ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების წარმომადგენლების მონაწილეობით ფონდმა „სოხუმმა“ სამტრედიის მუნიციპალიტეტში მრგვალი მაგიდა ჩაატარა.

შეხვედრაზე იმსჯელეს ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაზე,  ძალადობის კუთხით არსებულ სიტუაციასა და სოციალურ თანამშრომლობაზე.  აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობის პრობლემაზე და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.

შეხვედრის მონაწილეთა აზრით, ერთობლივი აქტივობებით შესაძლებელი გახდება პრობლემების იდენტიფიცირება, გაიზრდება მათი მოგვარების და პრევენციის ხარისხი.

ყველაზე დიდ გამოწვევად დასახელდა საზოგადოების დამოკიდებულება ძალადობის მიმართ. გამოიკვეთა საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობის  საჭიროება და მუნიციპალური გენდერული საბჭოს გააქტიურება ამ მხრივ.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს სენაკის, სამტრედიის, წალენჯიხის, ჩოხატაურის, ტყიბულის მუნიციპალიტეტში.

სხვადასხვა თემში გამართული შეხვედრების მონაწილე ქალები ისმენენ ინფორმაციებს, რა სახის სერვისები არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად, რეაგირების კუთხით რა სამართლებრივი მექანიზმები მუშაობს  და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ძალადობის შემთხვევებზე.  შეხვედრებზე ხშირად ისეთი ისტორიის ჩანიშვნაც ხდება, რომელიც ითხოვს რეაგირებას, ჩაძიებას. კონკრეტული ქეისებიდან გამომდინარე, რეაგირების პროცესში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტიც ერთვებიან.

ფონდ „სოხუმს“ 10 ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქვს თერჯოლის, ვანის, ტყიბულის, ბაღდათის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ქობულეთის, ზუგდიდის, სენაკის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. მობილიზატორთა განახლებული შემადგენლობისთვის ორდღიანი ვორკშოპი გაიმართა. ყველა განხილული თემა ერთნაირად საჭირო და აქტუალური იყო: სამიზნე ჯგუფების შერჩევა, აუდიტორიასთან მუშაობა, პრობლემების იდენტიფიცირება, მსხვერპლის ანკეტის შევსება და შესაბამისი რეაგირება, ადვოკატირების კამპანიის ჩატარება, მსხვერპლთა მხარდაჭერის სამართლებრივი მექანიზმები, თვითმმართველობებთან მუშაობა, მუნიციპალური პროგრამები და სახელმწიფო სერვისები ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების კუთხით, ინფორმირება, თვითპრეზენტაცია, ფასილიტაცია და მოდერაცია.

„მობილიზატორის მუშაობა რთული მომეჩვენა, მაგრამ ახლა ყველაფერი დალაგდა, უკვე ვიცი, როგორ ვიარო ნაბიჯ-ნაბიჯ. ვორკშოპმა დამანახა პროცესის თანმიმდევრობა,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მობილიზატორმა ვორკშოპის ბოლოს.

„ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ - ფონდმა „სოხუმმა“ ამ პროექტის ახალი ეტაპი დაიწყო. დაიწყო ცვლილებებით, ახალი შტრიხებით.

პროექტის არეალია დასავლეთ საქართველოს ოთხი რეგიონი: იმერეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა. მუშაობა წარიმართება 10 მუნიციპალიტეტში: ვანი, ბაღდათი, სამტრედია, ტყიბული, თერჯოლა, სენაკი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ჩოხატაური, ქობულეთი.

ერთ-ერთი სიახლე ის არის, რომ პროექტის ფარგლებში პირველად იქმნება ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ვანში, ბაღდათში, სამტრედიაში, ტყიბულსა და ჩოხატაურში.

ფონდ „სოხუმს“ ჰყავს წარმომადგენლები, რომლებიც ადგილებზე იმუშავებენ ქალთა გაძლიერებისა და მათი უფლებების დაცვისთვის, შეეცდებიან პრობლემების ადვოკატირებას გენდერზე ორიენტირებული სისტემით. პროექტი მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის პრევენციას ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით და კოორდინაციით.  

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image