ახალგაზრდების ჯგუფი ბულინგის თემაზე მსჯელობს

  

რატომ ძალადობენ მოზარდები ერთმანეთში, რა ვიცით ბულინგზე და რა კავშირშია ის ოჯახურ კონფლიქტებთან - ამ თემაზე გაიმართა დისკუსიები წყალტუბოში, ხონსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გამართულ ვორკშოპებზე.

მონაწილეებს მიეწოდათ სტატისტიკა, სადაც კარგად ჩანს, რამდენად მაღალია სკოლებში ბულინგის მაჩვენებელი. მიზეზებზე საუბრისას მათ ბულინგი ოჯახურ კონფლიქტებთან დააკავშირეს:

- კონფლიქტური ოჯახებიდან გამოსული ბავშვები ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი, რადგან მათ არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ,  უჭირთ გარემოში ადაპტირება.

მათი აზრით, გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ მშობლებმა, სკოლამ ერთობლივად, კოორდინირებულად იმუშაონ ბავშვებთან, მოზარდებთან და შეძლონ ბულინგის თავიდან აცილება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თერჯოლა, ფოთი, ნახახულევი - ვორკშოპები კონფლიქტის ტრანსფორმაციის თემაზე

       

 

კონფლიქტის ანალიზი, კონფლიქტის ტრანსფორმაცია, ქალთა სამშვიდობო ინიციატივები - ამ თემამ გააერთიანა დასავლეთ საქართველოს 6 რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები. მათ პროექტის „ქალთა შესაძლებლობების განვითარება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად“ ფარგლებში გაიარეს სამდღიანი ტრენინგი ამ საკითხებზე, დაეუფლნენ ფასილიტატორის უნარ-ჩვევებს და შემდგომ თავად დაიწყეს ვორკშოპების ჩატარება.

პირველი ვორკშოპი ჩაატარა თამარ იაკობაშვილმა 3 ივნისს თერჯოლაში.  ფასილიტატორის შესავალი სიტყვის შემდეგ გაიმართა მსჯელობა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიზეზებზე და მისი მოგვარების გზებზე.

შეხვედრა თითქმის 3 საათი გაგრძელდა, მაგრამ მონაწილეებს დროის გასვლა არ უგრძვნიათ, რადგანაც აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში.

ქეთი ჩებანმა და მარიამ ზირაქაძემ 7 ივნისს ჩაატარეს ვორკშოპი ფოთის მე-5 და  მე-7 საჯარო სკოლაში. დასაწყისში მათ აუდიტორიას გააცნეს ინფორმაცია პროექტის შესახებ. შემდეგ კი გაიგეს, რა იციან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ, როგორია მათი დამოკიდებულება. მონაწილეები სამ ჯგუფში მუშაობდნენ და საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს. უკუკავშირის დროს აღინიშნა, რომ ვორკშოპის დროს მათ შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა.

8 ივნისს თეა მეძველიამ სოფელ ნახახულევში (ხონის მუნიციპალიტეტი) მცხოვრები გოგონები ჩართო ვორკშოპში. მათ ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გამართული მუშაობის შესახებ.

ფასილიტატორმა შეძლო აუდიტორიის სრულად ჩართვა მუშაობაში. განსაკუთრებული იყო გოგონების აქტიურობა ქალთა სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებით. მოდულში წარმოდგენილი ყველა პუნქტი წარმატებით განხორციელდა.

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

ვორკშოპები გენდერული ძალადობის თემაზე

   

გენდერული ძალადობა და ოჯახური კონფლიქტები - ამ საკითხებზე საინტერესო დისკუსიები გაიმართა ქალებთან წყალტუბოში, ზუგდიდსა და ხონში გამართულ ვორკშოპებზე.

უმრავლესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ ძალადობა ხშირია იმ ოჯახებში, სადაც არ არის გენდერული თანასწორობა, სადაც ქალს არა აქვს რეალიზების საშუალება და მუდმივად ქმრის არჩევანზეა დამოკიდებული.

განსაკუთრებით საინტერესო შეხვედრა გამოვიდა ზუგდიდში, სოფელ განმუხურში, სადაც ფონდი „სოხუმის“ ჯგუფი პირველად ჩავიდა. მონაწილეთა უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა გაგრძელდეს თანამშრომლობა, რადგან ძალადობის თემა მათთვის პრიორიტეტულია.   

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპის თემა - გენდერი, გენდერული ძალადობა

 

- როდის ირღვევა თანასწორობა ოჯახში და როდის იღებს დისკრიმინაციის ფორმას - ამ საკითხებზე გამართეს დისკუსიები ახალგაზრდებმა ფოთში, ქუთაისში, სენაკში გამართულ ვორკშოპებზე.

მონაწილები თვლიან, რომ  ოჯახური კონფლიქტების დიდი ნაწილი ფუნქციათა არათანაბარ განაწილებას უკავშირდება:

- თუ ოჯახში მხოლოდ ერთი სქესი იღებს გადაწყვეტილებას და მის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, დანარჩენმა წევრებმა როგორ იცხოვრონ, ეს უკვე ძალადობაა.

- სამწუხაროდ, ქალების უმრავლესობას არასწორად ესმის თანასწორობა. მათი აზრით, ის, რაც ოჯახში ხდება, ჩვეულებრივი მოვლენაა, ამიტომაც უჭირთ საზოგადოებაში საკუთარი თავის რეალიზება.   

ახალგაზრდების თქმით, საზოგადოებასთან მეტი მუშაობაა ჩასატარებელი, რათა სწორად შეაფასონ, რას ნიშნავს თანასწორობა ოჯახში და გააანალიზონ ის ნეგატიური  შედეგები, რომელთაც გენდერულ ძალადობამდე მივყავართ.

  პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კომუნიკაციის საკითხებზე მუშაობა ახალგაზრდულ ჯგუფებთან

 

ახალგაზრდების ჯგუფებთან ფოთში, სენაკსა და წყალტუბოში აქტიურად წარიმართა ვორკშოპები კომუნიკაციის თემაზე. მონაწილეებმა იმჯელეს კომუნიკაციის ვერბალურ და არავერბალურ მხარეებზე.

როგორც აღინიშნა, კომუნიკაცია პირდაპირ კავშირშია კონფლიქტებთან. ინფორმაციის მიწოდებისას ვერბალურთან ერთად არავერბალური მხარეც უნდა იქნეს გასათვალისწინებელი, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა კონფლიქტის გამწვავება. ვორკშოპების მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მიღებული ინფორმაციები, პრაქტიკული სავარჯიშოები დაეხმარება მათ ეფექტურად მართონ კონფლიქტები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები