„გავაანალიზე, რომ თანამშრომლობისა და მოქალაქეების ფართო ჩართულობის გზით შესაძლებელია ისეთი სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება და შედეგების მიღწევა, რომლებიც ცალკეული ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის რთული მისაღწევია“.

„რისი გვჯერა? რა ცვლილებების მიღწევა გვინდა? როგორ მოვიქცეთ ამ ცვლილებების განსახორციელებლად? მივხვდი, რომ თუ ამაზე პასუხი არ გვექნა, ერთობლივად ვერ ვიმოქმედებთ“.

„გავიაზრე, რომ გუნდურ მუშაობას მეტის მოტანა შეუძლია. ბევრად უფრო მიმზიდველია, როცა ერთი მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ჯგუფი ერთიანდება და ეს დიდი ძალაა“.

ეს არის  ტრენინგის მონაწილეთა შეფასებები.  დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის მორიგი მე-6 ტრენინგი 13-14 მაისს ჩატარდა თემაზე „კოალიცია და ქსელები“.  

მონაწილეები გაეცნენ სამოქალაქო აქტივისტების გაერთიანების ფორმებს, გუნდური მუშაობის დაგეგმვას და რესურსების სწორად განაწილებას.

ინფორმაცია რეალურ მაგალითებზე და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაყრდნობით იქნა მიწოდებული. ინტერაქტიულმა მუშაობამ კი მონაწილეებს უშუალო გარემო შეუქმნა საკითხის უფრო კარგად გააზრებისთვის.

  

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სამუშაო შეხვედრა ვენაში

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო WAVE ქსელის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში - ვენაში კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონებში ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად ეუთოს მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის დაწყებისთვის. პროექტის მიზანია, შეიმუშაოს ის ინსტრუმენტები, რომლებიც ასახავს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების საუკეთესო პრაქტიკებს ომის დროს და ომის შემდეგ გენდერულ ძალადობაზე რეაგირების და პრევენციის საკითხებზე. პროექტის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები სახელმძღვანელო ინსტრუმენტების მნიშვნელობაზე, განსაზღვრეს მიზანი და პოტენციური სამიზნე აუდიტორია, სტრუქტურა და პრაქტიკები, რომელთაც უნდა შეიცავდეს საბოლოო დოკუმენტი.

პროექტში ჩართულნი არიან WAVE წევრი ორგანიზაციები -  სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ქალთა ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი, საქართველო), გაერთიანებულ ქალთა ფონდი Banja Luka (ბანა ლუკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა) და ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა). დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - https://wave-network.org/new-project-supporting-women-survivors-of-violence-in-conflict-and-post-conflict-areas/

ეკატერინე  გამახარია დაესწრო WAVE-ის მრჩეველთა საბჭოს წევრების სხდომის ბოლო სესიას (11 მაისი), სადაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, გაეზიარებინა თავისი იდეები იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელონ WAVE-ის პროექტები და ქსელის წევრ ორგანიზაციებში დაგროვილი ფართო ექსპერტიზა გახადონ უფრო ხელმისაწვდომი და მომგებიანი ქალთა ორგანიზაციებისათვის.

„მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში“ - ამ თემაზე ჩაუტარდათ ტრენინგი ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს.

სამართლებრივი აქტები, თვითმმართველობის ფინანსური უზრუნველყოფის პრინციპები ევროპული ქარტიის მიხედვით, თვითმმართველი ერთეული და მისი უფლებამოსილებები ამ და მრავალ სხვა საკითხს შეეხო იურისტი თამარ ფაჩულია.

მონაწილეები გაეცნენ ძალადობის მსხვეპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრის ვებ-გვერდის მუშაობას https://sosfsokhumi.ge/

ასევე, ქალთა კლუბის ერთ-ერთმა მონაწილემ - ნათია ჯიმშელეიშვილმა ისაუბრა საკუთარ წარმატების ისტორიაზე, განვლილ გზაზე - თუ როგორ მიაღწია ყველაფერს. 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის და ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის ონლაინ ჩატარდა მეხუთე ტრენინგი თემაზე: „ადგილობრივი თვითმმართველობა და სამოქალაქო ჩართულობის ფორმები“.

მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობებს, სამოქალაქო ჩართულობის ფორმებს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ჯგუფებში ემუშავათ საკითხებზე: რა უშლის ხელს სამოქალაქო ჩართულობას ადგილობრივ დონეზე; როგორ უნდა ამაღლდეს მოქალაქეთა მოტივაცია, რათა უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში. დისკუსიის დროს მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.

მათი შეფასებით, სატრენინგო თემები მნიშვნელოვანი იყო:

„გავეცანი მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებს. მსგავს ინფორმაციას ბევრი ადამიანი უნდა ფლობდეს.“

„ამ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. ვიგრძენი პასუხისმგებლობა, რომ უფრო მეტად ჩავერთო მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში.“

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

მაისში დაიგეგმა ტრენინგები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. სწორედ ამის შესახებ მიეწოდა ინფორმაცია ხონის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს. საინფორმაციო შეხვედრა ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

პროექტის ასისტენტმა ჯგუფს გააცნო ტრენინგების თემები, დაიგეგმა ჩატარების დრო. ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ ისინი დიდი ინტერესით დაესწრნენ აპრილში ჩატარებულ ოთხ ტრენინგს, ახალი ციკლიც საინტერესო და პრაქტიკულ თემებს მოიცავს და ისინი აქტიურად ჩაერთვებიან სატრენინგო მუშაობაში.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. მონაწილეებმა ისაუბრეს აპრილში ჩატარებულ ტრენინგებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრები სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და გამოცდილების ქალები არიან, ტრენინგზე განხილული თემები ყველასთვის ერთნაირად საინტერესო აღმოჩნდა. მათთვის სასიხარული იყო ინფორმაცია სატრენინგო ციკლის გაგრძელების შესახებ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ტრენინგები მაისშიც ჩატარდება სამიზნე მუნიციპალიტეტების 50 აქტიური წარმომადგენლის მონაწილეობით.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

„სტერეოტიპები და ტოლერანტობა“ - ამ საკითხებზე ჩატარდა ტრენინგი სოფ. დიდინეძის ახალგაზრდულ ჯგუფთან.

ეს არის ის თემები, რომლებსაც ხშირად ვეხებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა, ტერმინების ჭეშმარიტი მნიშვნელობა და წარმოშობის ისტორია ყველამ როდი იცის, სწორედ ამ საკითხზე ისაუბრეს ფონდი „სოხუმის“ ტრენერებმა ლალი შენგელიამ და ანჟელა ჩიხლაძემ.

ბავშვების ჩართულობა ძალიან მაღალი იყო, ისინი აქტიურად ერთვებოდნენ პოლემიკაში და გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სენაკის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ შეხვედრაზე მონაწილეებმა აპრილში გამართული ტრენინგები შეაფასეს და მიღებული ინფორმაციების მნიშვნელობაზე ისაუბრეს:

„მე არ მაქვს შესაძლებლობა, ასეთი თემატური ტრენინგები მოვისმინო. ამიტომ ეს ჩემთვის არის კარგი შანსი, უფრო მეტად ვიყო ინფორმირებული“.

„ტრენინგების ციკლი დაგვეხმარება, რომ უფრო მეტად გავაქტიურდეთ და პრობლემების ადვოკატირებაში პრაქტიკულად ჩავერთოთ“.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია ახალ სატრენინგო თემებზე. მათი თქმით, ტრენინგების დასრულების შემდეგ გაიზრდება მათი მოტივაცია, აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

მორიგი შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფთან. ყურადღება გამახვილდა აპრილში გამართული ტრენინგების ციკლზე. მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგები იყო ინფორმაციული, მარტივად აღსაქმელი და პრაქტიკული.

- ჩემთვის მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ტრენინგებში მონაწილეობა, ყოველი ახალი თემა ახალი შესაძლებლობების მომცემია, მიხარია, რომ ამ პროექტში მოვხვდი, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მაისის სატრენინგო თემებზე. მათი თქმით, ტრენინგების ციკლის დასრულების შემდეგ ყოველი მათგანი შეიძენს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ხელს შეუწყობს აქტიურ მოქალაქეებად მათ ჩამოყალიბებას.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები