ფონდი „სოხუმის“ წარმატებული პრაქტიკის შესახებ - შეხვედრა ჩოხატაურში
ჩოხატაურში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი რეფერირების სუბიექტებთან (მერიის სამსახურები: ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილება, უწყებათაშორისი კომისია, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე ბაღის და სკოლის პედაგოგები, ოჯახის ექიმები). შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ გზამკვლევს „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“, რომელშიც ასახულია WAVE-ს ქსელის 6 პარტნიორი ორგანიზაციის გამოცდილება.
ყურადღება გამახვილდა ფონდი „სოხუმის“ გამოცდილებაზე, რომელიც ეხება გაჭიანურებული კონფლიქტის, „არც ომის და არც მშვიდობის“ პირობებში, ძალადობრივი ქცევის გარემოს, როდესაც იზრდება ოჯახური კონფლიქტები და ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა.
ფონდ „სოხუმს“ გააჩნია წარმატებული პრაქტიკა, რომლის აღიარება მოხდა საერთაშორისო დონეზე: საზოგადოების ინფორმირება ძალადობის საკითხებზე და გენდერულად მგრძნობიარე ადრეული გაფრთხილების სისტემის (GREWS) დანერგვა, შემთხვევების იდენტიფიცირება და სერვისების მოწოდება, ქალებისა და გოგონების გაძლიერება და ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების კოორდინირებული ქმედების ხელშეწყობა, არსებული მხარდაჭერა/დახმარების სერვისების შესახებ ძალადობის ციფრული რესურცენტრის პლატფორმის ამოქმედება, გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება მუნიციპალურ დონეზე.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ გაჭიანურებულმა კონფლიქტმა თავისი კვალი დაატყო საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს. მათი აზრით, სამთავრობო ორგანოები, საჯარო დაწესებულებები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არიან ომის დროს და ომის შემდეგ ქალებისა და გოგონების დაცვაზე პასუხისმგებელი ძირითადი აქტორები.
მოხდა აზრთა გაცვლა ყველაზე მწვავე გამოწვევებზე ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენციის და ეფექტიანი რეაგირების კუთხით.
გზამკვლევზე დეტალური ინფორმაციისთვის მონაწილეებს მიეწოდა ბმული https://wave-network.org/wp.../uploads/Toolkit-Georgian.pdf
პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით