სენაკში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციასა და რეაგირებაზე ვორკშოპი გაიმართა
სენაკში გაიმართა ვორკშოპი თემაზე - „ადგილობრივ თემებში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და რეაგირება“.
შეხვედრას დაესწრო სხვადასხვა პროფესიისა და სოციალური სტატუსის მქონე 10 ქალი: საბავშვო ბაღისა და სკოლის პედაგოგები, სოციალურად დაუცველი და ძალადობაგამოვლილი ქალები. ვორკშოპზე მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ონლაინტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილ ძალადობას.
დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები კიდევ უფრო გაართულა და უსაფრთხოების განცდა შეასუსტა. მონაწილეებმა იმსჯელეს იმაზეც, როგორ უნდა მოხდეს ძალადობის ამოცნობა, როგორ დამყარდეს სწორი კომუნიკაცია რისკის ქვეშ მყოფ ქალებთან და რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობა ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების პროცესში.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ოჯახში ძალადობასთან გამკლავება ქალისთვის მარტო ხშირად ძალიან რთულია და საჭიროა როგორც ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, ისე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების კოორდინირებული მუშაობა. მათი შეფასებით, თემის მხარდაჭერა და დროული რეაგირება ძალადობის პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
