პატარა დაჩის „მომზადებული“ დოკუმენტები ბაღდათში

დაჩი გონიერი და საქმიანი კაცია. წელს, აპრილის დასაწყისში დაიბადა. დედასთან ერთად ხშირად „მუშაობს“. დაბადებამდეც ეხმარებოდა. ასე რომ - ბაღდათელები დაჩი ფურცელაძეს უნდა უმადლოდნენ სერიოზული დოკუმენტების  მომზადებას.

ვისაც ხუმრობა გგონიათ, ვერ დაგეთანხმებით. იმიტომ რომ დაჩი მართლა მუშაობს დედასთან ერთად. დაჩის დედიკო ახალგაზრდა, ლამაზი და ჭკვიანი ქალია. სკოლა დიმში დაასრულა, მერე კი წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და სამაგისტრო პროგრამა.

ბაღდათში ჩვენი პროექტის განხორციელება რომ დაიწყო, სამუშაო ჯგუფში საკრებულოს წევრები მოიწვიეს. ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს გურამ კიკნაველიძე - საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მეორე წევრი გვანცა გრძელიძეა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მოკლედ, ორივე საჭირო ადამიანია - ჯგუფს საკუთარი ლობისტები ჰყავს ფინანსურ და სამართლებრივ საკითხებში. ამიტომაც ბაღდათის სამუშაო ჯგუფი აქტიურობით გამოირჩევა და საჯარო მმართველობის რეფორმასაც წარმატებით ახორციელებს.

გვანცა გრძელიძე ორსულად იყო, პირველი დოკუმენტის მომზადება რომ დაიწყო. დედიკოსთან ერთად პატარა დაჩიმაც გაიხარა, როცა 28 აპრილს საკრებულომ  ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ეთიკისა და ქცევის წესების კოდექსი დაამტკიცა https://www.baghdati.gov.ge/baghdathis-munitsipalitetis-sajaro-mosamsakhuretha-ethikis-kodeqsi/

საკრებულოს სხდომაზე გატანამდე დოკუმენტმა გაიარა ყველა პროცედურა, განთავსებული იყო მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, სადაც ყველას ჰქონდა მისი გაცნობის საშუალება. კოდექსი, ერთი მხრივ, მოიცავს საჯარო მოხელეთა ქცევისა და ეთიკის ერთიანი სტანდარტის განსაზღვრას, ხოლო, მეორე მხრივ,  ემსახურება ადგილობრივი ხელისუფლებისა და საჯარო სამსახურის მიმართ ნდობის გაზრდას.

ახლა დაჩი დედიკოსთან ერთად ანტიკორუფციულ დებულებაზე მუშაობს. ბაღდათის მუნიციპალიტეტი პირველი იქნება პროექტის პარტნიორ მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც ამ დოკუმენტს მიიღებენ და მერე სხვებს გაუზიარებენ ამ პრაქტიკას.

- ჩვენი საქმე ნიჰილიზის დაძლევას ემსახურება,  რომ არაფერი შეიცვლება, რომ არაფერს აზრი არა აქვს. ეთიკის კოდექსი, ანტიკორუფციული დებულება პირველი ნაბიჯებია ამ გზაზე. ამას სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება, ადგილობრივი თვითმმართველობა განვითარდება, დაიხვეწება და ამას მუნიციპალიტეტის ყველა მცხოვრები დაინახავს, - ამბობს გვანცა გრძელიძე, პატარა დაჩის ლამაზი დედიკო...

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები