მრგვალი მაგიდა - პრეზენტაცია ბათუმში

კატეგორია: მრგვალი მაგიდები ავტორი: Super User გადასვლები: 3149

ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ და გაერთიანება „სამოქალაქო ინიციატივების ჯგუფმა“ საკრებულოს სხდომათა დარბაზში მრგვალ მაგიდაზე ფონდი „სოხუმის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „თაობათა კულტურული დიალოგი - როგორც პოზიტიური გამოცდილების ციკლი“  შედეგების პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას საბჭოს წევრების გარდა პროექტის მონაწილეები, ბენეფიციარები, თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო ინტელიგენციის და მედიის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

რა საქმიანობა განახორციელა პროექტის განმავლობაში ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ, რასაც უკვე ბათუმის საკრებულოში ოფიციალურად ფორმირებული გენდერული საბჭო გააგრძელებს; რომელი საკითხების წარმატებული  ადვოკატირება მოახერხა ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა; როგორ აფასებენ ახალგაზრდებთან ჩატარებულ საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობას პედაგოგები და მოზარდები - შეხვედრის მონაწილეებმა პროექტი შეაფასეს, როგორც ძალიან სასარგებლო და პროდუქტიული და  სამომავლოდ ამ მიმართულებით საქმიანობის მხარდაჭერის აუცილებლობა დაასაბუთეს. მაღალი შეფასება მიეცა ფონდი „სოხუმის“ როლს ბათუმში გენდერული პოლიტიკის ხელშეწყობის კუთხით.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პროექტის ფარგლებში პროფესორ რამაზ სურმანიძის ავტორობით გამოცემულმა მეთოდურმა სახელმძღვანელომ „ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივ-სქესობრივი აღზრდის საფუძვლები“, რომლის ოფიციალური პრეზენტაცია ბათუმის  აკაკი წერეთლის საჯარო ბიბლიოთეკამ უკვე დააანონსა.

მრგვალი მაგიდა საინტერესო დისკუსიებით წარიმართა. ღონისძიება გაშუქდა ტელეკომპანია „აჭარას“, „ტვ-25“-ის, რადიო „თავისუფლების“ ეთერში.