბარიერებზე და სხვ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

მარი ბედნიერი წავიდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრიდან. არასოდეს დაავიწყდება ფსიქოლოგის გაკვეთილები, ბავშვების გართობა პედაგოგთან ერთად, სოციალური მუშაკის და იურისტის რჩევები. და, რა თქმა უნდა, ურთიერთობა სხვა ქალებთან... ზღვა სიყვარული და სითბო მიმაქვსო, თქვა წასვლის წინ.  

ლიკაც კმაყოფილია ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებთან ურთიერთობით. ყველა, ვინც აქ ხვდება, სხვანაირი მიდის აქედან - უფრო ძლიერი, უფრო იმედიანი და ხალისიანი. ჰყავს ახალი მეგობრები, მხარდამჭერები...

ყველაზე მეტ დროს ქალებთან ია იაშვილი ატარებს, სარეაბილიტაციო ცენტრის ასისტენტი, ამ მყუდრო სახლის მთავარი დიასახლისი. საინტერესოა მისი დაკვირვებები:

„ყველაზე მეტად არაჰარმონიული ოჯახური ურთიერთობებით შვილები ზარალდებიან. ზოგს მამა საერთოდ არ ჰყავს, ან ჰყავს და მასთან უჭირს ურთიერთობა, სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, ერთმანეთის არ ესმით. ზოგჯერ ვამჩნევ, რომ ბავშვი არ ჭამს, იმიტომ კი არა, რომ არ შია, არამედ არაფერი უნდა, სურვილები არ აქვს, სიხარული არ აქვს, არ ოცნებობს“.

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები, სამედიცინო პერსონალი.

შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები (ეროვნული რეფერალური მექანიზმი)“.

საუბარი შეეხო მნიშვნელოვან საკითხებს: მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული სტატისტიკა შემაკავებელი ორდერების, პრობლემების იდენტიფიკაციის და მსხვერპლის დახმარების კუთხით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები