18 ივნისს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ქალაქის მერიის და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები. მათ ისაუბრეს ქალაქის ბიუჯეტის პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ, უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.
როგორც ბენეფიციარებმა აღნიშნეს, მათ ძალიან საჭირო და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.
17 თებერვალს თბილისში გაიმართა ფონდი „სოხუმის“ კვლევის „ქალთა ხმების გაძლიერება კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში“ პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის, მასმედიის, სახელისუფლებო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ფორუმზე შეკრებილებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კვლევის შედეგად დაბეჭდილი ბროშურის „ქალთა მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში: პრობლემები, წარმატებები, პერსპექტივები“ შესახებ და ნახეს ამავე თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი.
შეხვედრაზე მოხდა იმ საკითხების წამოწევა, რომლებიც აწუხებთ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთ და რომელთა გარშემო კონსტრუქციულ მოლაპარაკებებსა და შეთანხმებებში ძალიან მნიშვნელოვანია ქალების მონაწილეობა, საკითხების მოგვარებაში მათი ხედვის გათვალისწინება.
გაიმართა დისკუსია კონფლიქტების სამშვიდობო მოგვარების პროცესში მეტი ქალის ჩართვის საკითხებზე. დაფიქსირდა უფრო მოქნილი ფორმატის არსებობის აუცილებლობაც, რომელში ჩართვის საშუალებაც ექნებათ საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს - მათ, ვისაც პრაქტიკული შეხება აქვს პრობლემასთან.

















ფონდი „სოხუმი“ აქტიური მონაწილეა პროექტისა „დავძლიოთ ომის შედეგები ერთად“. პროექტის ფარგლებში ყველა მონაწილე ქვეყნის ენაზე დაიბეჭდა ფლაერები. ფონდმა „სოხუმმა“ქართულ ენაზე თარგმნა ფლაერი, რომელშიც წარმოდგენილია მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ, პროექტის მიზნები, მონაწილეები და პარტნიორები.
ქართულ ენაზე ფლაერის გამოცემა ხელს უწყობს როგორც მონაწილეთა, ასევე დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას იმის თაობაზე, თუ როგორ ეხმარებიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია DRA - ქართულ-რუსული გაცვლა - მხარდაჭერით (გერმანია)




7 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ახალი კვლევის „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისათვის“ პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ქვეყანაში აკრედიტებული საელჩოების, სახელმწიფო სტრუქტურების, ომბუდსმენის აპარატის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
მკვლევარმა ეკატერინე გამახარიამ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა კვლევის შედეგად გაკეთებული ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები. ამის შემდგომ გაიმართა საინტერესო დისკუსიები, რაც იყო ნაშრომის საზოგადოების ფართო წრეებისთვის გაცნობის შედეგად მიღებული უკუკავშირის გაგრძელება. შედგა კიდევ ერთი დიალოგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციისთვის.
რესტორან „ამირანში“ გაიმართა შეფასებითი ვორქშოფი, რომელზეც ფონდი „სოხუმის“ საქმიანობა შეაფასეს პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლებმა, ფონდის აქტივისტებმა, ბენეფიციარებმა.
მუშაობის ფოკუსი იყო ორგანიზაციის საქმიანობის აქტუალურობა; პარტნიორების მიერ დანახული ცვლილებები და მიღწევები; ხედვა ორგანიზაციის პოტენციალზე და ინსტიტუციური ზრდის დინამიკის შენარჩუნების სურვილი; გამოწვევები, რომელთა საპასუხოდ ისურვებდნენ ფონდი „სოხუმის“ ძალისხმევის მიმართვას.
ფონდის ხელმძღვანელებმა თანამშრომლობისთვის გულწრფელი მადლობა გადაუხადეს პარტნიორებს, ბენეფიციარებს. ითქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარ საქმიანობას შეხედო „გვერდიდან“ და მოისმინო საქმიანი რჩევები სამომავლო სტრატეგიაში გასათვალისწინებლად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)