ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის მორიგ შეხვედრებზე განიხილეს სხვადასხვა ქეისი, იმსჯელეს პრობლემებზე, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. წყალტუბოში ქალები ეძებენ სეზონურ სამუშაოებს (მოცვის, თხილის შეგროვება ან ზღვისპირა კურორტებზე მუშაობა). ზოგიერთ მათგანს აქვს ეს გამოცდილება და სხვებსაც ურჩევს, რადგან ამ შემოსავლებით ბევრ საჭიროებას მოაგვარებენ...
ხობში ჯგუფის ერთ-ერთ წევრს გადაეცა სმარტფონი, რაც გაამარტივებს მისთვის აუცილებელ კომუნიკაციას.
ქობულეთის ჯგუფის წევრები განსაკუთრებით ემადლიერებიან ჩვენს ორგანიზაციას, რადგან ამდენი სითბო და ყურადღება არავის გამოუხატავს მათ მიმართ.
ჩოხატაურის ჯგუფთან ონლაინ ჩართვა გაიმართა. ჩვენი ორგანიზაციის ფსიქოლოგიც ჩაერთო, როგორც სხვა შეხვედრებში. ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრების აზრით, ფსიქოლოგის სასარგებლო რჩევები მათთვის სერიოზული მხარდაჭერაა.
შეხვედრების მონაწილეებისთვის დიდი სტიმულია, რომ ასეთი ჯგუფი 10 მუნიციპალიტეტში მოქმედებს და, პროექტის ასისტენტის, ნინო ჭაბუკიანის დახმარებით, მათ აქვთ ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
შთამბეჭდავი სანახაობა აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის ფორუმ-თეატრის გამოსვლები. ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში შეკრებილებს მოეწონათ თანატოლების სამსახიობო ნიჭი, რეალობაზე დაფუძნებული სცენები. აქტიური დისკუსიები გაიმართა ყველა წარმოდგენის შემდეგ. რეჟისორ მაგდა ჩიხლაძესთან ერთად მაყურებელმა გულწრფელად ისაუბრა ბულინგზე, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, აქტუალურ პრობლემებზე.
მეორე გამოსვლაც ქუთაისში იყო, ცენტრალურ ადგილას. ფორუმ-თეატრის მსახიობები ისე ბუნებრივად ასრულებდნენ თავიანთ როლებს, რომ რამდენიმე გამვლელმა ძალადობის მსხვერპლის დახმარებაც კი სცადა. მერე გაიგო, რომ ეს სპექტაკლია...
მაყურებელი ამბობს, რომ კარგია ამ ფორმით ძალადობაზე საუბარი, დისკუსია, რადგან თვალსაჩინოა პრობლემა. მთავარია, გამოსწორებაზეც ერთად ვიზრუნოთ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
10 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან ჩატარდა ტრენინგები თემებზე „კონფლიქტის ესკალაცია და მაგალითები“ და „ტოლერანტობა ახალგაზრდებში“.
8 ტრენინგი ჩატარდა ადგილზე, ხოლო ორი კი - ონლაინ.
საზაფხულო არდადეგების მიუხედავად, ახალგაზრდები ინტერესით დაესწრნენ ტრენინგებს, აქტიურად ჩაერთნენ სავარჯიშოების შესრულებაში და როლური თამაშებით გაიაზრეს პრობლემების სიმწვავე.
მონაწილეთა უკუკავშირიდან:
„პირველად გავიგე ტერმინი „ესკალაცია“ და, ვფიქრობ, დამამახსოვრდება“.
„თქვენი ახსნილით და პლაკატის საშუალებით ადვილად დავინახეთ, რა სტადიებს გადის კონფლიქტი და როგორ მწვავდება ის“.
„ძალიან საინტერესო იყო როლური თამაში, სადაც ესკალაციის სტადიების დროს შევჩერდით პრობლემის გამწვავებამდე“.
„საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ყველა ადამიანს, მიუხედავად განსხვავებული კულტურის, სარწმუნოების თუ შეხედულებისა“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ასეთი ისტორიები ხშირად იწერება ჩვენი მუშაობით, ძალისხმევით, მონდომებით.
ცვლილებები განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როცა საქმე ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრს ეხება.
ერთ-ერთი ბოლო ამბავი ასეთია: ცენტრში იმყოფებოდა ორი დედა და 7 ბავშვი. ორი რთული ბედის ქალი. და რთული ბავშვები. ეს არც არის გასაკვირი: ტრავმირებულები არიან, ძალადობაგამოვლილები, დიდ პრობლემებს შეჭიდებულები.
არასრულწლოვანებთან მუშაობის პედაგოგი აღნიშნავს, რომ თავიდან ერთმანეთს სცემდნენ, ძალადობრივ ქცევებს გამოხატავდნენ, აგრესიულები იყვნენ.
გზადაგზა გაირკვა, რომ ოჯახში განცდილი ძალადობის გარდა, მათ მიმართ ხშირია ბულინგი სკოლაში - მოსწავლეების და მასწავლებლების მხრიდან. უფროსები სცემენ უმცროსებს, იმიტომ რომ არ ილაპარაკონ თავიანთ პრობლემებზე, პატარებს კი უნდათ სხვებსაც გააგებინონ თავიანთი გასაჭირი. ბებიასაც უცემია ქამრით, მასწავლებელმა თმებზე მოქაჩა ისე მწარედ, რომ ლამის ამოაგლიჯა...
სარეაბილიტაციო ცენტრში ბავშვებმა ისწავლეს, როგორ გაუმკლავდნენ ბულინგს, როგორ დაამყარონ ურთერთობები სხვებთან. დედებმაც გაარკვიეს თავიანთი მდგომარეობა - რა ჯობია მათი მომავლისთვის. იურისტის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მუშაობა სწორედ აქეთკენ იყო მიმართული.
ერთ-ერთი დედა უკვე განქორწინებულია და დამოუკიდებლად ზრდის შვილებს, მეორე ჯერაც ძალადობრივ გარემოში ცხოვრობს, თუმცა მისთვის მაგალითია იმ ქალის ცხოვრება, გადაწყვეტილება და შედეგები, რომელთან ერთადაც ორი კვირა იცხოვრა ცენტრში.
ორივე ქალი იმედით სავსე წავიდა ქუთაისიდან, ბავშვები - კმაყოფილები, ბედნიერები. მათთან მუშაობა, მათი მხარდაჭერა ისევ გაგრძელდება, ჩვენ ვცდილობთ, არასოდეს დავტოვოთ ჩვენი ბენეფიციარები მარტო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრებით სხვადასხვა თემა მოიცვეს. ოჯახური ძალადობის პრობლემები და პრევენციული გზები ყველგან აქტიურად განიხილება. ხონის, ჩოხატაურის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ იდენტიფიცირების კუთხით ბევრი სამუშაოა.
წარმატებული პრაქტიკა და შედეგები მაპროვოცირებელი გახდა დანარჩენ ცენტრებში შეკრებილი ქალებისთვის. ინფორმაციის გაზიარების პროცესში ახალი შემთხვევების გამოვლენა ხდება ხობის, ვანის, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
მობილიზატორებთან ერთად აქტიურად მუშაობენ ფონდის პარასპეციალისტები. სწავლობენ ქალთა საჭიროებებს, ქალებს აცნობენ სერვისებს და პროგრამებს.
„ბევრი ისეთი სერვისი არსებობს, რომლის არსებობის შესახებ ქალებმა არ იციან, ამიტომ ამ სერვისებზე ინფორმაციის მიწოდება უნდა გაგრძელდეს, ყველას უნდა ვუთხრათ, ვინც შეხვედრებზე ვერ მოდის,“- აღნიშნეს ბენეფიციარებმა.
ივნისში სენაკის, წყალტუბოს, თერჯოლის და ვანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში შიდა მონიტორინგი ჩატარდა. მონიტორინგმა გამოკვეთა, რომ ინფორმირების საკითხი უნდა გაგრძელდეს. ასევე გამოიკვეთა ქალებისთვის პროფესიული კურსების აუცილებლობა. მონიტორინგით გამოვლენილი საკითხები მომდევნო თვიდან დაინერგება და ქალთა მხარდაჭერის მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებული ჭრა-კერვის კურსები დასრულდა. დღის სარეაბილიტაციო ცენტრი სოფელ შუა ხორგაში მოეწყო.
საინტერესო იყო საბაზისო კურსის ორი თვე, ყოველი გაკვეთილი: დიზაინზე მუშაობა, ქსოვილის თუ სხვადასხვა დეტალის საგულდაგულო დამუშავება...
მეცადინეობების ბოლო დღე განსაკუთრებულად, თავიანთი ნამუშევრების გამოფენით აღნიშნეს ქალებმა. ამბობენ, კარგი მასწავლებელი გვყავდა, ყველა ნიუანსი გვასწავლა. ერთად ყოფნა და ურთიერთობებიც სასიამოვნო იყოო...
კურსდამთავრებულები ეცდებიან - პრაქტიკაში გამოიყენონ, რაც ისწავლეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- მე ვარ ქალი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ოჯახი შეენარჩუნებინა. ამავდროულად ვარ დედა, რომელმაც შვილებისთვის შეცვალა მომავალი. მეშინოდა, როგორ ვიცხოვრო, რა გავაკეთო მარტო. ვერ ვბედავდი განქორწინებას. უფრო ადრე უნდა წამოვსულიყავი, ვნანობ, ამდენი რომ ვითმინე...
ეს ახალგაზრდა მრავალშვილიანი დედა ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა.
აქ შვილებთან ერთად იყო მეორე ახალგაზრდა ქალიც - ძალადობის გარემოში მცხოვრები. სოციალური მუშაკის და იურისტის რჩევებმა, ფსიქოლოგის თერაპიულმა კურსმა, ცენტრში გატარებულმა დღეებმა კარგი შედეგები გამოიღო. მისთვის განსაკუთრებული მაგალითი მაინც იყო ქალი, რომელმაც თავი დააღწია ძალადობას და მშვიდად ცხოვრობს შვილებთან ერთად. მერიის დახმარებით, ჩვენი და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით თანდათან აეწყო ყველაფერი და მადლიერია...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ოთხი შეხვედრა შედგა სენაკის, წყალტუბოს, წალენჯიხის და ზუგდიდის (სოფელი ხურჩა) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების აქტივისტ ქალებთან.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ჩვენს ახალ მოკვლევას „ქალთა მიგრაციის გენდერული ასპექტები“. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რა გავლენას ახდენს მიგრაციულ გადაწყვეტილებებზე მათი სოციალურ-ეკონომიკური და უფლებრივი მდგომარეობა და ინტერსექციული მოწყვლადობის ფაქტორები.
ფრაგმენტები მონაწილეთა გამოსვლებიდან:
„მიგრაცია ჩვენი დღევანდელობის სერიოზული პრობლემაა - ეკონომიკური ფაქტორების თუ მოწყვლადობის გამო. ბევრია წასული ემიგრაციაში და ყველაზე მეტად ეს პრობლემა ქალებს ეხება“.
„გამოსავლის არქონის გამო ქალებს უწევთ ემიგრაციაში წასვლა, საბოლოოდ კი ჩვენი რეალობაა ოჯახების გაუცხოება და უდედოდ გაზრდილი თაობები“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
18-19 ივნისს, სტოკჰოლმში, შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტში გაიმართა Feminist Fest 2025, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფემინისტ აქტივისტებს, მკვლევრებსა და მშვიდობის მშენებლებს აერთიანებდა. ფესტივალში საქართველოდან მონაწილეობა მიიღო ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო წიგნის „მამაცი ქალები: ბრძოლა სამართლიანობისთვის 21-ე საუკუნეში“ პრეზენტაცია. მასში წარმოდგენილია ეკატერინე გამახარიასა და ფემინისტი მკვლევრის, მაგდა კარდენასის თანაავტორობით დაწერილი თავი, რომელიც ასახავს დევნილი ქალების ტრანსფორმაციას - მსხვერპლიდან ლიდერობამდე. ტექსტი ეფუძნება ქალთა ფონდი „სოხუმის“ მრავალწლიან გამოცდილებას და აერთიანებს როგორც პირად ისტორიას, ისე აქტივიზმის პრაქტიკულ და აკადემიურ ანალიზს.
„ეს გამოცდილება ჩემთვის უნიკალური იყო. ამ თავში მე აღარ ვიყავი მხოლოდ კვლევის რესპონდენტი, ვიყავი ავტორი, რომელსაც ჰქონდა თავისუფლება, ეამბნა თავისი სიმართლე,“ - აღნიშნა ეკატერინე გამახარიამ.
მისი თქმით, დღეს, როცა სამოქალაქო სივრცე ვიწროვდება და გენდერული საკითხები პოლიტიზებული ხდება, დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალები მაინც აგრძელებენ ბრძოლას – „არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენს გარეშე!“