„სკოლები გენდერული თანასწორობის, გენდერული სტერეოტიპების და ოჯახში ძალადობის გამოწვევების პირისპირ“ - ეს პუბლიკაცია გასულ წელს მოამზადა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგისა და ადვოკატირების ჯგუფმა. მასში აისახა დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის  შედეგები. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა სკოლებში გატარდეს მიზანმიმართული პოლიტიკა გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ.

ამ საქმეში ჩვენი პარტნიორი გახდა გაზეთი „ახალი განათლება“, რომელიც გამოდის 1998 წლიდან კვირაში ერთხელ და ხელმოწერით ვრცელდება საქართველოს სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, განათლების მიმართულებით მომუშავე სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში. კიდევ უფრო ფართო აუდიტორია ჰყავს გაზეთის ინტერნეტვერსიას.

„მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში - თანამშრომლობა გენდერული სტერეოტიპებისა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში“ - ამ თემაზე გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა. მონაწილეთა შორის იყვნენ მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მომზადებულ პუბლიკაციას „სკოლები გენდერული თანასწორობის, გენდერული სტერეოტიპების და ოჯახში ძალადობის გამოწვევების პირისპირ“. ისაუბრეს გენდერულ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, პედაგოგებისა და მშობლების თანამშრომლობაზე ძალადობისაგან ახალგაზრდების დაცვის კუთხით. შეეხნენ კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს და მათ მოგვარებას. განხილული საკითხები ყველა მონაწილისთვის აქტუალური იყო და შეხვედრაც აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.

დონორი ორგანიზაციები

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები