ბლოგი „ქალები უკრაინიდან“

ქალები უკრაინიდან - მარტიდან ასეთი ახალი ბლოგი გაჩნდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდზე.

მთავარი გმირები ქალები არიან - ხერსონიდან, ჩუგუევიდან, კიევიდან, ხარკოვიდან, ბერდიანსკიდან, ვინიცადან...

ეს არის სევდიანი და იმედიანი ისტორიები.

რამდენიმე ფრაზა სხვადასხვა ჩანახატიდან:

„ბავშვობაში მახსოვს, ბებიები და ბაბუები სულ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ - ოღონდ მშვიდობა იყოს და სხვა არაფერი გვინდაო. ჩვენ მშვიდობა გვქონდა და გვეცინებოდა მათ ნათქვამზე. მათ ომი ჰქონდათ გამოვლილი და იცოდნენ მშვიდობის ფასი. ახლა განსაკუთრებით კარგად ვხვდები ამ სიტყვების აზრს“, - კატერინა მირნაია.

„დედას ოჯახური მეურნეობა აქვს: ქათმები, კვერცხი, ბოსტნეული. სამ ბოსტანში დაუთესია კარტოფილი... ჩვენ გველოდება და უნდა დაგვახვედროს“, - ალინა დზიუბინსკაია.

„ორი დედა მყავს ხერსონში - ჩემი და ჩემი ქმრის, ყველაფერი იქაა - სახლი, ბინა, მეგობრები, ახლობლები, მენატრება და შიში მაქვს მათი დაკარგვის. სულ იმას ვნატრობ, მალე წავიდე ჩემს ქვეყანაში“, - ტატიანა ხოდაკოვსკაია.

https://blogofwomanfundsukhumi.tilda.ws/

ბლოგში უკვე 15 ქალის ამბავია მოთხრობილი. ამბები, რომლებიც ერთმანეთს ჰგავს და განსხავდება კიდეც...

ისეთი ბლოგია, აუცილებლად რომ უნდა წაიკითხოს ადამიანმა. იმიტომ რომ შეიგრძნოს ომის სისასტიკე და ყველაფერი გააკეთოს მშვიდობისთვის...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ერთ-ერთი უკრაინელი ქალი ონკოლოგიაში მკურნალობას გადის და ჩვენ აქტიურად ვეხმარებით, სამედიცინო პროცედურებს ვუფინანსებთ. ჩვენი ორგანიზაცია ერთადერთია, ვინც მას გვერდში უდგას ამ რთულ პერიოდში. ანალიზების შემდეგ კარგი ამბები გავიგეთ - მე-4 სტადია არ დადასტურდა და ის განაგრძობს ბრძოლას…

ჩვენს ბაზაში უკრაინიდან 337 ლტოლვილია. ოქტომბერში ბაზაში დავამატეთ 16 ადამიანი. დახმარება გავუწიეთ 31 ოჯახს და 2 ქალს. სამ ოჯახს ვუგრძელებთ საცხოვრებლის თანხის გადახდას, ამ კატეგორიას დაემატა კიდევ 9 ოჯახი.

ვაგრძელებთ სამუშაო ადგილების ძებნასაც. ერთ-ერთი ჩვენი ბენეფიციარი  სამკერვალო ფაბრიკაში მოვაწყვეთ. ამ მომენტში არის მცხობელის ვაკანსია მამაკაცისთვის.

ყველა მსურველს შეუძლია მიიღოს ფსიქოლოგის კონსულტაციები. ისინი მონაწილეობენ ქართველი და უკრაინელი ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულ ფსიქო-სარეაბილატაციო სეანსებში. ასევე ვთავაზობთ იურისტის კონსულტაციებს. ჩვენ მოგვმართა მარტოხელა დედამ, რომელსაც ჩამოსვლისთანავე, ვითომ საცხოვრებლის ყიდვისთვის გამოართვეს 1500 დოლარი და მიიმალნენ - სამწუხაროდ, თაღლითების კვალს ვერ მიაგნეს.  მას დღემდე ეხმარება იურისტი, რომელმაც ჩვენთან მოიყვანა. ჩვენგან მიიღო სურსათის პაკეტი და ასევე ვეხმარებით ბინის თანხის გადახდაში.

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე მონაწილეებმა კვლევის შედეგები მოისმინეს. კვლევამ დევნილთა დასახლებების სოციალური პროფილი გამოკვეთა და ის აქტუალური საკითხები წარმოაჩინა, რომლებიც მოსახლეობას განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის.

დასახელებული პრობლემებიდან მონაწილეებმა ყველაზე აქტუალური პრობლემა შეარჩიეს, რომლის ადვოკატირებასაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეეცდებიან. უკვე შეირჩა ქალთა ჯგუფი, რომელიც იდენტიფიცირებულ პრობლემას ქალაქის პირველ პირებთან განიხილავს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე ხონის ქალთა ქსელის წარმომადგენლებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის დოკუმენტი.

განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმო იმ მონაცემების განხილვას, რომლებშიც ხონის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლების პრობლემები არის ნაჩვენები.   

შეხვედრაზე გამოიკვეთა პრიორიტეტული პრობლემები, რომელთა ადვოკატირებასაც ჯგუფი უკვე ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაიწყებს.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

„ყველა ფემიციდის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდ „სოხუმის“ ორგანიზებით, საჯარო დისკუსია გაიმართა. ღონისძიებას 180-მდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის დასავლეთ საქართველოს 16 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, სოციალური სააგენტოების, იურიდიული სამსახურების,   ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წევრები, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, მანდატურის სამსახურის, რესურსცენტრების და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ფონდი „სოხუმის“ სხვადასხვა პროექტის ქალთა/ახალგაზრდული ჯგუფები და ჟურნალისტები.

დამოუკიდებელი ექსპერტის, გოგა ხატიაშვილის მოსაზრებით - „გამოსავალი ერთია, მოვუსმინოთ ყველას!“

ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია/კონფერენცია კიდევ ერთი მცდელობაა, საერთო პრობლემის მოგვარების გზაზე, ერთ დემოკრატიულ სივრცეში და ერთ ენაზე ილაპარაკოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.

პრობლემებზე მსჯელობა ზუგდიდში

პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად, ზუგდიდის ქალთა ქსელის წარმომადგენლებმა გამოავლინეს ის პრიორიტეტული პრობლემები,  რომელთაც წარუდგენენ ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა მოხდეს მათი ადვოკატირება.

ონლაინ ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა სწორედ ამ პრობლემებზე იმსჯელა. მათი მოგვარება კარგი იქნება როგორც დევნილი ქალებისა და ახალგაზრდებისათვის, ასევე მუნიციპალიტეტის თითოეული მცხოვრებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფმა მორიგ შეხვედრაზე დევნილთა დასახლებებში ჩატარებული კვლევის შედგებზე იმსჯელა.

გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია დევნილებისთვის და რომელთა მოგვარება მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე შეირჩა ქალთა ჯგუფი, რომელიც იდენტიფიცირებული პრობლემის ადვოკატირებას შეუდგება. პროცესში აქტიურად ჩაერთვება ადგილობრივ თვითმმართველობა.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენლებმა - ლინდა ჩიხლაძემ და ნინო კორინთელმა მონაწილეობა მიიღეს WWP EN-ის მიერ ორგანიზებულ ვებინარში მამაკაცების ჩართულობის მნიშვნელობაზე ბავშვის მოვლისა და ოჯახში ძალადობის შესახებ საუბრებში.

ღონისძიებაზე ჩვენმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქართულ საკანონმდებლო მოწესრიგებაზე  და იმაზე, თუ რა მნიშვნელობისაა ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის მამაკაცების მონაწილეობა ბავშვის ზრუნვა/აღზრდაში.

6-9 ოქტომბერს გაიმართა ფემინისტური ფორუმი „სხეული და გარემო: ზრუნვის ორგანიზების, წინააღმდეგობის და სოლიდარობის ფემინისტური იდეები და პრაქტიკა”.

ოთხი დღის განმავლობაში, ქვიარ და ფემინისტ აქტივისტებთან, მკვლევრებთან და ფორუმის მონაწილეებთან ერთად, ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები - ნინო კორინთელი და ლინდა ჩიხლაძე ჩართული იყვნენ უსაფრთხო სივრცის ინტერდისციპლინური, ადგილობრივი და რეგიონული ცოდნის და  გამოცდილების გაცვლისა და მსჯელობის პროცესში.

WISG-ის გუნდთან ერთად ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ ეს შთამაგონებელი დღეები აუცილებლად დაედება საფუძვლად ფიქრის, შრომისა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს. მათ შორის, ფორუმის ტრადიციის გასაგრძელებლად, ქვიარ ფემინისტური წარმოსახვის, ცოდნისა და პრაქტიკის ახალი სივრცეების შექმნისა და ტრანსფორმაციისთვის.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები