ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის ადამიანთა უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ორგანიზებით 11 მარტს ონლაინ გაიმართა ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც EUMM-ის, ასევე საქართველოში აკრედიტებული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ - შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რაც ხელს უშლის ქალებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქმედით და ეფექტიან მონაწილეობას. მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებულ და დევნილ ქალებს საკუთარი პრობლემების ადვოკატირების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვაში. მან ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის გამყოფ ზოლში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების გაძლიერების, მათი ინფორმირებულობის გაზრდის და ადგილებზე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებლობაზე. ასევე გაუსვა ხაზი საერთაშორიsო ორგანიზაციების, თემების ლიდერების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის და თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებაზე, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირების ეფექტიანობას.