ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ, ევროპის საბჭოს ხილვადობის კვირეულში 27-28 აპრილს, ევროსაბჭოს კონგრესის და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით გამართულ ორდღიან სემინარში მიიღო მონაწილეობა. სემინარი ჩატარდა „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში  და მის ძირითად თემას ინკლუზიური კომუნიკაციის გაძლიერება წარმოადგენდა.

სემინარის ერთ-ერთი სესია, „ცოცხალი ბიბლიოთეკის“ მეთოდით, ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეებისთვის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების პირადი ისტორიების, მათ წინაშე არსებული გამოწვევების და პრობლემების  გადაწყვეტის საკუთარ ხედვების გაცნობას დაეთმო.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი - ეკატერინე გამახარია, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების წინაშე დევნილი ქალების გამოწვევებით წარსდგა და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების პროცესში დევნილი მოსახლეობის, მათ შორის ქალთა და გოგონათა, მონაწილეობის აუცილებლობაზე და მათ წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მუნიციპალური სერვისების და სოციალური პროგრამების დანერგვის საჭიროებაზე ისაუბრა.  

აქტიურად გაგრძელდა სატრენინგო კურსები. კიდევ ხუთი შეხვედრა გაიმართა ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ჩოხატაურის და სენაკის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში.

ტრენინგებში ჩაერთნენ სკოლების ხელმძღვანელები, პედაგოგები, ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლები. ყველა მუნიციპალიტეტში საინტერესო და ნაყოფიერი პროცესი წარიმართა.

შეხვედრაზე, მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფრომაცია პრაქტიკულ გზამკვლევზე: "გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ პერიოდში - ქალთა ორგანიზაციების გამოცდილებები და რეკომენდაციები", რომელიც ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით, ქსელი WAVE-ისა და მისი ოთხი წევრის მიერ 2022 წელს შემუშავდა. აღნიშნული გზამკვლევი ეყრდნობა საომარი და პოსკონფლიქტური მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპზე ქალთა ორგანიზაციების სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას და მასში დეტალურად არის აღწერილი სტრატეგიები კონფლიქტის სხვადასხვა ფაზაში გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირებისთვის.

  • ომის დროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პერიოდი, რომელსაც უკრაინელი და სომეხი პარტნიორები აზიარებენ (სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა)
  • გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც აღწერილია ქართველი პარტნიორის - ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ;
  • ომის შემდგომი და გრძელვადიანი პერსპექტივა - წარმოდგენილი ბოსნია-ჰერცოგოვინელი პარტნიორის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

(პრაქტიკული სახელმძღანელო ხელმისაწვდომია აქ https://wave-network.org/.../uploads/Toolkit-Georgian.pdf...3IA)

აპრილში ჩატარებული 10 ტრენინგის მონაწილეთა საერთო რაოდენობაა 266 ადამიანი. ყველამ დიდი ინტერესი გამოავლინა სასწავლო კურსის მიმართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და  ყოველთვის მეტ ეფექტს სძენს ჩვენს მუშაობას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია, გენდერული თემატური ჯგუფის - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა.  შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების ანალიტიკოსი თამარ ლობჯანიძე და Kvinna till Kvinna-ს სამხრეთ კავკასიის პროგრამების უფროსი ოფიცერი რეგინა ეგოროვა-ასკეროვა.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ორივე მხარეს კონფლიქტით დაყოფილი მოსახლეობის გადაადგილების  პრობლემებზე, გამყოფ ზოლში მოსახლეობისთვის ტვირთის გადაზიდვისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე, ნდობის აღდგენის მიმართულებით ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელთა კონფლიქტ-სენსიტიური პრინციპების მიმართულებით ინფორმირებულობის, უნარების და კომპეტენციების გაზრდის აუცილებლობაზე. 

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა - ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო ორდღიან კონფერენციაში, რომელიც მოაწყო ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“. კონფერენცია თემაზე „ქალები და ახალგაზრდები პოზიტიური ცვლილებებისთვის“ 24-25 აპრილს გაიმართა.

ღონისძიების პირველი დღე მიეძღვნა ქალთა და ახალგაზრდების პოზიტიურ როლს მშვიდობის მშენებლობის პროცესში, ხოლო მეორე დღე დევნილთა მდგომარეობას და საჭიროებებს დაეთმო.

კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე და დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია მოხსენებით გამოვიდა კონფერენციის პანელურ დისკუსიაში, რომელიც დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებს ეძღვნებოდა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის შესასრულებლად მიღებულ საქართველოს რიგით მეოთხე სამოქმედო გეგმაში (2022-2024 წწ.) სახელმწიფოს მხრიდან აღებულ ვალდებულებებზე სამშვიდობო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, ასევე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო პროგრამებში დევნილ ქალთა მონაწილეობის მიმართულებით. მან ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეკონომიკურ პროგრამებში დევნილ ქალთა ქმედითი მონაწილეობის პრობლემებზე, მათი მოწყვლადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ბარიერებზე და სხვ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

მარი ბედნიერი წავიდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრიდან. არასოდეს დაავიწყდება ფსიქოლოგის გაკვეთილები, ბავშვების გართობა პედაგოგთან ერთად, სოციალური მუშაკის და იურისტის რჩევები. და, რა თქმა უნდა, ურთიერთობა სხვა ქალებთან... ზღვა სიყვარული და სითბო მიმაქვსო, თქვა წასვლის წინ.  

ლიკაც კმაყოფილია ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებთან ურთიერთობით. ყველა, ვინც აქ ხვდება, სხვანაირი მიდის აქედან - უფრო ძლიერი, უფრო იმედიანი და ხალისიანი. ჰყავს ახალი მეგობრები, მხარდამჭერები...

ყველაზე მეტ დროს ქალებთან ია იაშვილი ატარებს, სარეაბილიტაციო ცენტრის ასისტენტი, ამ მყუდრო სახლის მთავარი დიასახლისი. საინტერესოა მისი დაკვირვებები:

„ყველაზე მეტად არაჰარმონიული ოჯახური ურთიერთობებით შვილები ზარალდებიან. ზოგს მამა საერთოდ არ ჰყავს, ან ჰყავს და მასთან უჭირს ურთიერთობა, სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, ერთმანეთის არ ესმით. ზოგჯერ ვამჩნევ, რომ ბავშვი არ ჭამს, იმიტომ კი არა, რომ არ შია, არამედ არაფერი უნდა, სურვილები არ აქვს, სიხარული არ აქვს, არ ოცნებობს“.

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები, სამედიცინო პერსონალი.

შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები (ეროვნული რეფერალური მექანიზმი)“.

საუბარი შეეხო მნიშვნელოვან საკითხებს: მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული სტატისტიკა შემაკავებელი ორდერების, პრობლემების იდენტიფიკაციის და მსხვერპლის დახმარების კუთხით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვანის, ტყიბულის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მონიტორინგი ჩატარდა.

მშვიდობისმყოფელობა, გენდერული პოლიტიკა, ოჯახური ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა დაცვა - ამ მიმართულებებით მიღწეული ძირითადი შედეგების მოსმენის შემდეგ მონაწილეებმა საკუთარი შეფასებები გააჟღერეს.

მათი მოსაზრებით, ქალთა მიგრაციამ, ონლაინ თამაშებმა ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა, ამიტომ სწორი ინფორმირება ამ საკითხებზე კვლავაც აქტუალურია.  მიაჩნიათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის როლი ამ საქმეში მნიშვნელოვანია და ქალთა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას წარმატებულს უწოდებენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აპრილში 10 ადამიანი დაემატა ჩვენს სიას. ახლა უკრაინელთა ბაზაში 480 ადამიანია.

ამ თვეში მერიამ ჩვენს ახალ ბენეფიციარებს პერსონალური სამგზავრო ბარათები გადასცა. მათთან დარეგისტრირებულმა ყველა ოჯახმა მიიღო 100-ლარიანი კვების ვაუჩერი მაღაზია Carrefour-ისთვის.

ჩვენ 6 ოჯახს გავუწიეთ დახმარება. საცხოვრებლის ქირა გადავუხადეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ერთ ოჯახს - ქუთაისში ცხოვრობს ქალი სამი შვილით, ქმარი ბახმუტთან იბრძვის და თვეზე მეტია, არ გამოსულა კავშირზე.

ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც უკრაინელებთან მუშაობენ, აქტიური მონაწილეობა მიიღეს UNHCR-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, სადაც  უკრაინელი ლტოლვილების პრობლემები განიხილეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

7 გასვლითი შეხვედრა გამართა ფსიქოლოგმა თერჯოლის, ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), სენაკის, ქობულეთის, ტყიბულისა და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ჩატარდა 4 ჯგუფური და 11 ინდივიდუალური კონსულტაცია და 12 ონლაინ შეხვედრა. ქუთაისში 11 ფსიქოთერაპიული სესია გაიმართა.

ყველა კმაყოფილია მუშაობის შედეგებით, მაგრამ განსაკუთრებით შეიძლება აღინიშნოს, რომ ორმა ბენეფიციარმა ახალი უნარების გამომუშავებით შეძლო საკუთარი პრობლემების გადაჭრა და ისწავლა ემოციების კონტროლი, ხოლო სამი მოზარდი გაუმკლავდა ბულინგს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები