ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად ჩაერთნენ 16-დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

მობილიზატორების ინიცირებით, აქტიური დისკუსიები მიმდინარეობდა აქტუალურ საკითხებზე: გენდერული სტერეოტიპები, გენდერული ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და მისი ნეგატიური შედეგები, ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისები, ოჯახური კონფლიქტები და პრევენციული გზები...

ათივე ქალთა მხარდაჭერის ცენტრში დარიგდა საინფორმაციო ფურცლები და პოსტერები. ჩატარდა აქციები ადგილობრივი სტრუქტურების ჩართულობით.

ფილმების ჩვენება, დისკუსიები, ვორკშოპები, საინფორმაციო შეხვედრები, დებატ-კლუბები, ნახატების გამოფენები, აქციები - კამპანიის ფარგლებში 34 სხვადასხვა ფორმატის აქტივობა ჩატარდა.  16-დღიანმა კამპანიამ 40-ზე მეტი ქალაქი თუ სოფელი მოიცვა -  ჩაერთო 300-ზე მეტი ადამიანი.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ოჯახში ძალადობა საყოველთაო პრობლემაა და მის მოსაგვარებლად ერთიანი ძალისხმევა და  კომპლექსური მიდგომებია საჭირო.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორების რუკა - ჩვენს ვებგვერდზე https://sosfsokhumi.ge უკვე ამოქმედდა ეს კატეგორია.

არის ოფიციალური სტატისტიკა და ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევის მონაცემები. ცალკეული რეგიონის სტატისტიკის სანახავად რუკაზე უნდა აირჩიოთ შესაბამისი ერთეული - იმერეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა.

დაინტერესებულ პირს რეგიონების მიხედვით შეუძლია გაიგოს, როგორია  ოჯახში ძალადობის შესახებ მიმართვიანობის სტატისტიკა, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინებები, დასაქმების თუ მიგრაციის დონე, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების სტატისტიკა.

სტატისტიკის ნახვა შეიძლება რეგიონის ცალკეული მუნიციპალიტეტის მიხედვითაც. სამეგრელოში სამი მუნიციპალიტეტია წარმოდგენილი: სენაკი, ზუგდიდი და წალენჯიხა, იმერეთში - ხუთი: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია და ბაღდათი, თითო მუნიციპალიტეტის მონაცემებია დაფიქსირებული გურიასა და აჭარაში: ჩოხატაური და ქობულეთი.

როგორც ინტერნეტმომხმარებლების უკუკავშირიდან გავიგეთ, რისკების  რუკა საჭირო ინფორმაციას აწვდის მკითხველს, საკითხზე მომუშავე თუ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ადამიანებს.

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

პროექტის შეჯამება

  • ოთხშაბათი, 13 დეკემბერი 2023

სიუჟეტში შეჯამდა მუშაობა პროექტში „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება, გაეროს რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე განხორციელების ხელშეწყობა“.

ვიდეოჩანაწერში წარმოდგენილია პროექტში ჩართული ხუთივე მუნიციპალიტეტი - ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი და ზუგდიდი. ამ მუნიციპალიტეტებში აქტიურად მოქმედებდა საინიციატივო ჯგუფები. ამ ჯგუფების წარმომადგენელი ქალები საუბრობენ, თუ რა მისცა მათ პროექტმა და ქსელურმა მუშაობამ. ისინი მაყურებელს უზიარებენ თავიანთ წარმატებებს, იმას, თუ რა შედეგებს მიაღწიეს და  როგორ ჩამოყალიბდნენ ლიდერებად, რომელთაც შეუძლიათ პრობლემების გამოვლენა, ადვოკატირება და მოგვარება თავიანთი თემის უკეთესი საცხოვრებელი პირობებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ფინალური შეხვედრა ქუთაისში

ქუთაისში, სასტუმრო „გელათი რეზიდენსში“ გაიმართა  შემაჯამებელი შეხვედრა პროექტის „ქალები და ახალგაზრდები - ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოების დღის წესრიგის  ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაციისათვის“  ფარგლებში,

შეხვედრას ესწრებოდნენ ლიდერი და აქტივისტი ქალები ხუთი სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ქუთაისი, ხონი, სენაკი, წყალტუბო, ზუგდიდი.

შეკრებილებმა  კიდევ ერთხელ შეაფასეს პროექტის დინამიკა, შეაჯამეს მიღწეული შედეგები, ისაუბრეს ქსელური მუშაობის ეფექტიანობაზე. 

ყურადღება გამახვილდა  გამოწვევებზე და ჯერ კიდევ ადვოკატირების პროცესში მყოფ პრობლემებზე. 

შეხვედრის მოპნაწილეთა უკუკავშირი:

„ეს იყო მნიშვნელოვანი პროექტი ჩემთვის, რადგან გამიხსნა გზა საზოგადოებრივი ასპარეზისკენ, ჩავერთე სხვადასხვა პროექტში.“

„23 წლის ასაკში დავრწმუნდი, რომ ქალთა ძალისხმევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პრობლემებზე მუშაობისას, რომლებიც  მნიშვნელოვანია თემისთვის და განსაკუთრებით - ქალებისთვის“

„ვიყავი „კუთხეში მდგარი ლიდერი“, დღეს კი თავისულფად  შემიძლია წარვსდგე დიდი აუდიტორიის წინაშე და თამამად ვთქვა, რომ მე ამ პროექტმა გამზარდა.“

„პროექტმა დაგვანახა ქსელური მუშაობის ძალა და ეფექტი, რაც დაგვეხმარა ყოფითი პრობლემების ადვოკატირებაში და სოციალური პროფილის გაუმჯობესებაში.“

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ადვოკატირების ჯგუფმა თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალურ ცენტრში ჩაატარა შეხვედრა ორგანიზაციის ბენეფიციარებთან, რომელთაც მიეწოდათ ინფორმაცია სიახლეებზე, რაც მუნიციპალიტეტის  2024 წლის ბიუჯეტში იგეგმება.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების პროგრამებზე და იმ პროგრამებზე, რომლებიც გათვლილია ძალადობის მსხვერპლთათვის - ეს არის ერთჯერადი დახმარება და ბინის ქირა. აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამებზე მეტი იცოდეს საზოგადოებამ, რომ ინფორმაციაც გამოიყენონ და მისი მიზნობრიობაც კარგად დაინახოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ.  

გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომდგენელმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა კარგი სიახლე - 2024 წელს საბჭოს ექნება თავისი ბიუჯეტი, რომელშიც გაიწერება ქალებისთვის მნიშვნელოვანი ბევრი მიზნობრივი სერვისი.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ომი ყველაზე სასტიკი ძალადობაა ქალების მიმართ - ეს კარგად ვიცით აფხაზეთიდან დევნილმა და უკრაინიდან ლტოლვილმა ქალებმა. ამიტომაც ჩაერთნენ ჩვენი უკრაინელი სტუმრები კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

ისინი დაესწრნენ კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებას, მოისმინეს ინფორმაცია ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.

უკრაინელები სამადლობელი სიტყვითაც გამოვიდნენ. აღნიშნეს, რომ განუზომელია ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერა მათი ოჯახებისთვის. ეს გამოიხატება ჰუმანიტარულ დახმარებაში, ფსიქოლოგიურ კონსულტაციებში თუ გადამზადებაში - მაგალითად, რამდენიმემ გაიარა პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსები დღის სარეაბილიტაციო ცენტრში.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებთან და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან გატარებული დღე სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დასრულდა უკრაინელი სტუმრებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თოჯინების თეატრი - სკოლაში

16-დღიან კამპანიაში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ფორუმ-თეატრის გეგმიურ ჩვენებებთან ერთად გაიმართა თოჯინების თეატრის წარმოდგენაც.

შეხვედრა ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში შედგა. მაყურებლები იყვნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები. ახალგაზრდა მსახიობებმა ბავშვებს უჩვენეს სპექტაკლი „გვრიტი“. პატარები დიდი ინტერესით უყურებდნენ წარმოდგენას, რომელიც ეძღვნება მეგობრობას, თანადგომას, თანასწორობას. სკოლის ხელმძღვანელობამ მადლიერება გამოხატა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების მიმართ და იანვრის ბოლოს კიდევ სთხოვა თოჯინების თეატრს ჩვენების ჩატარება სკოლაში - ამჯერად სხვა კლასებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკში, დევნილთა დასახლებაში გაიმართა ტრენინგი თემაზე „ქალთა ლიდერობა, პრეზენტაცია, საჯარო გამოსვლა.“

ტრენინგს ესწრებოდნენ ლიდერი, აქტივისტი ქალები 15 სხვადასხვა კოლექტიური თემიდან. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ლიდერობის მახასიათებლებზე და ლიდერისთვის საჭირო მნიშვნელოვან უნარებზე.

კიდევ უფრო საინტერესო იყო მეორე ნაწილი - თვითპრეზენტაციის და საჯარო გამოსვლების შესახებ.

მონაწილეები საკუთარი ისტორიებით, პრაქტიკული მაგალითებით აქტიურად ჩაერთნენ თემის განხილვაში. მათი შეფასებით, ტრენინგი სასარგებლო იყო და მიღებული ცოდნა მათ პრაქტიკულ საქმიანობაში ჰპოვებს ასახვას.

მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი წელსაც, როგორც შარშან, აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

ქალთა ფონდი „სოხუმმა“ მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით ჩაატარა ოთხი ტრენინგი საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის თემაზე „გენდერი, გენდერული სტერეოტიპები, გენდერული ძალადობა.“

გენდერის არსი, სტერეოტიპები, რომლებიც გვესმის პატარა ასაკიდან, გენდერული დისბალანსი, რაც იწვევს ძალადობას და ძალადობის აღმოფხვრის გზები - ამ საკითხებზე ისაუბრეს შეკრებილებთან ტრენერებმა: ლარისა შენგელიამ, ხათუნა გოგუამ, ანჟელა ჩიხლაძემ და ლალი შენგელიამ.

ტრენინგების ციკლი აქტიურად, საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები