მშვიდობის მშენებლობა

ფონდი „სოხუმი“ დაარსებიდან დღემდე უწყვეტად არის ჩართული კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის, მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის პროცესში. აფხაზეთში მოქმედ პარტნიორ ორგანიზაციებთან გრძელვადიანმა თანამშრომლობამ და სხვადასხვა ქვეყნის სამშვიდობო გამოცდილების ერთობლივად შესწავლამ საფუძველი ჩაუყარა არაერთ  პარტნიორულ პროექტს, რომლებიც მიმართულია მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში ქალთა როლის გაზრდისა და ნდობის აღდგენისკენ. ერთობლივი პროექტების ფარგლებში ჩატარდა არაერთი კვლევა, გამოიცა და ფართოდ გავრცელდა მრავალი პოლიტიკის დოკუმენტი, ანალიტიკური ნაშრომი,  მეთოდური სახელმძღვანელოები მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე და კონფლიქტების ტრანსფორმაციის ინოვაციურ ხედვებზე.

ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრებისა და დისკუსიების გზით ფონდი „სოხუმი“ აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან (ქალები, იძულებით გადაადგილებული პირები, ახალგაზრდები) წარსულის გადაფასების, კონფლიქტით გამოწვეული მტრის ხატის და დაძაბულობის შემცირების და მშვიდობის კულტურის გავრცელების მიმართულებით.

ფონდი „სოხუმი“ ხელს უწყობს კონფლიქტების პრევენციის და ნაადრევი გაფრთხილების  გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების დანერგვას. გენდერული ინდიკატორების გამოყენებით, ორგანიზაცია სისტემატიურად სწავლობს იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგონების საჭიროებებს და მათი ადამიანური უსაფრთხოების ხარისხს, შეიმუშავებს არსებულ გამოწვევებზე დროული რეაგირების სტრატეგიებს და აქტიურად მონაწილეობს პრობლემების გადაწყვეტის ადვოკატირების პროცესში, როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო  დონეზე.  

ორგანიზაცია სხვადასხვა დროს მონაწილეობს  ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 და სხვა რეზოლუციების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში. ჩართული იყო და ხელს უწყობდა რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესს, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების მონაწილეობის გაზრდას, დიალოგის და თანამშრომლობის გაძლიერებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან.

ამ მიმართულებით ფონდ „სოხუმს“ გრძელვადიანი პარტნიორობა აქვს შვედეთის საერთაშორისო ორგანიზაციასთან Kvinna Till Kvinna და დაიწყო ორგანიზაციასთან USAID.

სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა შემდეგ ორგანიზაციებთან: „შერიგების რესურსები“, International Alert, შვეიცარიის საელჩო, კანადის საელჩო თურქეთში, პარტნიორობა DRA, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ვიშეგრადის ფონდი, Nesehnutí, EUMM.

2022 წლის თებერვლიდან, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ დაიწყო უკრაინიდან ლტოლვილების მხარდაჭერა - მათთვის გაიცემა ჰუმანიტარული ნაკრები, ტარდება ფსიქოლოგიური კონსულტაციებია, დახმარება ბინის დაქირავების თუ კომუნალური გადასახადების დაფარვის კუთხით.

Image Gallery

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები