ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალი მონიტორინგის მოკლე ანგარიშს - „ძალადობაგამოვლილი ქალების მიერ მხარდაჭერის სერვისების არჩევისა და შეფასების კრიტერიუმები: ეფექტიანობა და საჭიროებებზე მორგებულობა“. კვლევის ამ ანგარიშში ასახულია ქალების დამოკიდებულება მხარდაჭერის სერვისების ეფექტიანობის მიმართ, თუ რამდენად მორგებულია ძალადობამგამოვლილი ქალებისთვის განკუთვნილი სერვისები მათ საჭიროებებზე, და ის, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ ისინი მომსახურების არჩევისას და შეფასებისას.
კვლევის მიგნებებით, რესპონდენტთა უმრავლესობა, დაცულობისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით, უპირატესობას ანიჭებს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია შედარებით დაბალ, თუმცა არცთუ მცირე მაჩვენებელს ავლენს დაცულობის და გამოწვევებთან გამკლავების თვალსაზრისით. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კვლევაში შეფასებულია სერვისების მიმწოდებლები ისეთი მახასიათებლების მიხედვით, როგორიცაა ხელმისაწვდომობა, მოქნილობა, კოორდინაციის უნარი და ა.შ.
დოკუმენტი ეფუძნება ფონდი "სოხუმის" მიერ 2024 წლის მაის-ოქტომბრის პერიოდში ჩატარებულ თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევას, რომლის ფარგლებში გამოიკითხა 600-ზე მეტი რესპონდენტი, 11 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ჩოხატაური, ქობულეთი, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, თერჯოლა, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა და ხობი.
სამიზნე მუნიციპალიტეტებში ადვოკატირების ჯგუფებმა გამოავლინეს პრობლემები და მცირე ინიციატივების ფარგლებში მათი მოგვარებაც შეძლეს.
ადვოკატირების ჯგუფების წევრ ქალებს მიეცა შესაძლებლობა, წამყვანი როლი შეასრულონ თემისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტაში. ქალების ჩართულობა თემის უსაფრთხოების და კეთილმოწყობის საკითხებში ამაღლებს მათ სოციალურ სტატუსს და გავლენას ოჯახსა და საზოგადოებაში, რაც ძალადობის რისკის შემცირების ძლიერი ფაქტორია.
გამოვლენილი პრობლემები უკავშირდება მოწყვლადი ქალების მხარდაჭერას, მათ ეკონომიკურ გაძლიერებას, ასევე - ქალებისა და ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. ინიციატივების განხორციელებით განახლდა მიტოვებული სტადიონები, გამწვანდა სკვერები, მოხდა ჯანსაღი ფასეულობების ჩამოყალიბება ახალგაზრდებში და მარტოხელა დედების მხარდაჭერა. ეს ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი ეფექტიანობით გამოირჩევა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წყალტუბოს, ვანის, სამტრედიის, ხონის, ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა შეხვედრები ჯგუფური და ინდივიდუალური ფორმატით. შეხვედრები განსხვავებული იყო ერთმანეთისგან, განსხვავებული აზრებისა და შეხედულებებისგან გამომდინარე.
შეხვედრების ძირითადი თემა იყო „ოჯახში ძალადობა“. მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ოჯახში ძალადობა არის სისტემატური და განგრძობადი, ის წარმოადგენს ძალადობის ციკლს, რომელიც შეიძლება დაიყოს რამდენიმე ფაზად: 1. დაძაბულობის ფაზა, 2. ძალადობის ფაზა და 3. თაფლობისთვის ფაზა.
მონაწილეებს განემარტა, რომ ძალადობის ციკლი არასოდეს მთავრდება, თუ ის რაიმე ფაქტორმა არ შეაჩერა. თემამ განსაკუთრებული დისკუსია გამოიწვია და ცოცხალი მაგალითების განხილვით გაგრძელდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ მოკლე ანგარიშს - „ქალების ინფორმირებულობის ხარისხი ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების შესახებ“ აღნიშნულ მოკლე მონიტორინგის ანგარიშში გაანალიზებულია ქალების ინფორმირებულობის დონე ქვეყანაში მოქმედი მხარდაჭერის სერვისების შესახებ, მათი ინფორმირების წყაროები და ის გამოწვევები, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სერვისების ხელმისაწვდომობაზე.
დოკუმენტი ეფუძნება ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ 2024 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდში ჩატარებულ თვისებრივ და რაოდენობრივ კვლევას, რომელიც მოიცავს 600-ზე მეტ რესპონდენტს 11 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ჩოხატაური, ქობულეთი, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, თერჯოლა, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ხობი.
დღის სარეაბილიტაციო ცენტრში დასრულდა ორთვიანი პოლიმერული თიხის შემსწავლელი კურსი. კურსის მონაწილე ქალები დაეუფლნენ პოლიმერული თიხის დამუშავების სხვადასხვა ტექნიკას. შემაჯამებელ შეხვედრაზე გაიმართა მათი ნამუშევრების გამოფენა. კურსდამთავრებულებმა ისაუბრეს მიღწეულ შედეგებზე:
- ინფორმაციული იყო სწავლების პროცესი. ყველა დავალება იყო ახსნილი დეტალურად.
- ვფიქრობდი ჩემი ცხოვრების შეცვლაზე... მინდოდა, მეპოვა ჩემი ნიჭი, ჩემი გზა. მე ეს შევძელი!
- ეს იყო ახალი ცოდნის და ემოციების ორი თვე. ძერწვის გარდა, ფსიქოლოგის დახმარებით ვისწავლე ჩემს შიშებთან გამკლავებაც, გავხდი უფრო კონცენტრირებული და გამიჩნდა პატარა ბიზნესის წამოწყების სურვილი, მადლობა ფონდ „სოხუმს“ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ჩვენს ვებგვერდზე „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ აქტიურია კატეგორია „ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორების რუკა“ - https://sosfsokhumi.ge/map
რუკა მოიცავს ოფიციალურ და ქალთა ფონდი „სოხუმის“ სტატისტიკას რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით. რუკა მკითხველს აცნობს 2023 და 2024 წლების მონაცემებს: აქ განთავსებულია ოჯახში ძალადობის შესახებ მიმართვიანობის სტატისტიკა, დასაქმების თუ მიგრაციის დონე და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მსურველებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორები (ოფიციალური სტატისტიკის მიმოხილვა)“, რომელშიც წარმოდგენილია გამოწვევები და რეკომენდაციები.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ხონის, ჩოხატაურის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში ჩამოყალიბებულ ქალთა ადვოკატირების ჯგუფებს საშუალება მიეცათ, განაცხადები შემოეტანათ „სამოქალაქო ინიციატივების“ კონკურსზე. საკონკურსო ბარიერის გადალახვის შემდეგ მათ განახორციელეს თავიანთი ინიციატივები: ხონის და წყალტუბოს დევნილთა დასახლებებში და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში განახლდა და გამწვანდა არსებული სკვერები. ეს ხელს შეუწყობს სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს შექმნას თემებში, ასევე თემის წევრების სამოქალაქო აქტივიზმის ზრდას.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალ სოციალურ ვიდეორგოლს, სადაც მსახიობები - ნინო ჭოლაძე და ნანცო ცხვირავაშვილი გოგონების მიმართ ონლაინ ძალადობის და ციფრულ სივრცეში გენდერული დეზინფორმაციის საფრთხეებზე საუბრობენ.
მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია!
ხონის ქალთა ქსელის მორიგი შეხვედრა ადვოკატირების საკითხებს დაეთმო. ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ განიხილეს საჭიროებათა კვლევის დოკუმენტი და მასში ასახული რეკომენდაციები.
აქტიური დისკუსიის შედეგად გამოვლინდა პრობლემები, რომლებზეც ჯგუფი მუშაობდა, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. გადაწყდა, რომ ეს პრობლემები კვლავ დადგეს დღის წესრიგში და მაქსიმალურად გადაიხედოს წინაღობები, რომელთაც ეფექტიან ადვოკატირებას შეუშალეს ხელი - ეს არის დევნილთა დასახლებაში არსებული ამორტიზირებული შენობების პრობლემა, ასევე - აფთიაქის, ქსელური მარკეტის და საწრეტი არხების არარსებობის პრობლემა. ჯგუფმა შეიმუშავა გეგმები, რომელთა მიხედვითაც წარიმართება ადვოკატირების პროცესი.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით