ეროვნული კონფერენცია
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით გამართა ეროვნული კონფერენცია - „გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“. მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციას ესწრებოდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ეკატერინე გამახარია, რომელმაც სადისკუსიო ნაწილში ყურადღება გაამახვილა სოფლებში მერის წარმომადგენლების და ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილებების როლის გაზრდის აუცილებლობასა და აღნიშნული რგოლის გაძლიერებაზე ქალთა უკეთ ინფორმირების, მათ საჭიროებებებზე მორგებული ადგილობრივი პოლიტიკის დანერგვის და ადგილობრივ დონეზე ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და დაცვის ეფექტიანი მექანიზმების ამოქმედების საქმეში.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის დასასრულს, ათეას ადვოკატირებით, ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიას, რომელსაც დღემდე 26 თვითმმართველი ერთეული შეუერთდა, კიდევ 5-მა ქართულმა მუნიციპალიტეტმა მოაწერა ხელი. ამჯერად დოკუმენტს მიუერთდნენ ზუგდიდის, ზესტაფონის, ჩოხატაურის, სამტრედიისა და ბაღდათის თვითმმართველი ერთეულები, რითაც დაადასტურეს გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვის მზაობა და მხარდაჭერა საკუთარ მუნიციპალიტეტებში.