დისკუსია ურბანული კვლევის ცენტრში

ურბანული კვლევების ცენტრმა ჩაატარა პანელური დისკუსია თემაზე „განსახლების საკითხები და ომი: უკრაინისა და საქართველოს გამოცდილება“. შეხვედრაზე მომხსენებელთა შორის იყო ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენელი  ეკატერინე გამახარია. დისკუსია მიეძღვნა ომის გავლენას უკრაინის საბინაო სექტორზე,  უკრაინასა და საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული/დევნილების საბინაო მდგომარეობის და განსახლების პოლიტიკის განხილვას. მონაწილეები მსჯელობდნენ საბინაო უზრუნველყოფის მექანიზმების გაუმჯობესების გზებზეც.

ეკატერინე გამახარიამ ყურადღება გაამახვილა დევნილთა განსახლების არსებული პოლიტიკის ხარვეზებზე და ხაზი გაუსვა მისი ეფექტიანობის შეფასების და განხორციელებული პოლიტიკით დევნილთა კმაყოფილების შესწავლის აუცილებლობას. დისკუსიის დროს გამოიკვეთა განსახლების პოლიტიკის დევნილთა მრავალფეროვანი და სპეციფიკური ჯგუფების საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგების მნიშვნელობა. ასევე, კერძო სექტორში მცხოვრები, უყურადღებოდ დარჩენილი დევნილების წინაშე არსებული გამოწვევების ძირეულად შესწავლის საჭიროება.

შეხვედრის დროს ხაზი გაესვა განსახლების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში როგორც თავად დევნილთა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობის უზრუნველყოფის საჭიროებას. მსჯელობა ასევე შეეხო თვითდინებაზე მიშვებული გაქირავების პოლიტიკის გაკონტროლებას და დარეგულირებას ფასების არაადეკვატური ავარდნის თავიდან აცილების მიზნით.

უკრაინიდან მომხსენებელთა შორის იყვნენ:

- ანასტასია ბობროვა, ორგანიზაცია Cedos-ის ანალიტიკოსი და მკვლევარი; ინიციატივა „Re.Housing for Ukraine“-ის კოორდინატორი

- ივან ვერბიცკი, ორგანიზაცია Cedod-ის დირექტორი.

შეხვედრას მოდერატორობას უწევდა ნანო ზაზანაშვილი, ურბანული კვლევების ცენტრის პროექტების ხელმძღვანელი და მკვლევარი.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები