ზუგდიდში ქალების ჯგუფთან გაიმართა ვორკშოპი თემაზე: „ადგილობრივ თემებში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და რეაგირება“.
ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის ფორმებსა და მის მიმდინარეობაზე, ძალადობის მსხვერპლთა მხარდამჭერ სერვისებსა და მექანიზმებზე, ასევე რისკის ქვეშ მყოფი ქალების ადრეული ნიშნების ამოცნობის, მხარდაჭერისა და რეაგირების გზებზე.
შეხვედრა დისკუსიურ ფორმატში წარიმართა. ქალებმა აქტიურად და გულწრფელად გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი პოზიციები და პირადი გამოცდილებები, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თემში არსებული პრობლემების სიმწვავე და სიჩუმის დამანგრეველი გავლენა.
ვორკშოპის მონაწილეთა თქმით, ოჯახში ძალადობა დღემდე ხშირად აღიქმება როგორც „შიდა ოჯახური საქმე“, რაც ხელს უშლის როგორც საზოგადოების, ისე თავად ქალების მხრიდან დროულ ჩარევასა და მხარდაჭერის მიღებას. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში ჩუმად დარჩენა ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და რომ ქალებს სჭირდებათ როგორც ინფორმაცია, ისე საზოგადოების რეალური მხარდაჭერა.
დისკუსიის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალური სტიგმის პრობლემას, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს ხშირად აიძულებს ძალადობის დამალვას. მონაწილეთა შეფასებით, მსგავსი ოჯახები ყველა თემში არსებობს, თუმცა საზოგადოების პასიურობა პრობლემის გაღრმავებას უწყობს ხელს.
ვორკშოპის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ყველა ქალს უნდა ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე არსებული მხარდამჭერი სერვისების შესახებ. ინფორმირება ზრდის მზაობას დახმარების მისაღებად და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოჯახში ძალადობის პრევენციასა და ეფექტიან მართვაში.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით