უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად

ქალთა ფონდი „სოხუმმა“ აქტიური მუშაობა დაიწყო უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად.

ჩვენს ბაზაში 61 ადამიანია, 23-მა მათგანმა უკვე დატოვა საქართველო. დარჩენილთაგან 4 ადამიანი ნათესავებთან ცხოვრობს, დანარჩენები ქირაობენ, ან არიან ნაცნობებთან, რომელთაც უსასყიდლოდ დაუთმეს საცხოვრებელი. ფეისბუქზე შექმნილია ჯგუფი, სადაც იკრიბება ყველა აქტუალური ინფორმაცია.

ქალთა ფონდ „სოხუმს“ კავშირი აქვს თბილისის ორგანიზაციასთან «Допомога Украине», მათ იციან იმ დახმარების შესახებ, რომლის გაწევაც ჩვენ შეგვიძლია. ისინიც გვიზიარებენ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს ჩვენთვის. ჩვენ ასევე ვუკავშირდებით ჰუმანიტარულ ორგანიზაციას „მოწყალება“, რომელიც ჰუმანიტარულ ტვირთს ანაწილებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

უკრაინელი ლტოლვილების საჭიროებების შეფასების მიზნით გრძელდება ონლაინ ანკეტირება ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე. ყველას საჭიროება ერთმანეთს ჰგავს: საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები, ტანსაცმელი.

დღეისათვის ჩვენ დავეხმარეთ 8 ოჯახს. დავაკმაყოფილეთ სპეციფიკური საჭიროებებიც: სამი წლის გოგონას გადავეცით ეტლი, ზოგიერთისთვის შევიძინეთ მედიკამენტები, ერთ ქალბატონს ვუყიდეთ სათვალე, მოსწავლეებს მივუტანეთ რვეულები და საწერკალმები, ბავშვებს - პამპერსები და სათამაშოები.

ერთმა ოჯახმა მიიღო საჭირო იურიდიული კონსულტაცია. სურვილის მიხედვით, ლტოლვილებთან მუშაობს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი.

ვეხმარებით ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაშიც: ბავშვს, რომელმაც ხელი იღრძო, დროული უფასო დახმარება გაეწია. ორსულს შევარჩევინეთ კლინიკა და ექიმი. ვიპოვეთ საცხოვრებელი ონკოდაავადებულისთვის... შაევაგროვეთ ცნობები, სადაც შესაძლებელია უფასო სამედიცინო დახმარების მიღება.

ვზრუნავთ ლტოლვილთა დასაქმებაზეც (ვიპოვეთ 4 სამუშაო ადგილი - პურსაცხობში, სილამაზის სალონში, სადაზღვევო კომპანიაში და სამკერვალო კომპანიაში).

ჩვენს ორგანიზაციას მუდმივი კავშირი აქვს უკრაინელებთან, რომლებიც დროებით ცხოვრობენ ქუთაისში და ჩვენი დახმარება სჭირდებათ.

 

გამოქვეყნებულია შეხვედრები

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image