200-მდე ადამიანი შეიკრიბა 16 ივლისს სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) - აქ იყვნენ არა მარტო ამ სოფლის, არამედ მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების - ორსანტიის, ხურჩის, კახათის მცხოვრებნი. აქციას კარგი ორგანიზება გაუკეთა ფონდი „სოხუმის“ ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა - მობილიზატორებმა აქტიურად გაავრცელეს ინფორმაცია ძალიან საჭირო და სასარგებლო აქციის შესახებ.
ქუთაისის კლინიკა „უნიქალმედიმ“ ამ დღეს აფხაზეთთან ახლომდებარე სოფლებში უფასო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაატარა შემდეგი მიმართულებებით: რადიოლოგია, ექოსკოპიური კვლევა, კარდიოლოგია, ნევროლოგია, თერაპია, უროლოგია, გასტროენტოროლოგია, ქირურგია და ენდოკრინოლოგია.
აქცია მხოლოდ ამით არ დასრულებულა - კლინიკის მედიკოსებმა 9 ადამიანი იმ დღესვე ჩამოიყვანეს ქუთაისში თავიანთი ტრანსპორტით. 16 ადამიანი ამჟამად სტაციონარშია მოთავსებული - მათ უფასოდ უტარდება მკურნალობა. განსაკუთრებული ის არის, რომ თანხის ნაწილს სახელმწიფო დაზღვევა ანაზღაურებს, დანარჩენ თანხას კი, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, კლინიკა დაფარავს.
მათ, ვინც აქციის დღეს ვერ მოასწრო უფასო სერვისით სარგებლობა, კლინიკა 50%-იანი შეღავათით მოემსახურება.
ეს მართლაც უპრეცედენტო აქციაა, რომელიც ქუთაისის კლინიკა „უნიქალმედიმ“ მოაწყო ფონდ „სოხუმთან“ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.
აქცია გაგრძელდება ფოთში, ხონსა და სენაკში.