„ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ - ფონდმა „სოხუმმა“ 2021 წლის აპრილში ამ პროექტის ახალი ეტაპი დაიწყო. პროექტის არეალია დასავლეთ საქართველოს ოთხი რეგიონი: იმერეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა. მუშაობა მიმდინარეობს 10 მუნიციპალიტეტში: ვანი, ბაღდათი, სამტრედია, ტყიბული, თერჯოლა, სენაკი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ჩოხატაური, ქობულეთი.
ერთ-ერთი სიახლე ის არის, რომ პროექტის ფარგლებში პირველად შეიქმნა ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ვანში, ბაღდათში, სამტრედიაში, ტყიბულსა და ჩოხატაურში.
ახლა ქალთა მხარდაჭერის ცენტრები მოქმედებენ წყალტუბოში, ხონში, ვანში, თერჯოლაში, სამტრედიაში, სენაკში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, ხობში და ჩოხატაურში.
2022 წელს ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ქუთაისში გახსნა სარეაბილიტაციო/კრიზისული ცენტრი. გადმომისამართება ხდება ქალთა მხარდაჭერის ცენტრებიდან. აქ შეუძლია მოხვდეს ქალი, რომელიც რთულ პირობებში იმყოფება, მაგრამ არ აქვს ძალადობის მსხვერპლის სტატუსი და ამის გამო ვერ მიიღებენ თავშესაფარში. სანამ სათანადო პროცედურებს გაივლის, ქალს ბავშვებთან ერთად შეუძლია 10-15 დღე იცხოვროს მშვიდ და კომფორტულ გარემოში.
ცენტრში არის: ოთხი საძინებელი, სამზარეულო, სასადილო ოთახი, საბავშვო მოედნები, კულტურული დასვენების კუთხეები. აქ მყოფები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით.
ბავშვებთან გასართობ და შემეცნებით აქტივობებს ატარებს პედაგოგი. ქალებთან კი კომპლექსურად მუშაობენ ფსიქოლოგი, იურისტი და სოციალური მუშაკი; ეხმარებიან ფსიქორეაბილიტაციაში, სათანადო საბუთების მომზადებაში, თავიანთ მომავალში გარკვევაში.
2022 წელს შეიქმნა ფონდი „სოხუმის“ ახალი ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრი“.
ამ პლატფორმაზე თავმოყრილია შემდეგი ინფორმაცია: სერვისები ძალადობის მსხვერპლთათვის, კანონმდებლობა, ეროვნული რეფერალური მექანიზმი, პუბლიკაციები (ანგარიშები და კვლევები), მობილური აპლიკაციები და ცხელი ხაზის ნომრები, პასუხები სხვადასხვა კითხვაზე, სიახლეები.
ვებგვერდის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად არსებული ყველა სახის სერვისის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
ვებგვერდი შეიქმნა კანადის გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით.
2023 წელს ვებგვერდის პანელზე შეიქმნა ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორების რუკა. აქ მოცემულია ოფიციალური სტატისტიკა ცალკეული რეგიონის მიხედვით და ქალთა ფონდი „სოხუმის" სტატისტიკა https://sosfsokhumi.ge/map