ოზურგეთში გამართულ დებატებზე მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, პედაგოგებმა, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამედიცინო სფეროსა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა. განხილულ იქნა ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის განხორციელების  მესამე  მონიტორინგის და მოქალაქეთა საჭიროებების კვლევის შედეგები. ეს მუშაობა ჩაატარეს პარტნიორმა ორგანიზაციებმა - „განათლებისა და თანასწორობის ცენტრი“ და ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ -

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ ერთად.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჭიროებების კვლევის შედეგებს, გამოვლენილი პრობლემების მოგვარების გზებსა და პრევენციულ ღონისძიებებს.

ეს იყო მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია თემაზე „ელექტრონული პეტიცია ხონის მუნიციპალიტეტში". ხონის საკრებულოში ჩატარებულ შეხვედრას ესწრებოდა 28 მონაწილე: ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო  მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ შედეგების შესახებ.

პროექტის ერთ-ერთი წარმატებული შედეგია ელექტრონული პეტიციის სისტემის შექმნა და დანერგვა ხონში. გამომსვლელებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის თორმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარებული საინფორმაციო კამპანიის შესახებ, თემების სახელით წარდგენილ ელექტრონულ პეტიციებზე და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ პეტიციების განხილვის პროცესზე.

თერჯოლის სამუშაო ჯგუფს არაერთი წარმატება დაუგროვდა. პროექტის დასაწყისიდან ბევრი რამ გაკეთდა და მრგვალ მაგიდაზე სწორედ ამ აქტივობებზე გამახვილდა ყურადღება. შეხვედრას ესწრებოდნენ: მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, პედაგოგები, ექიმები, იურისტები, სოციალური მუშაკები.

შეხვედრის მონაწილეებმა კარგად დაინახეს, რა გააკეთა სამუშაო ჯგუფმა ბოლო პერიოდში. ისაუბრეს ადგილობრივი საჭიროებების მეორე კვლევაზე, რომელიც ახლახან დასრულდა და მალე პუბლიკაციის სახეს მიიღებს. გაიმართა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის პრეზენტაცია და აღინიშნა, რომ ისინი  საკმაოდ გააქტიურდნენ პროექტის ფარგლებში.

განსაკუთრებული აქცენტი დაისვა სამოქალაქო ბიუჯეტირების საკითხზე - ამჟამად დოკუმენტის შემუშავება მიმდინარეობს, მალე განთავსდება ვებგვერდზე და ამ პლატფორმაზე მოქალაქეებს საკუთარი იდეების  და საპროექტო განაცხადების დაფიქსირების საშუალება მიეცემათ.

„ახალი ხედვები საჯარო მმართველობის რეფორმის გატარების პროცესში, მოსახლეობის საჭიროებათა დასანერგად“ - ამ თემაზე ჩატარდა მრგვალი მაგიდა ვანში. შეხვედრაში აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მოსახლეობის საჭიროებათა შეფასებასა და გამოკვეთილ რეკომენდაციებზე. ისინი გაეცნენ ვანში რეგისტრირებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების კუთხით. ასევე გაკეთდა პრეზენტაცია ვანის სამუშაო ჯგუფზე, მის სტრუქტურასა და შედეგებზე.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფონზე გაიმართა. მონაწილეებმა დააფიქსირეს ის მიზეზები, რომლებიც ელექტრონული სერვისების გამოყენებას უშლის ხელს. ეს, ძირითადად, ინფორმირების დაბალ დონეს და სათანადო უნარების არქონას ეხება.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

არჩევნების მიმართ ნიჰილისტური განწყობის მიუხედავად, შეხვედრების მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივის  მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს. ინიციატივა უჩვეულო და ორიგინალურია - ეს არის ონლაინ პლატფორმა ზუგდიდში თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც ამომრჩეველს მისცემს ინფორმაციას პოლიტიკური სუბიექტების პოზიციებისა და მათთვის საინტერესო სხვა საკითხების შესახებ.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემში ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყეს. ისინი შეკრებილებს აცნობენ ინფორმაციას ფონდი „სოხუმის“ პლატფორმაზე. პირველი შეხვედრები 24-დან 29 ივნისამდე ჩატარდა კახათის ჩაის ფაბრიკის დევნილთა ჩასახლებაში, ხურჩის სათემო ცენტრში და სოფლის მცხოვრებლებთან - ინდივიდუალურად. შეხვედრებმა პანდემიის რეჟიმის გათვალისწინებით, მცირე ჯგუფებში ჩაიარა.

27-29 ივნისს ბორჯომში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „გენდერულად ორიენტირებული ადგილობრივი სოციალური პოლიტიკა“.

ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტიდან (სენაკი, ზუგდიდი, თერჯოლა, წალენჯიხა, ქობულეთი, სამტრედია, ვანი, ბაღდათი, ტყიბული, ჩოხატაური).

ტრენინგზე განხილული იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემასთან, გენდერულ პოლიტიკასა და ადგილობრივ გენდერულ საჭიროებებთან დაკავშირებული საკითხები. ჩატარდა პრაქტიკული სამუშაო - სამოდელო სამოქმედო გეგმებზე მუშაობა და მათი პრეზენტაცია.

ტრენინგის მესამე დღეს ზუგდიდის, ჩოხატაურის, სენაკის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა კოლეგებს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა, გამოცდილება, ინოვაციური პროგრამები სოციალური, ჯანდაცვის,  ასევე - ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის შეხვედრა ჩატარდა ქუთაისში. შეხვედრაზე მონაწილეობდა ხონში, ვანში, თერჯოლაში, ბაღდათში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, ცაგერსა და ამბროლაურში რეგისტრირებული 16 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია. მუნიციპალიტეტების მიხედვით გაანალიზდა ადგილობრივი საჭიროების მეორე კვლევის შედეგად გამოვლენილი შედეგები, მოხდა შედარება წინა კვლევასთან, თუ რა დინამიკა ფიქსირდება ამ ეტაპზე, რა შედეგებია და რა გამოწვევები რჩება.

ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში  გაიზარდა ინფორმირების დონე საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ და, შესაბამისად - ელექტრონული სერვისების გამოყენების სტატისტიკაც. ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვით 8 მუნიციპალიტეტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებს.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

8 მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „საჯარო პოლიტიკის ადვოკატირება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი“. ტრენერი შეეხო აქტუალურ თემებს: საჯარო პოლიტიკის ციკლი და ძირითადი ელემენტები, საჯარო პოლიტიკის ადვოკატირება და მისი მნიშვნელობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.

ტრენინგი ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, მონაწილეებმა თავიანთ გამოცდილებაზე ისაუბრეს, თუ რა სტრატეგიებს იყენებენ ადვოკატირებისა და ლობირებისთვის. ხაზგასმულ იქნა ადგილობრივი საზოგადოების ინტერესების ადვოკატირების მნიშვნელობა ეროვნულ დონეზე, რაზეც ტრენერმა კონკრეტული მაგალითებით ისაუბრა. აღინიშნა, რომ ტრენინგი სასარგებლო იყო თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციის კუთხით.

დასრულდა პროექტის ახალი კომპონენტის მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც ზუგდიდის ამომრჩევლისთვის ონლაინ პლატფორმა „ამომრჩევლის რჩევის/კონსულტაციის აპლიკაციის“ (VAA)  გაცნობას ითვალისწინებს. პროექტის გუნდი კონსულტაციებზე სამომავლო საქმიანობის საბოლოო დეტალებს აზუსტებს.

მომზადდა და კონსულტანტთან შეჯერდა პლატფორმაზე განსათავსებელი კითხვარი.  განსაზღვრულია  შეხვედრების ლოკაცია, სამიზნე ჯგუფები, გათვალისწინებულია შეხვედრების სპეციფიკა პანდემიის შეზღუდვების პირობებში.

ფონდ „სოხუმს“ მიღებული აქვს კარგი გამოცდილება საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მსგავსი პლატფორმის დანერგვის კუთხით, რაც პროექტის განხორციელებისას დაგვეხმარება.

პროექტის ფარგლებში 50 შეხვედრა ჩატარდება. პირველი შეხვედრები ივნისის ბოლოს იგეგმება. პლატფორმის გაცნობის კუთხით მალე დაიწყება პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებიც.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები