სკოლის მოსწავლეებში კიბერთავდასხმებისა და ონლაინ ძალადობის გენდერული განზომილება
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი კვლევა სკოლის მოსწავლეებში კიბერთავდასხმებისა და ონლაინ ძალადობის გამოცდილებას, მის გენდერულ განზომილებას და გავლენას ეხება. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 192 მოსწავლემ დასავლეთ საქართველოს ათი მუნიციპალიტეტიდან, რომელთაგან 25%-ს პირადად გამოუცდია ონლაინ ძალადობა. TikTok და Facebook გოგონებისთვის ყველაზე გავრცელებული პლატფორმებია, ხოლო ბიჭები მსგავს შემთხვევებს ონლაინ თამაშებში აწყდებიან. ყველაზე გავრცელებული ძალადობის ფორმებია - შეურაცხმყოფელი ჭორები, გარეგნობასთან დაკავშირებული დამცინავი კომენტარები და სექსუალური შევიწროება, რომელიც გოგონებში განსაკუთრებით ხშირია. ონლაინ ძალადობა სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს მოსწავლეებზე, იწვევს შფოთვას, დეპრესიას და თვითშეფასების დაქვეითებას. მიუხედავად ამისა, კვლევამ ცხადყო, რომ გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 30% საერთოდ არ ეძებს დახმარებას, რაც შეიძლება სტიგმასა და მხარდაჭერის ნაკლებობას უკავშირდებოდეს.
კვლევა ხაზგასმით მიუთითებს, რომ ონლაინ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება მოითხოვს სისტემურ მიდგომას, მათ შორის, განათლების გაძლიერებას, მშობლებისა და პედაგოგების ჩართულობის გაზრდას და სამართლებრივი რეგულაციების გაუმჯობესებას, რათა ონლაინ გარემო მოსწავლეებისთვის უფრო უსაფრთხო გახდეს.