ქუთაისში, საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგი გაიმართა თემაზე: „სამედიცინო პერსონალის როლი ოჯახში ძალადობაგამოვლილ ქალებთან ტრავმა-ინფორმირებული კომუნიკაციისა და მხარდაჭერის პროცესში“.
ტრენინგში მონაწილეობდა 20 სამედიცინო პერსონალი - ექიმები და მედდები ქუთაისიდან, წყალტუბოდან, ხონიდან, სენაკიდან და ზუგდიდიდან.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სამედიცინო პერსონალის ცნობიერების ამაღლება ტრავმა-ინფორმირებული მიდგომების, სენსიტიური კომუნიკაციისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმების შესახებ. მონაწილეებმა იმსჯელეს სტერეოტიპული მიდგომების გავლენაზე, ტრავმის შემდეგ ქალის ემოციურ მდგომარეობაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება გახდეს სამედიცინო პერსონალთან პირველი კონტაქტი ქალისთვის მხარდაჭერისა და უსაფრთხოების განცდის დასაწყისი.
ტრენინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რეფერირების მექანიზმს. ემა კამკიას ბლოკის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს რეფერირების პროცესში ჩართული სუბიექტების როლი, სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობები, დოკუმენტირების საკითხები, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა და რისკების შეფასების მექანიზმები.
ტრავმა-ინფორმირებული კომუნიკაციის ბლოკს ფასილიტაციას უწევდა ხათუნა გოგუა. მონაწილეებმა იმუშავეს იმაზე, როგორ უნდა წარიმართოს კომუნიკაცია ძალადობაგამოვლილ ქალთან ისე, რომ არ გაღრმავდეს მისი შიში, სირცხვილი ან დაუცველობის განცდა.
დისკუსიისას მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ რეფერირების დოკუმენტაცია უნდა იყოს უფრო კომპაქტური და პრაქტიკული, რათა მისი გამოყენება რეალურ სამუშაო გარემოში უფრო ეფექტურად იყოს შესაძლებელი და დამატებითი დისკომფორტი არ შეუქმნას არც მსხვერპლს და არც სამედიცინო პერსონალს.
„ჩვენ, ექიმები, არასოდეს ვყოფილვართ მსგავსი თემატიკის ტრენინგებზე. მივიღეთ ინფორმაცია, რომელიც არამხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ აუცილებელია ჩვენს საქმიანობაში“, — აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.
„მივდივართ ემოციურად და ინფორმაციულად სავსეები. დავფიქრდით საკუთარ პასუხისმგებლობაზე. ჩვენს პრაქტიკაში ხშირად გვაქვს შეხება ძალადობაგამოვლილ ქალებთან და მათთან კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, — თქვა ტრენინგის მონაწილემ.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკული ცოდნის მნიშვნელობას. ტრენინგმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობის პროცესში სამედიცინო პერსონალის როლი მხოლოდ დიაგნოზითა და მკურნალობით არ შემოიფარგლება — ის უკავშირდება ქალის უსაფრთხოებას, ნდობას და მხარდაჭერას.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით