ადგილობრივი და ცენტრალური სახელმწიფო სერვისების გაცნობა, პრობლემების გამოვლენა ადვოკატრებისთვის - ამ საკითხებს მიეძღვნა სამობილიზაციო შეხვედრები მარტში.

ინფორმაციის მისაღებად აქტიური კომუნიკაცია შედგა ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთანაც. შეხვედრები  ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებში ჩაერთნენ ორგანიზაციის იურისტი, ფსიქოლოგი და კონფლიქტოლოგი, რომლებმაც მონაწილეებს  მიაწოდეს ინფორმაცია ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმებზე.

 

სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების მონაწილეობით ფონდმა „სოხუმმა“ მრგვალი მაგიდა ჩაატარა აქტუალურ თემაზე „გენდერული თანასწორობის საბჭოს როლის და ფუნქციების გაძლიერება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის დანერგვის საკითხში“.

შეხვედრაზე განხილული იყო სტრატეგია და სხვადასხვა ინიციატივა, რომელიც მეტ ეფექტს შესძენს გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2022 წლის გეგმის განხორციელებისათვის არსებული რესურსების დაგეგმვაზე, პასუხისმგებელი რგოლების მაქსიმალურ ჩართვასა და შესრულებაზე.

„გენდერული თანასწორობის საბჭოს როლის და ფუნქციების გაძლიერება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის დანერგვის პროცესში“ - ამ თემაზე გაიმართა მრგვალი მაგიდა ხონის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების, ადგილობრივი ა(ა)იპების წარმომადგენლების, თვითმმართველობის პერსონალის და სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობით.

მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება საბჭოს რეორგანიზაციის, თემატური ჯგუფების შექმნის და მათი სტრატეგიის შერჩევის, მოწყვლად ჯგუფებზე ორიენტირებული ადგილობრივი პროგრამების ინიცირების კუთხით. მონაწილეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საკითხი - როგორ უნდა მოხდეს გეგმაში გათვალისწინებული საკითხების საბიუჯეტო მხარდაჭერა და გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი რგოლების მაქსიმალური ჩართვა.

მრავალფეროვნება იგრძნობოდა ამ დღეებში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. 8 მარტი სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებით აღინიშნა: საინფორმაციო შეხვედრები სოფლად მცხოვრებ ქალებთან, მრგვალი მაგიდები საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, შეხვედრები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ლიტერატურული საღამო.

შეხვედრებზე ხაზგასმულ იქნა, რომ ეს დღე არის ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე, მათი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული.

ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ სწრაფი მოკვლევის ანგარიშს - „გალის რაიონში ხანძრით დაზარალებული მოსახლეობის მოლოდინები თუ ჩაფერფლილი იმედები: საჭიროებები და რეაგირების  სტრატეგიები“, რომელშიც ასახულია 2021 წლის 4 იანვარს გალის რაიონში გაჩაღებული ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრიორიტეტული და გადაუდებელი  საჭიროებები.

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს  იმ მძიმე ვითარებაზე, რომელშიც აღმოჩნდა ჯეროვანი დახმარების გარეშე მიტოვებული მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურად უპირისპირდება სასურსათო, ეკონომიკურ, ჯანმრთელობის და სოციალური უსაფრთხოების რისკებს. შემთხვევიდან  ორი თვის შემდეგ ხანძრით დაზარალებული ადამიანები თავს დავიწყებულად, მიტოვებულად და უგულებელყოფილად გრძნობენ.

ანგარიშში წარმოდგენილია მოკვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემათა და საჭიროებათა ნუსხა და კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს გალის მოსახლეობაზე ხანძრით გამოწვეული ნეგატიური ეფექტის შემცირებას და შესაბამისი საგანგებო სტრატეგიის შემუშავებას.

ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ოფისის ხელმძღვანელი  ეკატერინე გამახარია ჩართული იყო ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც მიეძღვნა გალის რაიონში ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა მდგომარეობას და მათ გადაუდებელ საჭიროებებს. ეკატერინე გამახარიამ გააცნო შეხვედრის მონაწილეებს ფონდი „სოხუმის“ სწრაფი მოკვლევის შედეგად გამოკვეთილი ის ძირითადი გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც დღეს მწვავედ დგას ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დე იურე ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე თავად ხანძრის შედეგად დაზარალებული ადამიანები.

ძალადობას ძალიან ხშირად გენდერული სტერეოტიპები იწვევს, ამიტომაც აუცილებელია მათი აღმოფხვრა  და ამ საქმეში სკოლას მთავარი როლის  შესრულება შეუძლია.

„გენდერული სტერეოტიპები და სკოლის როლი მათ აღმოფხვრაში“ - ეს ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის მიერ მომზადებული მინიფილმია. ფილმში ნაჩვენებია ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება - ახალგაზრდებთან მუშაობა და ამ მუშაობის შედეგები, მიღებული გაკვეთილები და გამოცდილება.

ფონდების მოძიება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დარეგისტრირება, თვითპრეზენტაცია, შედეგების წარმოდგენა - ყველა საკითხი ერთმანეთზე საჭირო, საინტერესო და სასარგებლო იყო. ამიტომაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები აქტიურად ჩაერთნენ ორდღიანი ონლაინ ტრენინგის პროცესში.

მონაწილეები  გაეცნენ  ორგანიზაციის რეგისტრაციის პროცედურებს, საჭირო დოკუმენტებს. განსაკუთრებით საინტერესო იყო ტრენინგის ის ნაწილი, რომელიც ეთმობოდა თვითპრეზენტაციის უნარების გაღრმავებას, საქმიანობის შედეგების წარმოჩენას და ამ შედეგების ფორმულირებას წარმატების ისტორიად.

 

პანდემიამ ფორუმ-თეატრის მსახიობებს ბევრი ახალი რამ ასწავლა:  ვიდეორგოლების გადაღება, მონტაჟი, მუსიკის ფონის შერჩევა...

ახალგაზრდებმა თებერვალშიც ონლაინ იმუშავეს. ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე გამოჩნდა მათი ნამუშევარი - პერსონალური ვიდეორგოლები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.ამასთანავე ატარებდნენ რეპეტიციებს, რომ ღირსეულად შეხვდნენ მონატრებულ მაყურებელს.

მარტიდან ფორუმ-თეატრის მსახიობები წარმოდგენებს გამართავენ სხვადასხვა ქალაქის პარკებსა და სკვერებში.  

 

18-19 თებერვალს იმერეთის, სამეგრელოს, გურიის და აჭარის 16 ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. პირველ დღეს განიხილეს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის სტრატეგიის შემუშავების საკითხი, ორგანიზაციული, ტექნიკური და მეთოდოლოგიური ასპექტები. მეორე დღე კი მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავებას დაეთმო.

ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საინტერესო გამოსვლები მუნიციპალიტეტებში არსებული მიდგომების, წარმატებული პრაქტიკის და გამოწვევების საკითხებზე.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები