ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტი აქტიურად ხვდებოდა ბენეფიციარებს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ივლისში შედგა ჯგუფური და ინდივიდუალური იურიდიული შეხვედრები დასავლეთ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში: ვანში, ქობულეთში, ზუგდიდში (სოფელი კოკი), წალენჯიხაში, სამტრედიასა და თერჯოლაში. შეხვედრებში მონაწილეობდა 34 ადამიანი.   

იურისტმა ასევე სამი ინდივიდუალური კონსულტაცია გასცა ქუთაისში.

უფასო იურიდიული სერვისი  სერიოზული მხარდაჭერაა ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთთვის საინტერესო კითხვებზე იღებენ პასუხს და იურისტის დახმარებით შეუძლიათ კომპეტენტურად მოაგვარონ პრობლემები. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ გამართულ შეხვედრებზე ნათლად გამოიკვეთა, რომ სხვადასხვა თემში მცხოვრებ ქალებს განსაკუთრებით სჭირდებათ ინფორმაცია, რა რეაგირების მექანიზმი მუშაობს ძალადობის შემთხვევაში, ვის უნდა მიმართონ, როგორ დაეხმარონ მსხვერპლს, რათა შეძლონ მისი დაცვა.

შეხვედრებზე ამ საკითხებზე გაკეთდა აქცენტი. გამოვლინდა რამდენიმე კონფლიქტური ოჯახი, რომლებიც მობილიზატორებმა ფსიქოლოგთან და იურისტთან   გადაამისამართეს. 

შეხვედრები ჩატარდა ვანის, წალენჯიხის, ბაღდათის და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ამ სიტყვებს კომენტარები არ სჭირდება…

მ., 40 წლის: - პირველად ვიგრძენი ასეთი დიდი დახმარება, იმედი, პატივისცემა. გავეცანი სოციალურ სერვისებს და ჩემს უფლებებს, რომლებისთვისაც უნდა ვიბრძოლო და მივაღწევ სამართლიანობას. ყველას მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის, ყურადღებისა და გულითადობისათვის და დიდ წარმატებებს გისურვებთ ამ რთულ საქმეში.

ნ., 32 წლის: - აქ შევხვდი ყველაზე თბილ, პროფესიონალ და მზრუნველ ადამიანებს. მათგან მივიღე კონსულტაციები ყველა სფროში, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. ბევრი უნდა იყოს ასეთი ორგანიზაცია, სადაც მსხვერპლი საჭირო დახმარებას მიიღებს.

ივლისში ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში  6 ადამიანი იმყოფებოდა - ორი ქალი ბავშვებთან ერთად. ჩატარდა კომპლექსური მუშაობა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები პედაგოგი, სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი. 

                    

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მონიტორინგის ჯგუფმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე დაიწყო მუშაობა - მუნიციპალიტეტების ბაზაზე არსებული ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების ეფექტიანობის შეფასება და ამჟამინდელი გამოწვევების გამოვლენა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროგრამების და არსებული სტრუქტურის შესახებ ინფორმაციის შეგროვება. მონიტორინგის ჯგუფი აქტიურ კომუნიკაციაშია 10 სამიზნე მუნიციპალიტეტის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებებთან. ტარდება ჩაღრმავებული ინტერვიუები - როგორც პერსონალთან, ასევე ბენეფიციარებთან და ექსპერტებთან.

ძირითადი ფოკუსი მიმართულია ამ განყოფილებების, როგორც ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის ერთ-ერთი კომპონენტის, მუშაობის მექანიზმების გაანალიზება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხუთი თვეა, უკრაინაში ომია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მატულობს ლტოლვილთა რიცხვიც.

წინა თვის ბოლოს ჩვენს ბაზაში უკრაინიდან ჩამოსული 122 ადამიანი იყო, ახლა კი 197-ია. მათი ნაწილი ქუთაისში ცხოვრობს, ნაწილი - წყალტუბოში, სენაკში, ზუგდიდში, ტყიბულში, ხარაგაულში, ვანში, სამტრედიაში.

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ივლისში 15 ოჯახს გაუწია დახმარება. დაეხმარა ცალკეულ ადამიანებსაც. ვინაიდან აგვისტო საშვებულებო პერიოდია, მხარდაჭერის ჯგუფი ცდილობს, ამ თვეში კიდევ დაარიგოს დახმარების პაკეტები.

2 ივლისს ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ორგანიზებულ შეხვედრაში, სადაც ესწრებოდნენ ჯანდაცვის, საგარეო საქმეთა საინისტროს და სხვა უწყებების წარმომადგენლები. დაისვა ბევრი საჭირბოროტო საკითხი, რომლებიც სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს, მაგ., მცირეწლოვანი ბავშვების მკურნალობის, მშობიარობის, უფასო აცრების საკითხი.

სოფელ ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), კონფლიქტის გამყოფ ხაზზე, ჭრა-კერვის მორიგი კურსები ტარდება. აქ ასწავლიან თანამედროვე ტექნიკის გამოყენებას, ქსოვილების შერჩევას, მარტივიდან ყველაზე რთულამდე - სხვადასხვა ნაწარმის გამოჭრას და შეკერვას. ასე ხდება შემოქმედებითი ენერგიის რეალიზება.

როგორც კურსის მონაწილეები ამბობენ, საოცარი შეგრძნებაა, გააცოცხლო შენი იდეა, საკუთარი ხელით შექმნა სამოსი, შენი განუმეორებელი სტილი და გარდერობი. მათ იციან, რომ მიღებული ცოდნა შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი მცირე ბიზნესის დასაწყებად, ისევე, როგორც ფახულანის თუ ქუთაისის დღის სარებილიტაციო ცენტრის არაერთმა კურსდამთავრებულმა შეძლო.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ისინი სხვანაირ, ბევრად უკეთეს საზოგადოებას შექმნიან...

ლიკა,

ანასტასია,

მარიამი,

მათე,

ნინი,

ნური და სხვები...

სულ ოცნი არიან. ერთნაირად განსხვავებულები და ინდივიდუალურები. ნებისმიერ საკითხზე საკუთარი პოზიციები აქვთ, საკუთარი დამოკიდებულება, საკუთარი არგუმენტები.

ისინი წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრები არიან.

 ქალთა მხარდაჭერა, გენდერული თანასწორობის თემა საპროექტოდ შემთხვევით არ შეურჩევიათ. ამ თემაზე ხშირად დისკუსიობენ. ამბიციები დიდი აქვთ და მიაჩნიათ, რომ ხვალინდელი საზოგადოება ბევრად უკეთესი იქნება: ისეთი, სადაც თანასწორობას და ჰარმონიას თანაბარი შესაძლებლობები დააბალანსებს.

“ჩემთვის თანასწორობა ნიშნავს წესრიგს საზოგადოებაში. ამ პროცესში ქალიც და კაციც თანაბრად უნდა იყოს ჩართული. ორივე ერთნაირ გზას უნდა გადიოდეს მიზნის მისაღწევად“- ეს ანასტასიაა. ის ჯგუფის აქტიური წევრია. პროექტის ფარგლებში ვიდეორგოლი შექმნა თანასწორობის თემის პროპაგანდით  და ასე მიაწვდინა საზოგადოებას ახალგაზრდების სათქმელი.

ქსელურ მუშაობაზე, ქსელის წევრების პასუხისმგებლობასა და გუნდურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მორიგ შეხვედრაზე ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.

მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიცია, რომ მზად არიან,  აქტიურად ჩაერთონ  დევნილთა საჭიროებების იდენტიფიცირების და პრობლემების გადაჭრის პროცესში.

შეხვედრაზე მონაწილეებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ლოკალური ქსელის შექმნასთან დაკავშირებით. მათი აზრით,  ფართო ქსელური მუშაობა ხელს შეუწყობს დევნილთა პრობლემების მოგვარებას.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე განიხილეს ქსელის შექმნის და მუშაობის პრინციპები: თუ რა სტრატეგიული მიმართულებები უნდა ჰქონდეს ქსელს, რომელიც აქტიურად იმუშავებს ადგილობრივ დონეზე გაეროს რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაციის კუთხით. ჯგუფის წევრები მოტივირებული არიან როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ქსელში აქტიური ჩართვისთვის. შეხვედრაზე გამოიკვეთა ადგილობრივი თემისთვის ყველაზე სენსიტიური პრობლემები.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა ნახეს კლიპი, რომელშიც პროექტში ჩართული ქალები  ტრენინგების ციკლზე საუბრობენ. ტრენინგების შედეგად ყველა მათგანის კომპეტენცია გაიზარდა სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ისინი აქტიურად იმუშავებენ თავიანთ თემში, რათა უკეთესობისკენ შეცვალონ დევნილი ქალების და გოგონების ცხოვრება.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები