შეხვედრაზე - გალის რაიონში ხანძრით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების შესახებ

ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ოფისის ხელმძღვანელი  ეკატერინე გამახარია ჩართული იყო ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც მიეძღვნა გალის რაიონში ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა მდგომარეობას და მათ გადაუდებელ საჭიროებებს. ეკატერინე გამახარიამ გააცნო შეხვედრის მონაწილეებს ფონდი „სოხუმის“ სწრაფი მოკვლევის შედეგად გამოკვეთილი ის ძირითადი გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც დღეს მწვავედ დგას ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დე იურე ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე თავად ხანძრის შედეგად დაზარალებული ადამიანები.

დისკუსიისას განიხილულ იქნა პრობლემაზე რეაგირების ერთობლივი ძალისხმევის სტრატეგიები და მოქმედებები.

ფონდი „სოხუმი“ აქტიურად ადვოკატირებს გალის რაიონში ხანძრის შედეგად დაზარალებულთა საჭიროებებს. საკითხის აქტუალიზაციის მიზნით მომზადდა სწრაფი მოკვლევის ანგარიში „გალის რაიონში ხანძრით დაზარალებული მოსახლეობის მოლოდინები თუ ჩაფერფლილი იმედები: საჭიროებები და რეაგირების  სტრატეგიები“, რომელშიც ასახულია 2021 წლის 4 იანვარს გალის რაიონში გაჩაღებული ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრიორიტეტული და გადაუდებელი  საჭიროებები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები