საჭირო ადამიანებს ეძახიან ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგსა და იურისტს. მათი რჩევები და დახმარება ბევრისთვის აუცილებელია პრობლემების მოგვარებაში.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში საკონსულტაციო სამსახურმა თვის განმავლობაში აქტიური მუშაობა ჩაატარა -  იყო უშუალო შეხვედრებიც და დისტანციური კონსულტაციებიც. ასეთი სახით 43-მა ადამიანმა მიიღო  მათი დახმარება.

ამას გარდა, მიმდინარეობდა მუშაობა ოთხი კრიზისული ოჯახის წევრებთან. 17 ბენეფიციარს გაუწია ინდივიდუალური თერაპია ფსიქოლოგმა, იურისტმა კი 7 ადამიანს ჩაუტარა კონსულტაცია.

შედეგები თვალსაჩინოა: მოგვარებული პრობლემები, დაძლეული სტრესი, სიმშვიდე ოჯახში... აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგი და იურისტი მართლაც საჭირო ადამიანები არიან მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება.

 

კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, ზუგდიდში, ქობულეთსა და ვანში ახალგაზრდებთან პირისპირ შეხვედრები გაიმართა. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში (ბაღდათი, წალენჯიხა, სენაკი, ჩოხატაური, სამტრედია, ტყიბული, თერჯოლა) კი ტრენინგები ჩატარდა ონლაინ.

მონაწილეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა თემები: კონფლიქტის შესაძლო შედეგები, კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის სახეები, ნაადრევი ქორწინება, ბულინგი...

ყველა მონაწილე თავისი მოსაზრებებით საინტერესო და გასხვავებულია. ისინი პრობლემებზე გულახდილად  საუბრობენ. განიხილავენ მათი გადაჭრის გზებსაც.

ტრენინგებზე არიან ლიდერები, რომლებიც მიღებული ცოდნის გავრცელების სურვილს გამოთქვამენ და შემდეგში თავად არიან ინიცირებული ღონისძიებების ავტორებიც.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ეს დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ოთახია. აქ პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსები ტარდება.

ამჯერად მუშაობა ფსიქოლოგის საუბარმა გაწყვიტა. ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე ქალებს ცალკეც ხვდება და ესაუბრება. მათ ბევრი კითხვა აქვთ და ყოველთვის იღებენ კომპეტენტურ პასუხს.

დღეს კი ჯგუფთან საუბრის თემაა სტრესი და ფსიქოლოგის რჩევები ასეთია:

ჩვენს შფოთიან დროში ყველა ჩვენგანს განუცდია სტრესი. სტრესს ვერ დაემალები. ასეთ სიტუაციაში აუცილებელია ემოციების მართვა, რომ ემოციებმა არ გმართონ შენ. სტრესის ასაცილებლად ორი ოქროს წესი არსებობს:

წესი №1. დამშვიდდით, მიეცით ტვინს შესაძლებლობა, დაიბრუნოს კონტროლი სხეულზე და მეტყველების ორგანოებზე.   

წესი №2. მოახდინეთ ფოკუსირება და ენერგიის კონცენტრირება იმაზე, რაც გასაკეთებელი გაქვთ.

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები ყოველთვიურად ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა თემის წარმომადგენლებთან და მსჯელობენ ძალადობაზე რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით.

ივლისში შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში ჩატარდა ჩოხატაურის, ტყიბულის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. მონაწილეებმა ამ კუთხით არსებული პრობლემები გამოკვეთეს. მუშაობაში ჩაერთნენ ფონდი „სოხუმის“ იურისტი და ფსიქოლოგი.

ძალადობის შემთხვევების პარალელურად შეხვედრებზე სოციალური პრობლემებიც დაისვა და აქტივისტმა ქალებმა მათი ადვოკატირება გადაწყვიტეს.

ონლაინ ფორმატში კიდევ ერთი მრგვალი მაგიდა ჩატარდა - ამჯერად ტყიბულის მუნიციპალიტეტში. ესწრებოდნენ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიციის, ბაგა-ბაღების, სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სამედიცინო პერსონალი. ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მონიტორინგის კუთხით და განიხილეს შემუშავებული რეკომენდაციები.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ტყიბულის მუნიციპალიტეტში შემაკავებელი ორდერების სტატისტიკაზე, ძალადობის იდენტიფიკაციაზე და მსხვერპლის დახმარების კუთხით არსებულ სერვისებზე.

ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგისა და ადვოკატირების ჯგუფი აქტიურად მუშაობს თვისებრივი კვლევის მიმართულებით. საკვლევი თემა - ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის შეთავაზებულ სერვისებთან დაკავშირებული გამოწვევები (ბავშვთა მოვლის სერვისების მიმართულებით); დასაქმების და ეკონომიკური აქტიურობის ხელშეწყობის კუთხით არსებული გამოცდილება; ძალადობის მსხვერპლი ქალების წინაშე არსებული ბარიერები თავშესაფრიდან/კრიზისული ცენტრიდან გასვლის შემდგომ.

კვლევის პროცესში შეგროვდა საინტერესო ინფორმაცია სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორების  მიერ მიწოდებული მომსახურების თაობაზე. 

 

ონლაინ ფორმატში მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიციის, ბაგა-ბაღების, სკოლების და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენლები, სამედიცინო პერსონალი. გაიმართა მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მონიტორინგის კუთხით ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია. საუბარი შეეხო მნიშვნელოვან საკითხებს: მუნიციპალიტეტის მასშტაბით შემაკავებელი ორდერების სტატისტიკა, პრობლემებზე იდენტიფიკაცია, მსხვერპლის დახმარების კუთხით არსებული სიტუაცია...

ძალადობა ოჯახში - რამდენად გახსნილია საზოგადოება ამ თემაზე სასაუბროდ, რა უშლის ხელს პრობლემათა იდენტიფიკაციას, რამდენადაა მოსახლეობა ინფორმირებული რეაგირების მექანიზმებზე, ვის მიმართავენ საჭიროების დროს - ამ საკითხებზე გაიმართა შეხვედრები ბაღდათის, წალენჯიხის, ვანის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. პრობლემებზე საუბრისას გამოიკვეთა, რომ ჯერ კიდევ სამუშაოა მოსახლეობასთან რისკჯგუფის ოჯახების გამოვლენისა და ადრეული რეაგირების კუთხით.

მონაწილეთა აზრით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ინფორმირების ხარისხს და ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.

 

„ზოგჯერ ადამიანი ვერ ხვდება, რომ ოჯახის წევრების მისამართით აგრესიის გამოხატვა ძალადობის ფორმაა. ამ კუთხით მოსახლეობის ინფორმირებას დიდი დანიშნულება აქვს.“

„ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ შეიძლება ზოგჯერ ძალადობის მსხვერპლი კი არა, მოძალადეც ვიყოთ.“

„ძალიან ხშირად, როცა შეხვედრაზე ვისმენ ძალადობის ისტორიებს, ვხედავ გამოსავალს, რა უნდა გავაკეთო ძალადობის წინააღმდეგ.  ამ საკითხზე დისკუსიები მოქალაქეებს უფრო ინფორმირებულს ხდის.“

ასეთი მოსაზრებები ჰქონდათ სენაკის, თერჯოლის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში გამართული საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეებს. შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების ორგანიზებით იმართება და განიხილება ძალადობის  იდენტიფიკაციისა და პრობლემაზე რეაგირების საკითხები.

ივლისის ცხელ დღეებში განსაკუთრებით აქტიურობს ფორუმ-თეატრი.

პირველი ვიზიტი ზუგდიდში შედგა, სადაც ახალგაზრდა მაყურებლები აქტიურად ჩაერთნენ სცენებში და ძალადობის გარეშე მოაგვარეს წარმოდგენაში დასმული პრობლემა. დისკუსიაც საინტერესოდ წარიმართა. ახალგაზრდებს სურვილი გაუჩნდათ, რომ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ნახონ პედაგოგებმა და მშობლებმა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ახალგაზრდა მსახიობების ჩასვლა ქობულეთში. აქ პირველად ნახეს ფორუმ-თეატრის წარმოდგენები და მაყურებელმა გაოცება ვერ დამალა ამ უჩვეულო ფორმატის გამო. აღინიშნა, რომ ამ ენაზე საუბარი საინტერესოა და დააფიქრებს ადამიანს...

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები