მუშაობა ძალადობის წინააღმდეგ

ფონდი „სოხუმი“ 2001 წლიდან აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, ოჯახში ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების და ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების განვითარების ხელშეწყობის გზით. ფონდი „სოხუმის“ ბაზაზე ფუნქციონირებს „ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის დღის ცენტრი“, სადაც ძალადობის მსხვერპლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაცია, გაიარონ პროფესიული კურსები დასაქმებაში ხელშეწყობის პერსპექტივით.

ორგანიზაცია სისტემატური მონიტორინგის გზით სწავლობს და აანალიზებს ოჯახში ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობას, აფასებს რეფერირების სისტემის აქტორების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხს და მათი კოორდინაციის დონეს. ფონდი „სოხუმი“ ასევე აფასებს მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების შესაბამისობას ბენეფიციართა საჭიროებებთან და პრიორიტეტებთნ. ყველა მიგნება, დასკვნა და რეკომენდაცია ასახულია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში, რომლებიც ვრცელდება შესაბამის უწყებებთან, თანამდებობის პირებთან და დაინტერესებულ პირებთან ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე.

ფონდის მიერ ჩამოყალიბებული „ქალთა მხარდაჭერის ცენტრები“ სისტემატურად აგროვებენ ინფორმაციას ადგილობრივი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, ხდება მოქალაქეთა ინფორმირება, მობილიზება და მათი ჩართვა პრობლემათა ადვოკატირების პროცესში.

ორგანიზაციას ჰყავს ტრენერების კვალიფიციური გუნდი და აქვს სხვადასხვა სატრენინგო მოდული, რაც ორგანიზაციის გამოცდილების მულტიპლიცირების  და აუთსორსინგის მეთოდის გამოყენებით, ორგანიზაციის ექსპერტიზის და სერვისების გაცემის საშუალებას იძლევა.

ფონდი აქტიურად მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის და შესაძლებლობების განვითარებაზე, შესაბამისი ტრენინგების მიწოდების, მეთოდოლოგიურ მხარდაჭერის გაწევის, საჭიროებათა კვლევის განხორციელების და გენდერული პროგრამების და ბიუჯეტის დანერგვის ხელშეწყობის გზით.

2018 წელს ქუთაისში, ფონდის ოფისში გაიხსნა დღის სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ძალადობის მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს შეუძლია ისარგებლოს ფსიქოლოგის და იურისტის უფასო კონსულტაციით; გაიაროს ბუღალტერიის, ჭრა-კერვის, კომპიუტერის შემსწავლელი და პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსები. კურსის დასრულების შემდეგ ბენეფიციარებს აქვთ ბიზნესპროექტის დაწერის და კონკურსის შედეგად - მცირე გრანტის მიღების შესაძლებლობა.

„ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ - ფონდმა „სოხუმმა“ 2021 წლის აპრილში ამ პროექტის ახალი ეტაპი დაიწყო. პროექტის არეალია დასავლეთ საქართველოს ოთხი რეგიონი: იმერეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა. მუშაობა მიმდინარეობს 10 მუნიციპალიტეტში: ვანი, ბაღდათი, სამტრედია, ტყიბული, თერჯოლა, სენაკი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ჩოხატაური, ქობულეთი.

ერთ-ერთი სიახლე ის არის, რომ პროექტის ფარგლებში პირველად შეიქმნა ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ვანში, ბაღდათში, სამტრედიაში, ტყიბულსა და ჩოხატაურში.

2022 წელს ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ქუთაისში გახსნა  სარეაბილიტაციო/კრიზისული ცენტრი. გადმომისამართება ხდება ქალთა მხარდაჭერის ცენტრებიდან. აქ შეუძლია მოხვდეს ქალი, რომელიც რთულ პირობებში იმყოფება, მაგრამ არ აქვს ძალადობის მსხვერპლის სტატუსი და ამის გამო ვერ მიიღებენ თავშესაფარში. სანამ სათანადო პროცედურებს გაივლის, ქალს ბავშვებთან ერთად შეუძლია 10-15 დღე იცხოვროს მშვიდ და კომფორტულ გარემოში.

ცენტრში არის: ოთხი საძინებელი, სამზარეულო, სასადილო ოთახი, საბავშვო მოედნები, კულტურული დასვენების კუთხეები. აქ მყოფები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით.

ბავშვებთან გასართობ და შემეცნებით აქტივობებს ატარებს პედაგოგი. ქალებთან კი კომპლექსურად მუშაობენ ფსიქოლოგი, იურისტი და სოციალური მუშაკი; ეხმარებიან ფსიქორეაბილიტაციაში, სათანადო საბუთების მომზადებაში, თავიანთ მომავალში გარკვევაში.

 

ამ მიმართულებით ფონდ „სოხუმს“ გრძელვადიანი პარტნიორობა აქვს საერთაშორისო ორგანიზაციასთან Brot für die Welt.

სხვადასხვა დროს საქმიანობის მხარდამჭერები იყვნენ: ქალთა გლობალური ფონდი, HumanDoc foundation, Filia, Mama Cash, NesehnutI, ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოში (IWAG), საფრანგეთის საელჩო საქართველოში, დიდი ბრიტანეთის საელჩო, კანადის საელჩო თურქეთში.

გამოქვეყნებულია ძალადობის წინააღმდეგ

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image
Image
Image