ნანული ცხვედიანის წარმატების ისტორია

ჟურნალისტური და პედაგოგიური საქმიანობის  თითქმის  40 წლის მანძილზე, შეიძლება ითქვას, განუწყვეტლივ  ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ძალიან ბევრს ვკითხულობდი, ვსწავლობდი, სისტემატურად სრულვყოფდი წერის კულტურას, ვიმდიდრებდი  ლექსიკას,  ვამუშავებდი გამოსახვის ფორმებსა და ჟანრულ სპეციფიკას, თვალს ვადევნებდი  მედიის განვითარებასა და ახალ ტექნოლოგიებს.შეიძლება ითქვას, არასოდეს არავისთვის მომითხოვია საკუთარი მოვალეობის შესრულება ისე მკაცრად, როგორც საკუთარი თავისთვის. ჟურნალისტს ხომ, პროფესიული ცოდნის გარდა, ეთიკური სტანდარტების დაცვა და საზოგადოებრივი ინტერესების მუდმივი თანადგომა ევალება.

ჩემი გზა საქალაქო და რეგიონულ პრესაში  ასეთია: სხვადასხვა დროს ვიყავი გაზეთ „ქუთაისის“ კორესპონდენტი და ლიტერატურული მუშაკი, „იმერეთის მოამბის“ განყოფილების რედაქტორი, „ახალი ქუთაისის“ რედაქტორის“ მოადგილე, „პოსტსკრიპტუმის“ (“P.S.“)რედაქტორი, ერთდროული თემატური ჟურნალ-გაზეთების რედაქტორი. პარალელურად ვმუშაობდი  ახალგაზრდობასთან: გარდა იმისა, რედაქციებში ახალგაზრდა ჟურნალისტების თაობებს ვზრდიდი, წლების მანძილზე ვიყავი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა წრის ხელმძღვანელი, ლექციებს ვკითხულობდი  სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების, პროფესიული კოლეჯების ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე. ჩემს  შეგირდებს შორის ბევრი ცნობილი  ჟურნალისტია, რედაქტორია, ან წარმატებით საქმიანობს სამეცნიერო,შემოქმედებით,  პედაგოგიურ, საზოგადოებრივ ასპარეზზე, არასამთავრობო ორგანიზაციებში, 15-მდე პროფესორია, ორი „საბას“ პრემიის ლაურეატი - სამწერლო მიღწევებისათვის, არაერთი წარმატებულ სამეცნიერო - შემოქმედებით საქმიანობას ეწევა საზღვარგარეთ.

 ვარ 5 პუბლიცისტური წიგნის ავტორი და რამდენიმეს - თანაავტორი, 50-ზე მეტი პოეტური, პროზაული და მეცნიერული წიგნის რედაქტორი. სამწუხაროდ, გამოუცემლად დევს ჩემ მიერ შედგენილი 700-გვერდიანი, ფართო ფორმატის,  სამენოვანი   ენციკლოპედია „იმერეთი“, რომლის ილუსტრაციებისათვის  იმერეთში სოფელ-სოფელ ვიარე ცნობილ  ქართველ ფოტოგრაფებთან ერთად...
ვიყავი იმერეთის ჟურნალისტთა დამოუკიდებელი კავშირის  თანადამფუძნებელი, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, საქველმოქმედო თუ საზოგადოებრივი ინიციატივების  მონაწილე და ზოგჯერ -თაოსანიც, ჟურნალისტიკის კერძო სკოლა -ლიცეუმის  თანადამფუძნებელი და დირექტორი.
ამჟამად ქუთაისის  საჯარობიბლიოთეკაში  ვარ დასაქმებული და თანამოაზრეებთან ერთად ვმუშაობ ასწლოვანი გაზეთ „ქუთაისის“ ბიბლიოგრაფიული საძიებლის შექმნაზე (უკვე გამოვიდა ორი დიდი ტომი, გამოდის მესამეც), ვთანამშრომლობ  ჟურნალ „კულტურა პლუსის“ რედაქციასთან.
„არ არსებობს ყოფილი ჟურნალისტი“, ამბობენ, ჰოდა, მეც ასე ვარ, საკუთარ თავს ჩავაგონებ ხოლმე : არ შეჩერდე, იარე, ჟურნალისტი ხარ!

ნანული ცხვედიანი -ჟურნალისტი, პუბლიცისტი, ფილოლოგი.

დღესდღეობით ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქტიური წევრია და მჭიდროდ თანამშრმლობს ქალთა ფონდ „სოხუმთან“  USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები