ამ გვერდის ამობედვა

ტრავმა-ინფორმირებული მიდგომები ქალთა მხარდაჭერის პროცესში

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ონლაინ ფორმატში გამართა გაერთიანებული საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „ტრავმა-ინფორმირებული მიდგომები ოჯახში ძალადობის კონტექსტში“.

შეხვედრამ 10 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გააერთიანა. მონაწილეებმა შეაჯამეს ვორკშოპების ფარგლებში მიღებული ცოდნა, ისაუბრეს პრაქტიკულ გამოცდილებაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ტრავმა-ინფორმირებული მიდგომების გამოყენება ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის პროცესში.

დისკუსიის დროს გამოიკვეთა, რომ ტრავმა-ინფორმირებული მიდგომა მხოლოდ თანაგრძნობა არ არის. ეს არის ქალის გამოცდილების, შიშის, დუმილის, გაურკვეველი რეაქციებისა და გადაწყვეტილებების უფრო ღრმად გაგების მცდელობა. მონაწილეთა შეფასებით, ასეთი ცოდნა ეხმარება სპეციალისტებსა და თემის წარმომადგენლებს, ძალადობაგამოვლილ ქალებთან ურთიერთობისას ნაკლები შეფასება და მეტი უსაფრთხოება შექმნან.

შეხვედრაზე მონაწილეებმა გააზიარეს, რომ მიღებული ცოდნის შემდეგ მათთვის უფრო ნათელი გახდა, რატომ შეიძლება ქალმა ვერ ისაუბროს პირველივე შეხვედრაზე, რატომ უჭირს დახმარების თხოვნა და რამდენად მნიშვნელოვანია ნდობაზე დაფუძნებული კომუნიკაცია.

განხილვისას ასევე გამოიკვეთა ადგილობრივ თემებში არსებული საჭიროებები - ტრავმა-ინფორმირებული მიდგომების უფრო ფართოდ დანერგვა, სერვისების გაძლიერება, სპეციალისტების გადამზადება და ქსელური თანამშრომლობის განვითარება.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სივრცეები მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარებისთვის, საერთო გამოწვევების დასანახად და ქალთა მხარდაჭერის უფრო ეფექტიანი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად.

 

პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით