ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ონლაინ შეხვედრაზე შეაჯამეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული მუშაობა. გაეცნენ  ბლოგებს, რომლებიც მათი აქტივობების გაშუქებას მიეძღვნა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საკითხებზე, რომლებიც ამჟამად ადვოკატირების პროცესშია. პრობლემების ადვოკატირების დინამიკის შესაფასებლად ჩატარდა შეხვედრა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელთან.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელს - ეკატერინე გამახარიას ჰქონდა პატივი, წარმოედგინა ქალთა ფონდი „სოხუმი“ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც პანელისტს კანადის უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარისა და ირლანდიის ადამიანური განზომილების კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ღონისძიება მიეძღვნა კრიტიკულად მნიშვნელოვან თემას - „ომის გავლენა მოქალაქეებისა და სამხედრო პირების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“.

პანელურ მომხსენებლებს შორის იყვნენ: ბატონი ალექსანდრე კლენი, უკრაინის შეიარაღებული ძალების კლინიკური ფსიქოლოგი, დოქტორი ჯულიანა სტოიანოვა, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბატონი ენდრიუ გარდნერი, ODIHR ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და გენერალ-მაიორი მარტ ბილოდო, ქირურგი კანადის შეიარაღებულ ძალებში.

4-6 ნოემბერს, ბორჯომში სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ადგილობრივი პოლიტიკური დოკუმენტების გენდერული ზემოქმედების შეფასების (GIA) და გენდერული ბიუჯეტის მნიშვნელობა ინკლუზიური, თანასწორი და სამართლიანი ადგილობრივი მმართველობისთვის.“ ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს შვიდი მუნიციპალიტეტიდან: სენაკი, ზუგდიდი, თერჯოლა, წალენჯიხა,  ქობულეთი, ჩოხატაური, ხობი. ასევე - იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია გენდერული ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის (GIA) შესახებ. გაეცნენ მასალებს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების საერთაშორისო პრაქტიკაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. განისაზღვრა, როგორ ხდება გენდერული ანალიზი, სექტორული განაწილება ბიუჯეტირების პროცესში, ადგილობრივი პოლიტიკის დოკუმენტების გენდერული ზემოქმედების შეფასება.

ორგანიზაცია Equality Now-ს ორგანიზებით 2-3 ნოემბერს გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს გაუპატიურების და სხვა სახის სექსუალური ძალადობის საკითხებზე საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებების მიღწევისათვის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში. სამუშაო შეხვედრაში ჩართული იყო ჩვენი წარმომადგენელი - ლინდა ჩიხლაძე.

ჩატარდა ვორკშოპი სენაკის მერიის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიის წევრებისთვის.

შეხვედრაზე გაიმართა დიალოგი კომისიის საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებზე, განხილულ იქნა რამდენიმე მწვავე ქეისი და დაისახა შემთხვევების მართვის სტრატეგია.

მონაწილეთა შეფასებით, კომისიას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რათა მოხდეს ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენცია, დაზარალებულებმა მიიღონ დროული და ადეკვატური დახმარება. ეს კი განპირობებულია იმით, რომ ამ მექანიზმს წარმოადგენენ ინტერსექტორული ჯგუფები; ხდება რესურსების გამთლიანება და  შეუფერხებელი კოორდინაცია.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

მარია სოსნიცკაია უკრაინიდანაა. ომმა  საქართველოში ჩამოიყვანა. ქალთა ფონდ „სოხუმში“ გაიგო პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსების შესახებ და დაინტერესდა. ახლა ის სხვა მოსწავლეებთან ერთად სწავლობს ამ საინტერესო საქმეს. მარია კმაყოფილია სწავლების მეთოდებით. მასწავლებელ მაკა ჯიშკარიანის თქმით, ის ნიჭიერი, მონდომებული მოსწავლეა და შეუძლია ეს საქმე დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქციოს.

მარია აპირებს განაცხადის გაკეთებას  გრანტზე, რომლის კონკურსსაც Care Caucasus აცხადებს. ჩვენი 10 უკრაინელი ბენეფიციარი მიიღებს მონაწილეობას ტრენინგზე, რომლის შემდეგაც შეუძლიათ საგრანტო პროექტის დაწერა. წინა კონკურსში სამმა უკრაინელმა მიიღო გრანტი მცირე სამეწარმეო საქმიანობისთვის. გვჯერა, ახლანდელი შედეგებიც წარმატებული იქნება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პატარა უკრაინელი ბიჭუნა მეორე წელია, საქართველოშია დედასთან ერთად, მაგრამ ჯერაც ვერ შეეჩვია აქაურობას. ენატრება იქ დარჩენილი მამა, ახლობლები... სტრესი ქცევებშიც გამოიხატება. ამიტომ მოიყვანა ის დედიკომ ფსიქოლოგთან. ხატვა, შეხება კენჭებთან, ქვიშასთან - ამ მეთოდებით არკვევს ფსიქოლოგი მის ემოციურ მდგომარეობას.  ასე ტარდება პირველი სეანსები. თანდათან ბიჭუნას მეტი სითამამე უჩნდება, შიშები ქრება, სკოლაში ბავშვებთან ურთიერთობაც ეწყობა. რასაკვირველია, დედაც მადლიერია.

7 ოჯახის წარმომადგენელთან ჩაატარა შეხვედრები ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა. 15 ადამიანს გაესაუბრა - უკრაინიდან ლტოლვილს, ომგამოვლილს - და მათი განცდები გაიზიარა. მათთან მუშაობისას მთავარია ტრავმების დაძლევა, კრიზისთან გამკლავება... ზოგიერთი მათგანი პირველად იყო და ფსიქოლოგმა მათი საჭიროებები გაიგო, ზოგიერთთან კი გაგრძელდა ფსიქორეაბილიტაციის პროცესი. ასეთ მხარდაჭერას უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ციფრებით გამოხატული მხარდაჭერა ასეთია:

ჩვენს ბაზაში 357 ადამიანია.

ოქტომბერში დაემატა 22 ახალი ადამიანი.

4 ოჯახს გადავუხადეთ კომუნალური გადასახადები.

7 ოჯახს გადავუხადეთ საცხოვრებლის ქირა.

ერთ-ერთ ონკოპაციენტს გადაეცა თანხა წამლებისთვის 300 ლარის ოდენობით.

მეორე პაციენტს აუნაზღაურდა MRT თანხა - 326 ლარი.

ფსიქოლოგის კონსულტაცია გაიარა 15-მა ადამიანმა.

საკვები პროდუქტების ვაუჩერი გადაეცა 36 ოჯახს.

ამ ყველაფერს უკრაინიდან ლტოლვილებისთვის აკეთებს ქალთა ფონდი „სოხუმი“. და ყოველი მათგანი მადლობელია ამ მხარდაჭერისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩვენს პროექტში ერთ-ერთ დახმარებად სმარტფონის გადაცემა ითვლება, რადგან მისი  არქონა ხშირად ბევრ პრობლემას ქმნის.

სმარტფონის გადაცემით ხდება ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა (ტელეფონის საშუალებით მათ შეუძლიათ გაიგონ ვაკანსიების თუ დღიური სამუშაოების შესახებ), ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დახმარება SOS ღილაკით, კომუნიკაცია სხვადასხვა  საჭიროების მიხედვით.

მოკლედ, სმარტფონის აუცილებლობაზე დღეს არავინ დაობს. ამიტომაც გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით ჩვენი ორგანიზაცია გასცემს სმარტფონებს. ბოლო სამ თვეში 6 ქალს გადაეცა ტელეფონი: წყალტუბოში, ჩოხატაურში, ქობულეთში, სამტრედიასა და თერჯოლაში (აქ ორმა ქალმა მიიღო).

ამას გარდა, ამ ექვსი ადამიანიდან სამი ქალი ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში და გაიარა კომპლექსური მხარდაჭერის კურსი.

 

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები