„ადგილობრივ დონეზე ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებისადმი ხელმისაწვდომობა“ – მრგვალი მაგიდის თემა

„ადგილობრივ დონეზე ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობა“ – ეს იყო მრგვალი მაგიდის თემა, რომელიც 15 თებერვალს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით და კანადის თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. 

მრგვალი მაგიდის მონაწილეები იყვნენ სენაკის, სამტრედიის, თერჯოლის, ქობულეთის, ოზურგეთის, ბაღდათის, ვანის, წყალტუბოს, ტყიბულის, ზუგდიდის, ხონის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური სამსახურების და ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების წარმომადგენლები, ჟურნალისტები ტყიბულის, ფოთის, ქუთაისის, ოზურგეთის, თერჯოლის მედიაორგანიზაციებიდან, თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები.

ღონისძიების პირველ ნაწილში ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა  პროექტის არსზე ისაუბრეს, ასევე  მის ფარგლებში შექმნილ ინოვაციურ და დღესდღეობით ყველაზე საჭირო ვებგვერდზე - ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრულ რესურცენტრსა (http://gbvdigitalresourcecenter.ge/) და მის პოპულარიზაციაზე მუნიციპალიტეტებში - შედეგები და გამოწვევები.

მრგვალი მაგიდის მეორე ნაწილში ქალთა ფონდი „სოხუმის“ რეგიონალური ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა  ადგილობრივ დონეზე ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე,  ხელმისაწვდომობის კუთხით ქალებისთვის არსებული პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

მესამე ნაწილში კი მუნიციპალიტეტებში არსებულ საუკეთესო პრაქტიკასა და გამოწვევებზე ქალთა მხარდაჭერის სერვისების კუთხით (საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამები და სხვ.) საკუთარი გამოცდილება გააზიარეს ზუგდიდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.

ღონისძიებაზე გამოიკვეთა რეკომენდაციები მსხვერპლთათვის გაუმჯობესებული, უფრო მდგრადი და გრძელვადიანი პროგრამებისა და სერვისების დანერგვის კუთხით.

მრგვალი მაგიდა ვებგვერდის მაღალი შეფასებით დასრულდა:

„თქვენი საიტი ოცნების ახდენაა, სრულყოფილი ელექტრონული სამაგიდო წიგნი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ქალთა თემაზე მუშაობს,“ - რუსუდან პაჭკორია, ასოციაცია „მერკურის“ იურისტი.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები