ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული პუბლიკაცია ეფუძნება 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებულ რაოდენობრივ კვლევას, რომელშიც დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტიდან - წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, თერჯოლა, ვანი, ჩოხატაური, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა და ხობი - 540 ქალი რესპონდენტი მონაწილეობდა. კვლევა ეხება ქალების უსაფრთხოების მდგომარეობას, ოჯახში და ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის გამოცდილებას, ასევე მხარდაჭერის სერვისების შესახებ ინფორმირებულობას, ხელმისაწვდომობასა და ნდობას.
კვლევამ გამოკვეთა, რომ ქალთა უსაფრთხოებაზე ყველაზე მეტად მოქმედებს უმუშევრობა, სამუშაოს დაკარგვის საფრთხე, სიღარიბე, მიგრაცია და სერვისებზე არასაკმარისი წვდომა. მნიშვნელოვანი პრობლემაა ოჯახში ძალადობის თემის მიმართ არსებული სტიგმაც, რაც ხშირად აფერხებს ქალების მხრიდან პირადი გამოცდილების ღიად აღიარებას და დახმარებისთვის მიმართვას. მონაცემებმა ასევე აჩვენა, რომ მიუხედავად სერვისების შესახებ ინფორმირებულობის ზრდისა, ქალების დიდ ნაწილს კვლავ არ აქვს ზუსტი ცოდნა, ვის და როგორ უნდა მიმართოს ძალადობის ან საფრთხის შემთხვევაში.
პუბლიკაციის ერთ-ერთი ძირითადი მიგნებაა, რომ ძალადობის პრევენცია და ქალთა დაცვა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებით ვერ იქნება საკმარისი. აუცილებელია სანდო, კონფიდენციალური, გეოგრაფიულად და ფინანსურად ხელმისაწვდომი სერვისების გაძლიერება, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის: დევნილი ქალებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის და შშმ პირებზე ან ხანდაზმულებზე მზრუნველებისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა აქტუალობას არ კარგავს. თემებში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრებიც ამას ადასტურებს. მონაწილეები აღნიშნავენ, რომ გაზრდილია იმ ოჯახების რაოდენობა, სადაც ძალადობის განვითარების რისკები მაღალია:
„სამწუხაროდ, ფსიქოლოგიური ძალადობა დღემდე არ არის აღიარებული. ბევრი ქალი მიიჩნევს რომ ეს ნორმალურია. ასეთი განწყობა ხელს უშლის პრობლემის ამოცნობას. შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა ხშირად ამ თემაზე საუბარს ერიდებიან.“
„როცა მეუღლეებს შორის კონფლიქტი ვერ გვარდება თვეების განმავლობაში, იქ ნებისმიერ დროს შეიძლება მივიღოთ ფიზიკური ძალადობა.“
შეხვედრის მონაწილეები პრობლემებზე საუბრის პარალელურად გამოსავალზე მსჯელობენ. მიაჩნიათ, რომ ქალთა მხარდაჭრა უნდა გაგრძელდეს. ამიტომ შეხვედრებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
„ინფორმაციები სულ უნდა შევთავაზოთ ქალებს, ყველამ უნდა იცოდეს, თავი როგორ დაიცვას საჭიროების დროს, ვის მიმართოს, ვის დაურეკოს. რა სახის დახმარებები არსებობს.“
შეხვედრები ჩატარდა ქუთაისის, სენაკის, ზუგდიდის და ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სენაკის თვითდახმარების ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა „სოციალური სახლი თემის საჭიროებისთვის“ მალე ამუშავდება.
საერთო სარგებლობისთვის განკუთვნილი წვრილი საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტები, ბაღის იარაღები, რომლებიც ჯგუფის წევრებმა ინიციატივის ფარგლებში შეიძინეს, უკვე ადგილზეა.
მაღალი წნევის კერხერის სარეცხი აპარატი მთლიანად შეცვლის ხალიჩების, მანქანების და სხვა მოცულობითი ნივთების ხელით რეცხვის პროცესს, გააადვილებს ქალების, კაცების შრომას და გაზრდის თემის სარგებელს.
ბაღის, ეზოს კეთილმოწყობისთვის საჭირო ხელსაწყოები დაეხმარება თემის წევრებს იმ საერთო პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც დასახლებაში წლების განმავლობაში არსებობდა.
„სოციალური სახლის“ სერვისით ისარგებლებს დევნილთა მთელი თემი: ქალები, კაცები, ახალგაზრდები.
თვითდახმარების ჯგუფის წევრებს სამომავლოდ ახალი იდეები აქვთ, რაც „სოციალური სახლის“ ფუნქციის გაფართოებას უკავშირდება.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
სენაკის სათემო ცენტრში მანიკურის კურსდამთავრებულებმა მოაწყვეს მასტერკლასი ქალებისთვის. ეს იყო აქტივობა სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც სენაკის დევნილთა დასახლებაში განხორციელდა ნოემბერ-იანვარში.
მასტერკლასის მონაწილე: სპეციალისტთან ამ პროცედურის ჩატარების პირველი პრაქტიკა იყო ჩემთვის. ძალიან კარგი ინიციატივაა, არა მარტო დავინახეთ, რა ისწავლეს ჩვენმა გოგოებმა, არამედ ჩვენც გავიხალისეთ ეს დღე.
ერთ-ერთი კურსდამთავრებული: საუკეთესო შესაძლებლობაა ჩემთვის და როგორც დამწყებ სპეციალისტს ძალიან მახარებს, რომ ქალებმა დაინახეს, რა შემიძლია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფოთის თვითდახმარების ჯგუფის აქტიური მუშაობის პროცესში გამოიკვეთა დევნილთა დასახლების კრიტიკული საჭიროებები. ქალთა ინიციატივამ ჩვენი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. შედეგად, სარდაფებში ჩამდგარი წყლის პრობლემა არ შეაწუხებს მოსახლეობას - ხუთი კორპუსისთვის შეძენილია ტუმბოები.
გარდა ამისა, დაწყებულია შიდა სამღებრო სამუშაოები, სადარბაზოების კოსმეტიკური მოწესრიგება, რაც საცხოვრებელ გარემოს ბევრად უფრო უსაფრთხოს და სასიამოვნოს გახდის. თვის ბოლომდე ყველა საჭირო მასალა მიეწოდება დასახლებას და სამუშაოებიც ეტაპობრივად დასრულდება.
ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობაა. დევნილები თავად გაალამაზებენ და შეცვლიან არსებულ მდგომარეობას. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია თემის გაერთიანებასა და სამოქალაქო აქტიურობას რეალური ცვლილებების მიღწევა.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
მშობლების და შვილების ურთიერთობა, ნარკომანია, მიგრაცია - ეს და სხვა აქტუალური თემები წარმოადგინა ფორუმ-თეატრმა ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში.
თანატოლების წინაშე გამოსვლა განსაკუთრებით საინტერესო და სასიამოვნოა ახალგაზრდა მსახიობებისთვის. მაყურებელი აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა სცენაში, თავისებურად „შეცვალა“ სიტუაციის მიმდინარეობა და თავისი აზრი გამოხატა დისკუსიის დროსაც.
ასე დაიწყო ახალი სამუშაო წელი ჩვენმა ფორუმ-თეატრმა. დაიგეგმა თებერვალში ჩვენებები რაოდენობრივად უფრო დიდ აუდიტორიასთან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი სკვერის განახლება და სკვერების აღჭურვა ძელსკამებით და ნაგვის ურნებით - ფინიშს უახლოვდება ეს ორი ინიციატივა, რომელსაც ხონის ქალთა თვითდახმარების ჯგუფი „თემის ძალა“ ახორციელებს დევნილთა დასახლებაში.
სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში მოთხოვნილი თანხა სრულად ათვისებულია, ინვენტარი შეძენილია და თემის მოსახლეობა სამუშაოების დასაწყებად გამოდარებას ელოდება.
ატრაქციონები, ძელსკამები, ნაგვის ურნები, ბალახის საკრეჭი აპარატი - ამ ყველაფრის და მათ მოსაწყობად საჭირო მასალის შეძენა ნიშნავს კომფორტულ ღია სივრცეებს, მოწესრიგებულ გარემოს.
ინიციატივების განხორციელების შედეგად გაიზრდება თემში მცხოვრები ადამიანების ჩართულობა და პასუხისმგებლობა საკუთარი დასახლების მიმართ.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
რას გვაძლევს შეხვედრები? რა შედეგები გვქონდა 2025 წელს? როგორ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება?
წლიური მუშაობის ერთგვარი შეჯამება გამოვიდა წალენჯიხაში, ხობში, ქობულეთში და სხვა მუნიციპალიტეტებში გამართულ შეხვედრებზე. ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს საპროექტო მუშაობის გავლენაზე, შედეგებზე, სასიკეთო ცვლილებებზე.
მათთვის მნიშვნელოვანია ვებგვერდი „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ https://sosfsokhumi.ge/, რომელიც ყველა საჭირო ინფორმაცია აძლევს ქალებს.
აქტიურად მუშაობენ შეხვედრიდან შეხვედრამდე. ჯგუფებს ახალი წევრები ემატებიან და ახალი შემართებით ელოდებიან ახალ წელს.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქუთაისში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე „ბიზნესის დაგეგმარება და მცირე/მაკრო ბიზნესის მართვა“.
როგორც წესი, მეწარმეებს კარგი ბიზნესიდეები ისე უბრალოდ თავში არ მოსდით. ეს გულმოდგინე მუშაობის, ძალისხმევის, კვლევების, დისკუსიების, გამოკითხვების და ხშირად მეწარმის შემოქმედებითი აზროვნების შედეგია.
ამიტომაც ქალები ყურადღებით უსმენდნენ ტრენერს: რა შეიძლება იყოს კარგი ბიზნესიდეის ინსპირაციის წყარო? როგორ შევიმუშავოთ წარმატებული ბიზნესიდეა?
ტრენინგის აქტიური მონაწილეები იყვნენ ჩოხატაურის, სენაკის, თერჯოლის და ქუთაისის დღის ცენტრების კურსდამთავრებულები. ისინი საკუთარ პროექტებზე ფიქრობდნენ, ბიუჯეტს ანგარიშობდნენ, ერთმანეთის გამოცდილებას იზიარებდნენ, მომავალი ბიზნესის პერსპექტივაზე მსჯელობდნენ...
შემდეგ ეტაპზე მათი ბიზნეს იდეების განხილვა იქნება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
