საინფორმაციო შეხვედრა გორში

ქალაქ გორში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოხსენებით წარыდგნენ: მინისტრი - თეა ახვლედიანი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - კაორი იშიკავა; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - მარეკ შჩიგელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე -  ირაკლი ანთაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი - ზვიად ზვიადაძე. 

მათ გაუზიარეს მონაწილეებს  IPRM შეხვედრებზე განხილული თემები და მოისმინეს, როგორც ქალთა ორგანიზაციების, ასევე სამხრეთ ოსეთთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადგილებზე არსებული ჰუმანიტარული გამოწვევებისა და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების, კონკრეტული საჭიროებების შესახებ. 

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენელმა ეკატერინე გამახარიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა აფხაზეთთან კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ენგურის ორივე მხარეს მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის გადაადგილების შეზღუდვაზე, რაც დე-ფაქტო აფხაზეთის მთავრობის მხრიდან 2020 წლის იანვრიდან  გადაადგილების დოკუმენტების  არგაცემით არის განპირობებული. მან ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რასაც  უმეტესწილად ქალები უპირისპირდებიან აღნიშნული შეზღუდვის გამო, მაგალითად, გამყოფი ხაზის გადაკვეთა შემოვლითი გზებით, რაც ადამიანებს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის გაზრდილი რისკების ფასად უჯდებათ; რუსი ჯარისკაცებისთვის ჩაბარება და განთავისუფლების სანაცვლოდ ჯარიმების გადახდა, რაც არა მარტო ზრდის მათში სტრესსა და ემოციურ ფონს, არამედ მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება თითოეულ მათგანს. მან ასევე ისაუბრა გამშვებ პუნქტებთან პროდუქტებისა და ტვირთის გადაზიდვის გართულებულ პროცედურებზე და შეზღუდვებზე, რაც აფერხებს მოსახლეობის როგორც ეკონომიკურ აქტივობას, ასევე ზოგადად აფხაზურ მხარესთან თანამშრომლობას.     

ეკატერინემ დამატებით ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტებისთვის თანხის დროული ჩარიცხვის აუცილებლობას, რაც სტუდენტებს წინა წლებში ხშირად უქმნიდა პრობლემას. უნივერსიტეტებისთვის თანხის დაგვიანებული გადარიცხვა მშობლებს იძულებულს ხდიდა თავად გადაეხადათ თანხები - აეღოთ ვალები ან კრედიტები, ან მიემართათ შრომითი მიგრაციისთვის საზღვარგარეთ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის მტკიცებით, აღნიშნული პრობლემა მიმდინარე სასწავლო წლისთვის აღმოფხვრილია. 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები