ოჯახში ძალადობის პრევენცია, მოქალაქეთა ინფორმირება მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე, ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერება - ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება სოციალური მუშაობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
თვის განმავლობაში ათი რისკის ჯგუფის ოჯახის იდენტიფიცირება და მათი გადამისამართება მოხდა. რეფერირების პროცესში აქტიურად იყო გამოყენებული ფსიქოლოგის და იურისტის საკონსულტაციო მომსახურება, სარეაბილიტაციო ცენტრი. სერვისების გამოყენება ბენეფიციართა ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების საფუძველი ხდება.
საინფორმაციო შეხვედრებზე იკვეთება, რომ ინფორმირების საკითხი და ქალთა მხარდაჭერის აუცილებლობა კვლავ პრიორიტეტულია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
შეხვედრებზე გამოიკვეთა მშობლებსა და შვილებს შორის არსებული პრობლემები. მშობლები საუბრობენ შვილების ქცევის პრობლემებზე, შვილებს კი არ მოსწონთ ოჯახებში არსებული მდგომარეობა.
როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, ოჯახის სტაბილურობას განაპირობებს ოჯახის წევრების მიერ კონფლიქტების კონსტრუქციულად მოგვარების უნარი. ოჯახში, სადაც სუფევს მუქარის, სიმკაცრის და კონფლიქტის ატმოსფერო, ხშირია პიროვნების დამახინჯება. სამწუხაროდ, ჩვენს გარშემო მრავლადაა დისფუნქციური ოჯახები, რომლებსაც არ შესწევთ ძალა, დააკმაყოფილონ ოჯახის წევრების პიროვნული და სულიერი ზრდის მოთხოვნილებები.
ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა შეხვედრები გამართა თერჯოლის, სამტრედიის, ვანის, წალენჯიხის, ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მისი რჩევები სასარგებლო აღმოჩნდა ქალებისთვის, ამიტომაც ისინი ყოველთვის ინტერესით ელოდებიან შეხვედრებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
თებერვლიდან დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში - ვანი, თერჯოლა, სამტრედია, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩოხატაური - პარასპეციალისტების ჯგუფმა დაიწყო მუშაობა. ჯგუფის წევრებმა უკვე გაიარეს შესაბამისი ტრენინგი და მიღებულ ინფორმაციებს პრაქტიკაში იყენებენ.
პარასპეციალისტები ატარებენ ინდივიდუალურ შეხვედრებს თემებში, იკვლევენ ქალთა საჭიროებებს, აწვდიან ინფორმაციას ქალთა გაძლიერების ეკონომიკურ პროგრამებზე, სხვადასხვა სერვისზე.
ინფორმაციის მიწოდების პარალელურად ჯგუფის წევრები კონსულტაციებს უწევენ იდენტიფიცირებულ შემთხვევებს და ამისამართებენ საჭირო მიმართულებით.
პარასპეციალისტების მუშაობა მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის შემთხვევების პრევენციას, ქალთა ინფორმირებას და გაძლიერებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალების ინფორმირება ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებსა და პროგრამებზე ისევ აქტუალურია, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში თვის განმავლობაში 150-მა ადამიანმა მიიღო საჭირო ინფორმაცია და სხვადასხვა თემში გაავრცელა. შეხვედრების მონაწილეები ასე უწყობენ ხელს ძალადობის პრევენციას.
მონიტორინგის შედეგად 10 რისკის ჯგუფის ოჯახის იდენტიფიცირება მოხდა. ამ ოჯახებთან აქტიურად მიდის თანამშრომლობა. ოთხი მათგანი ქალთა ფონდი „სოხუმის“ სერვისის მომხმარებელი გახდა. ფსიქოლოგი განაგრძობს მათთან მუშაობას, დანარჩენი ქეისების გადამისამართება კი საჭიროებისამებრ მოხდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
შეხვედრების ძირითადი თემა იყო „როგორი მახასიათებლებით გამოირჩევიან მოძალადეები“.
„შესაძლოა, მათ უმრავლესობას ბავშვობაში აკლდა თანადგომა და აღზრდა, ჰქონდა დაბალი თვითშეფასება, იმყოფებოდა სოციალურ იზოლაციაში. დაბალი თვითშეფასება გავლენას ახდენს ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე. განსაკუთრებულია გარეგანი სტრესი და ცხოვრებისეული კრიზისები, გადაწყვეტილების მიღების უუნარობა. მოძალადე წინ ვერ იყურება და არ უფიქრდება, რა შეიძლება მოჰყვეს მის საქციელს“, - აღნიშნავს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი ეკა ქვაჩაკიძე.
ფსიქოლოგმა ონლაინ ფორმატით ჩაატარა შეხვედრები ზუგდიდის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხონის და ვანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. იყო ინდივიდუალური კონსულტაციებიც.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ცენტრები ატარებენ სამობილიზაციო შეხვედრებს ძალადობის პრევენციისა და შემთხვევების იდენტიფიცირების მიზნით. ცენტრების მობილიზატორების დახმარებით 150-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო ინფორმაცია მსხვერპლთა დახმარების სახელმწიფო და არასამთავრობო სერვისებზე. ინფორმირების შედეგად იანვარში 10 რისკის ჯგუფის მქონე ოჯახი გამოვლინდა. მათთან მუშაობა უკვე მიმდინარეობს - ბენეფიციარებმა მიიღეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგისა და იურისტის კონსულტაციები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა აქტიურად დაიწყეს 2025 წელი.
2024 წელს მუშაობა მიმდინარეობდა დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში (ვანი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია, თერჯოლა, სენაკი, ხობი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ჩოხატაური).
ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ოთხი მიმართულებით მუშაობენ:
- ოჯახური ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა
- ქალთა მხარდაჭერა, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება ლოკალურ თემებში
- ძალადობის შემთხვევების მონიტორინგი
- სოციალური, ინფრასტრუქტურული პრობლემების იდენტიფიცირება და ადვოკატირება
ამ მიზნების მისაღწევად 2024 წელს:
ხონის, წყალტუბოს, ვანის, ზუგდიდის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ქალებთან ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ონლაინ გამართა სამი ინდივიდუალური და ორი ჯგუფური შეხვედრა. შეხვედრის პროცესში მონაწილეები გამოირჩეოდნენ აქტიურობით, გულახდილობით, გამოხატავდნენ ნდობას. ისინი ხმამაღლა საუბრობდნენ არსებულ პრობლემებზე და ითვალისწინებდნენ მათთვის მიცემულ რჩევებს.
საკმაოდ რთული ქეისებია ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტებებში. აღინიშნა, რომ მათ ოჯახებში შეინიშნება ძალადობის ზრდის ტენდენცია, აქვთ ურთიერთობების პრობლემები. ერთ-ერთ ქალს, რომელიც სახლიდან წავიდა, საკუთარი ოჯახის წევრები აიძულებენ, რომ დაბრუნდეს ქმართან ცნობილი მოტივით: „რას იტყვის ხალხი?“, „სირცხვილია“, „მოგვეჭრა თავი“ და ა.შ.
ახლოვდება ახალი წელი და ქალები ცდილობენ პოზიტიურად, იმედით და სიხარულით შეხვდნენ 2025 წლის შემობრძანებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად ჩაერთნენ საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ცენტრების მობილიზატორების ინიცირებით გაიმართა სხვადასხვა ფორმატის აქტივობები: დისკუსია-დებატები, ნახატების გამოფენები, ფილმის ჩვენებები, პრეზენტაციები. ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა გლობალური პრობლემაა და საზოგადოებამ უნდა გამოხატოს პროტესტი მის მიმართ.
16-დღიანი კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მიმდინარეობდა და მასში ქალთა მხარდაჭერის ათივე ცენტრი მონაწილეობდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)