ქალთა ფონდმა „სოხუმმა“, დანერთან პარტნიორობით, მოამზადა პრაქტიკული გზამკვლევი - „ტრავმა-ინფორმირებული მიდგომები ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის პროცესში“.
გზამკვლევი განკუთვნილია იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ძალადობაგამოვლილ ქალებთან და ჩართულნი არიან მათი მხარდაჭერის, დაცვისა და გაძლიერების პროცესში, მათ შორის სოციალური მუშაკებისთვის, შემთხვევის მენეჯერებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, იურისტებისთვის, თავშესაფრებისა და დღის ცენტრების თანამშრომლებისთვის, პარასპეციალისტებისა და თემზე დაფუძნებული სერვისების წარმომადგენლებისთვის.
დოკუმენტი ეხმარება სპეციალისტებს, უკეთ გაიაზრონ ოჯახში ძალადობის დინამიკა, ძალაუფლებისა და კონტროლის მექანიზმები, ტრავმის გავლენა ქალის ემოციურ რეაქციებზე, ქცევასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. გზამკვლევში თავმოყრილია როგორც თეორიული საფუძვლები, ისე პრაქტიკული რეკომენდაციები - როგორ წარიმართოს მხარდაჭერა ისე, რომ დაცული იყოს ქალის უსაფრთხოება, ღირსება, ნდობა და არჩევანის ავტონომია.
გზამკვლევი მოიცავს თემებს ოჯახში ძალადობის ფორმების, იძულებითი კონტროლის, ძალადობის ციკლისა და სპირალის, ქალებსა და ბავშვებზე ძალადობის გავლენის, ტრავმაზე რეაქციების, ტრავმა-ინფორმირებული კომუნიკაციისა და სპეციალისტების თვითზრუნვის შესახებ.
პუბლიკაცია მომზადებულია პროექტის „ძალადობის მსხვერპლ ქალთა გაძლიერება და თემზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში და ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, დანერის გამოცდილებასა და ქალთა ფონდი „სოხუმის“ მრავალწლიან მუშაობას ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის მიმართულებით.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით