ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ შეიმუშავა „პრაქტიკული ინსტრუქციები ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუნიციპალური საკოორდინაციო მექანიზის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის“.

ქალთა მიმართ ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლა მოითხოვს ყველა პასუხისმგებელი დარგობრივი უწყების სისტემურ, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ მოქმედებას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე.

პრაქტიკული ინსტრუქციების მიზანია მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი უწყებათაშორისი კომისიებისთვის  პრაქტიკული რჩევების შეთავაზება, ადგილობრივ დონეზე ოჯახში ძალადობაზე ეფექტიანი და კოორდინირებული რეაგირების განსახორციელებლად. დოკუმენტი ეფუძნება საერთაშორისო და ადგილობრივ საუკეთესო პრაქტიკას.

 გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ბავშვის მიმართ ძალადობის გამოვლენის და მასზე რეაგირების პრაქტიკული გზამკვლევი პედაგოგებისთვის“ - ასე ეწოდება ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალ პუბლიკაციას. ის განკუთვნილია სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის, კერძოდ, სკოლების, საბავშვო ბაღების, ბაგა-ბაღების პედაგოგებისა და აღმზრდელებისთვის, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ ბავშვებთან ინტერაქცია და მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის გამოვლენისა და მასზე რეაგირების საქმეში.

გზამკვლევი მიზნად ისახავს სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის ისეთი ინფორმაციისა და ინსტრუმენტების მიწოდებას, რაც ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ბავშვთა მიმართ სკოლასა და ოჯახში განხორციელებული ძალადობის დროულ გამოვლენას და ყოვლისმომცველ, მრავალსექტორულ რეაგირებას.

გადმოწერა

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის

მხარდაჭერით (კანადა)

წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ სწრაფი მოკვლევის ანგარიშს: „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე არსებული მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიები: საუკეთესო პრაქტიკა და არსებული გამოწვევები“. დოკუმენტის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხებზე სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის და კოორდინაციის გასაძლიერებლად უწყებათაშორისი კომისიების  ინსტიტუციონალიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა და დღეს არსებული კომისიების ინსტიტუციური შესაძლებლობების, მათი მიღწევების და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შეფასება.

კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ უწყებათშორისი კომისიები წარმოადგენენ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიმართულებით, პრაქტიკული მნიშვნელობის  მაკოორდინირებელ მექანიზმს. ზემოაღნიშნულს მოწმობს რიგ სამიზნე მუნიციპალიტეტში უკვე მოქმედი უწყებათაშორისი კომისიების საქმიანობა, რაც უზრუნველყოფს მეტად გამართულ ადგილობრივი რეფერირების პროცედურებს, კომუნიკაციასა და კოორდინაციას ძალადობის შემთხვევების მართვაში ჩართულ რგოლებს შორის.

მიუხედავად ამისა, გამოწვევების ანალიზმა აჩვენა, რომ პოზიტიური ცვლილებების განხორციელებისათვის საჭიროა უწყებათაშორისი კომისიის მეტად „ფორმალიზება“, მკაფიოდ გაწერილი სტრატეგიის შემუშავება, კარგი პრაქტიკის მაგალითების გაზიარება, გამოყენება და დანერგვა (ადგილობრივი და საერთაშორისო), მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, გენდერული თანასწორობის საბჭოსთან უფლებამოსილებების სწორად გამიჯვნა, კომისიის საქმიანობაში სხვადასხვა უწყების წამომადგენლების ჩართვის წახალისება და ა.შ.

 გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ გამოსცა „გენდერულ ძალადობაზე რეაგირების პრაქტიკული გზამკვლევი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის“. გზამკვლევი მიზნად ისახავს სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის ექიმებისა და ექთნებისთვის, რომელთაც უშუალო კავშირი აქვთ პაციენტებთან, ისეთი ინფორმაციის და ინსტრუმენტების მიწოდებას, რაც ხელს შეუწყობს მათი მხრიდან გენდერულ ძალადობაზე დროულ, ყოვლისმომცველ, მრავალსექტორულ რეაგირებას.

პრაქტიკული გზამკვლევი მოიცავს შემდეგ საკითხებს: 

-    ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია;

-    სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების მიერ გენდერულ ძალადობაზე რეაგირების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები;

-    სამედიცინო პერსონალის როლი გენდერულ ძალადობაზე რეაგირების საქმეში; 

-    სამედიცინო პერსონალის მხრიდან გენდერულ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირებისთვის შესაბამისი სტრატეგიები, ნაბიჯები და რეკომენდაციები; 

-    რეფერირების და მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობა ქალთა მიმართ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების საქმეში.

გადმოწერა

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის

მხარდაჭერით (კანადა)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დაკვეთით ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა ქალთა გენდერული საჭიროებების კვლევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში და გამოსცა კვლევის ანგარიში. კვლევა მიზნად ისახავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის შეგროვებას მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებზე. მოპოვებული ინფორმაცია საფუძვლად დაედება მუნიციპალიტეტის სოციალური პოლიტიკის უფრო ეფექტიანი განხორციელების ღონისძიებებს, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება პირდაპირი სამიზნე ჯგუფების საჭიროებები, ხედვები და პერსპექტივები. კვლევის დასკვნებზე დაყრდნობით გაკეთდა რეკომენდაციები.

 

წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი მონიტორინგის ანგარიშს: „ქალთა მიმართ ძალადობის რისკების კვლევა“, რომლის მიზანია ორგანიზაციის 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის რისკების განსაზღვრა და შეფასება, შემთხვევებზე დროული რეაგირებისა და რელევანტური ადვოკატირებისთვის.

კვლევის მონაცემებით ნათლად გამოიკვეთა ქალების ცხოვრებაში  პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, რაც მეტწილად განპირობებულია  უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონით, ოჯახში ძალადობის ფაქტებით. სამწუხაროდ, კვლავ არასახარბიელოა ქალთა ინფორმირება და ხელმისაწვდომობა ძალადობის მსხვერპლთა მომსახურებებზე. კვლევის თანახმად, ქალებმა საკუთარი უსაფრთხოების განცდა საშუალოდ შეაფასეს და ხაზი გაუსვეს სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და სიტყვის თავისუფლებისთვის საფრთხის შემქმნელ ქმედებებს მათ ცხოვრებაში.  

კვლევის მიგნებების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები მოიცავს: ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებს, ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, მუნიციპალიტეტების როლის გაზრდას, რეფერალური მექანიზმის სუბიექტებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას, განხორციელებული ღონისძიებების  მონიტორინგისა და შეფასების ქმედითი სისტემის დანერგვას, რელევანტური სპეციალისტების უწყვეტ გადამზადებას. 

წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის” ახალი კვლევის ანგარიშს „ადამიანური უსაფრთხოება - მოსახლეობის საზოგადოებრივი და პირადი უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“, რომლის მთავარ მიზანს ორგანიზაციის ექვს სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკის, ქუთაისის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტები) მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება და საფრთხეებისგან დაცულობის განცდის შესწავლა წარმოადგენდა.

კვლევის დროს ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის საზოგადოებრივ და პირად უსაფრთხოებაზე და იმ  რისკებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც საფრთხისა და დაუცველობის განცდას უჩენს მოსახლეობას.

გამოვლენილი მიგნებების საფუძველზე იგეგმება პრობლემებზე ეფექტიანი რეაგირების სტრატეგიების და რეკომენდაციების გამომუშავება და პოზიტიური ცვლილებების ადვოკატირება როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

აღნიშნული ანგარიში გამოიცა USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოსაგვარებლად“ ფარგლებში.

გადმოწერა

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ხობის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ჩატარდა კვლევა და დაიბეჭდა ანგარიში „ქალებისა და ახალგაზრდების ადამიანური უსაფრთოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“.

კვლევა ეყრდნობა კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების გენდერზე ორიენტირებულ სისტემას (GREWS). თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდით ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა მოსახლეობის მოწყვლადობის  მაღალი ხარისხი ადამიანის უსაფრთხოების სხვადასხვა კატეგორიასთან მიმართებაში.

მწვავედ დგას ეკონომიკური, სოციალური, ინფრასტრუქტურული პრობლემები. გამოვლინდა სახელმწიფო თუ ადგილობრივი პროგრამების შედგენის დროს მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერების აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის საჭიროების ასახვას ადგილობრივ ბიუჯეტში და პრობლემების გადაჭრას. კვლევაში გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ წარმოდგენილია რეკომენდაციებიც.

გადმოწერა

ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალ მონიტორინგის ანგარიშს - „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის  შეფასება“. ანგარიშში შეფასებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამიზნე მუნიციპალიტეტების მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობა და ადგილებზე მოქმედი რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან მათი თანამშრომლობის ხარისხი.  დოკუმენტში ასახულია მნიშვნელოვანი გამოწვევები, მათ შორის, ადრეულ ეტაპზე კრიზისული/მოწყვლადი ოჯახების იდენტიფიცირების და შესაბამისი რეაგირების პრობლემა ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის; არასაკმარისი ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია მუნიციპალიტეტებსა და რეფერალური მექანიზმის სუბიექტებს შორის; ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისგან დაცვის მუნიციპალური პროგრამების არარსებობა ან სიმცირე და მოსახლეობის, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლების და პროფესიული გადამზადების საჭიროების საკითხები. გამოკვეთილი მიგნებების საფუძველზე შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც მიემართება რელევანტურ უწყებებს.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები