ქალთა ფონდმა „სოხუმმა“, დანერთან პარტნიორობით, მოამზადა პრაქტიკული გზამკვლევი - „ტრავმა-ინფორმირებული მიდგომები ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის პროცესში“.
გზამკვლევი განკუთვნილია იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ძალადობაგამოვლილ ქალებთან და ჩართულნი არიან მათი მხარდაჭერის, დაცვისა და გაძლიერების პროცესში, მათ შორის სოციალური მუშაკებისთვის, შემთხვევის მენეჯერებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, იურისტებისთვის, თავშესაფრებისა და დღის ცენტრების თანამშრომლებისთვის, პარასპეციალისტებისა და თემზე დაფუძნებული სერვისების წარმომადგენლებისთვის.
დოკუმენტი ეხმარება სპეციალისტებს, უკეთ გაიაზრონ ოჯახში ძალადობის დინამიკა, ძალაუფლებისა და კონტროლის მექანიზმები, ტრავმის გავლენა ქალის ემოციურ რეაქციებზე, ქცევასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. გზამკვლევში თავმოყრილია როგორც თეორიული საფუძვლები, ისე პრაქტიკული რეკომენდაციები - როგორ წარიმართოს მხარდაჭერა ისე, რომ დაცული იყოს ქალის უსაფრთხოება, ღირსება, ნდობა და არჩევანის ავტონომია.
გზამკვლევი მოიცავს თემებს ოჯახში ძალადობის ფორმების, იძულებითი კონტროლის, ძალადობის ციკლისა და სპირალის, ქალებსა და ბავშვებზე ძალადობის გავლენის, ტრავმაზე რეაქციების, ტრავმა-ინფორმირებული კომუნიკაციისა და სპეციალისტების თვითზრუნვის შესახებ.
პუბლიკაცია მომზადებულია პროექტის „ძალადობის მსხვერპლ ქალთა გაძლიერება და თემზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში და ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, დანერის გამოცდილებასა და ქალთა ფონდი „სოხუმის“ მრავალწლიან მუშაობას ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის მიმართულებით.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
კოპიტნარის დასახლებაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქალებისთვის კერვის კურსი დაიწყო.
კურსი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლონ ახალი პრაქტიკული უნარი, მიიღონ პროფესიული გამოცდილება და ჩაერთონ ისეთ სივრცეში, რომელიც მათთვის ცოდნის მიღებასთან ერთად, ურთიერთობის, თვითგამოხატვისა და გაძლიერების შესაძლებლობაცაა.
პირველ შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ კურსის მიზანს, სამუშაო პროცესს და იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებსაც მომდევნო კვირების განმავლობაში ეტაპობრივად შეისწავლიან. შეხვედრამ თბილ და საქმიან გარემოში ჩაიარა. მონაწილეების მხრიდან იგრძნობოდა მოლოდინი, ცნობისმოყვარეობა და სურვილი, რომ ახალი ცოდნა რეალურ შესაძლებლობად აქციონ.
კერვა მხოლოდ ტექნიკური უნარი არ არის. ერთი შეხედვით, ის ნემსით, ძაფითა და ქსოვილით იწყება, თუმცა ხშირად გაცილებით მეტს ნიშნავს — ახალი გამოცდილების მიღებას, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებას და მომავლის მიმართ უფრო მკაფიო ხედვის გაჩენას.
მსგავსი კურსები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქალებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა, ახალი უნარების განვითარება და სოციალური თუ ეკონომიკური გაძლიერებისკენ გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯები.
წინ მონაწილეებს რამდენიმე კვირის განმავლობაში ელით ახალი ცოდნა, პრაქტიკული მუშაობა, გამოცდილების გაზიარება და, შესაძლოა, ისეთი შესაძლებლობების აღმოჩენაც, რომლებიც კურსის დასაწყისში ჯერ მხოლოდ მოლოდინის სახით არსებობდა.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
ქუთაისში, საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგი გაიმართა თემაზე: „სამედიცინო პერსონალის როლი ოჯახში ძალადობაგამოვლილ ქალებთან ტრავმა-ინფორმირებული კომუნიკაციისა და მხარდაჭერის პროცესში“.
ტრენინგში მონაწილეობდა 20 სამედიცინო პერსონალი - ექიმები და მედდები ქუთაისიდან, წყალტუბოდან, ხონიდან, სენაკიდან და ზუგდიდიდან.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სამედიცინო პერსონალის ცნობიერების ამაღლება ტრავმა-ინფორმირებული მიდგომების, სენსიტიური კომუნიკაციისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმების შესახებ. მონაწილეებმა იმსჯელეს სტერეოტიპული მიდგომების გავლენაზე, ტრავმის შემდეგ ქალის ემოციურ მდგომარეობაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება გახდეს სამედიცინო პერსონალთან პირველი კონტაქტი ქალისთვის მხარდაჭერისა და უსაფრთხოების განცდის დასაწყისი.
ტრენინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რეფერირების მექანიზმს. ემა კამკიას ბლოკის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს რეფერირების პროცესში ჩართული სუბიექტების როლი, სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობები, დოკუმენტირების საკითხები, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა და რისკების შეფასების მექანიზმები.
ტრავმა-ინფორმირებული კომუნიკაციის ბლოკს ფასილიტაციას უწევდა ხათუნა გოგუა. მონაწილეებმა იმუშავეს იმაზე, როგორ უნდა წარიმართოს კომუნიკაცია ძალადობაგამოვლილ ქალთან ისე, რომ არ გაღრმავდეს მისი შიში, სირცხვილი ან დაუცველობის განცდა.
დისკუსიისას მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ რეფერირების დოკუმენტაცია უნდა იყოს უფრო კომპაქტური და პრაქტიკული, რათა მისი გამოყენება რეალურ სამუშაო გარემოში უფრო ეფექტურად იყოს შესაძლებელი და დამატებითი დისკომფორტი არ შეუქმნას არც მსხვერპლს და არც სამედიცინო პერსონალს.
„ჩვენ, ექიმები, არასოდეს ვყოფილვართ მსგავსი თემატიკის ტრენინგებზე. მივიღეთ ინფორმაცია, რომელიც არამხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ აუცილებელია ჩვენს საქმიანობაში“, — აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.
„მივდივართ ემოციურად და ინფორმაციულად სავსეები. დავფიქრდით საკუთარ პასუხისმგებლობაზე. ჩვენს პრაქტიკაში ხშირად გვაქვს შეხება ძალადობაგამოვლილ ქალებთან და მათთან კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, — თქვა ტრენინგის მონაწილემ.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკული ცოდნის მნიშვნელობას. ტრენინგმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობის პროცესში სამედიცინო პერსონალის როლი მხოლოდ დიაგნოზითა და მკურნალობით არ შემოიფარგლება — ის უკავშირდება ქალის უსაფრთხოებას, ნდობას და მხარდაჭერას.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
ქუთაისში, საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „ტრავმაზე ინფორმირებული მიდგომა და ძალადობის დინამიკის გააზრება ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობაში“.
ტრენინგში მონაწილეობდნენ პარასპეციალისტები და სათემო ლიდერები, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობენ. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეების გაძლიერება ტრავმაზე ინფორმირებული მიდგომის გამოყენებაში და ძალადობის დინამიკის უფრო სიღრმისეული გააზრება.
ტრენინგის განმავლობაში განხილული იყო ძალადობის სოციალური საფუძვლები, გენდერული ნორმებისა და სტერეოტიპების გავლენა, ძალადობა როგორც კონტროლის სისტემა, ძალადობის ციკლი და სპირალი, ასევე ტრავმის გავლენა ქალის ქცევასა და გადაწყვეტილებებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ ქეისებს, ჯგუფურ მუშაობას და ტრავმაზე ინფორმირებული კომუნიკაციის პრინციპებს. მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ შეიძლება ქალის რეაქციებისა და ქცევის სწორად დანახვა ტრავმის კონტექსტში და როგორ უნდა შეიქმნას უსაფრთხო, არამსჯელობითი სივრცე მხარდაჭერის პროცესში.
შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობა იწყება გაგებით, სენსიტიური კომუნიკაციითა და იმ გამოცდილების დანახვით, რომელიც ქალის გადაწყვეტილებებსა და ემოციურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული ბროშურის - „ქალთა გამოცდილებები ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე“ - საფუძველზე შეიქმნა ვიდეო, რომელიც აერთიანებს სამი ქალის ისტორიას.
ვიდეოში წარმოდგენილია ანას, ლიას და თეას გამოცდილებები, რომლებიც ნათლად აჩვენებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა სხვადასხვა ფორმით ვლინდება: ფსიქოლოგიური ზეწოლით, ფიზიკური აგრესიით და იმ რეალობით, როცა ქალი დახმარებას ითხოვს, თუმცა სისტემა ვერ უზრუნველყოფს მის დაცვას.
ვიდეო მიზნად ისახავს ძალადობის სხვადასხვა ფორმის ამოცნობას, თემაზე ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მხარდაჭერის მნიშვნელობის ხაზგასმას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული ახალი ბროშურა - „ქალთა გამოცდილებები ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე“ - დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების ისტორიებს აერთიანებს.
გამოცემა აჩვენებს, როგორ ვლინდება ქალთა მიმართ ძალადობა სხვადასხვა ფორმით: ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური, ციფრული და ინსტიტუციური ბარიერების სახით და რატომ რჩება ეს გამოცდილებები ხშირად უხილავი და უთქმელი.
ბროშურა ეფუძნება ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევებსა და მონიტორინგის ჯგუფის მიერ შეგროვებულ მონაცემებს. მასში წარმოდგენილი ისტორიები ადაპტირებულია ქალების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეცვლილი სახელებით და მიზნად ისახავს ძალადობის ამოცნობას, დუმილის დარღვევას და მხარდაჭერის სერვისებზე ინფორმირებულობის გაზრდას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სარეაბილიტაციო ცენტრში ქალები მოდიან მძიმე გამოცდილებით: გადაუმუშავებელი ტრავმებით, ხანგრძლივი სტრესით, უიმედობის განცდით, დაბალი თვითშეფასებით და რთული სოციალური მდგომარეობით. თუმცა ამ სირთულეების მიღმა მათში არის ბრძოლის უნარი და ბედნიერი მომავლის რწმენა.
სწორედ რწმენის გასაძლიერებლად ქალებს შევთავაზეთ პოლიმერული თიხის მასტერკლასი, რომელიც პედაგოგმა მაკა ჯიშკარიანმა ჩაატარა. შემოქმედებითი პროცესი მხოლოდ ხელსაქმე არ ყოფილა - ეს იყო თერაპიული გამოცდილება, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და შინაგანი რესურსების გააქტიურება.
მასტერკლასის მონაწილე ქალების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თითოეულმა მათგანმა გამოავლინა ბუნებრივი ნიჭი და დიდი სურვილი, რომ ეს მიმართულება უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს.
მათ მიერ შექმნილ ნამუშევრებში იგრძნობოდა ფერი, ემოცია და სიახლის იმედი. ეს დღე კიდევ ერთი ნაბიჯი იყო ცვლილებისკენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
დასრულდა ექვსთვიანი სატრენინგო კურსის შემაჯამებელი შეხვედრები 10 მუნიციპალიტეტში. ახალგაზრდული კლუბების წევრები ფინალურ შეხვედრებზე იხსენებენ ნასწავლს, წარმოადგენენ საინტერესო პრეზენტაციებს, ავლენენ ლიდერის და ტრენერის უნარებს, აჯამებენ გამოცდილებას, საუბრობენ სწავლების პროცესის გავლენაზე და იმ ცვლილებებზე, რომელთაც ყოველი მათგანი გრძნობს.
შეხვედრის ბოლოს კლუბის წევრების უმეტესობას გადაეცა სერტიფიკატი აქტიური მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით გამორჩეულ წევრებს კი ტრენერის სტატუსი მიენიჭა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალების გამოცდილებები: ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის ამოცნობა და დაცვის გზები — ბროშურა აერთიანებს ქალთა გამოცდილებებზე დაფუძნებულ ისტორიებს, რომლებიც აჩვენებს, როგორ შეიძლება პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიები კონტროლის, თვალთვალის, შანტაჟის, ფინანსური ზეწოლისა და პირად სივრცეში შეჭრის ინსტრუმენტად იქცეს.
ბროშურა მკითხველს ეხმარება ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობის ადრეული ნიშნების ამოცნობაში, ხსნის, რატომ არ ეკისრება პასუხისმგებლობა ძალადობაგამოვლილ ქალს და სთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს ციფრული უსაფრთხოების, მტკიცებულებების შენახვისა და დახმარების მიღების გზებზე. პუბლიკაცია მომზადდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ, პროექტის „უხილავი აღარ არის: პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიური ძალადობის ამოცნობა და რეაგირება“ ფარგლებში, WAVE ქსელის მხარდაჭერით.
პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით
