აირჩიე ბლოგის თემა - ქალები უკრაინიდან...
ჩვენს ვებგვერდზე არის ამის შესაძლებლობა და...
არის ამბები ქალებზე, რომლებიც უკრაინიდან ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩამოვიდნენ ცოტა ხნით, ომის დამთავრებამდე, მაგრამ ჯერ აქ არიან. ჯერ კიდევაა ომი...
ბლოგის ავტორია ლალი შენგელია, თვითონაც ომგამოვლილი, რომლისთვისაც მახლობელია უკრაინელი ქალების ტკივილი, დარდი, მონატრება, იმედი...
ამბებშიც ეს ჩანს: როგორ ტკივათ, რაც მოხდა, როგორ დარდობენ იქ დარჩენილ ახლობლებზე, როგორ ენატრებათ სახლი, მეზობლები და იმედი - რომ მალე შეძლებენ დაბრუნებას.
ყველა ისტორია საინტერესო და უნიკალურია: ანა უკრაინის ხსენებაზე სულ ტირის, ნატალიამ მეორე შვილის გაჩენა გადაწყვოტა ქუთაისში, ლიუბოვი ახლობლებთან ჩამოვიდა, მაგრამ ისევ დაბრუნდა უკრაინაში. მეორე ნატალიამ კი ხელახლა იპოვა ბედნიერება - განქორწინებულ ქმარს შეურიგდა და ბავშვიც უზომოდ ბედნიერია... კიდევ უამრავი საინტერესო ამბავს წაიკითხავთ ბლოგში
https://blogofwomanfundsukhumi.tilda.ws/#blog4
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- 76 წლის თემურ ჩოგოვაძე ხარკოვიდანაა, ჩამოვიდა ვაჟიშვილთან ერთად, რომელიც მეორე ცოლისგან ჰყავს. მეუღლე კოვიდის დროს გარდაეცვალა. - გვიამბობს ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე. - მშობლების სახლში დაბრუნდა, კიდევ კარგი, ჰქონდა დასაბრუნებელი ადგილი. შორიდან სახლს ვერ უვლიდა და ამ ხნის მანძილზე მიუხედავი სახლიც საცხოვრებლად არ არის კომფორტული. წვიმების დროს სახურავიდან წყალიც ჩამოვიდა. ბატონ თემურს თავის სახლში შევხვდით. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ის მფრინავი იყო, მთელი ცხოვრება უკრაინაში ცხოვრობდა, იღებს უკრაინულ პენსიას, მაგრამ ხანდახან აგვიანდება და უფულოდ რჩება მამა-შვილი. მეზობლები ეხმარებიან, როგორც შეუძლიათ. ჩვენი ორგანიზაციაც უწევს დახმარებას სურსათით, გადასახადების გადახდით.
ეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის ერთ-ერთი ბენეფიციარია.
ივლისში ფსიქოლოგიური დახმარება გაეწია 10 ოჯახს - ეს არის 26 ლტოლვილი უკრაინიდან. ყველა მათგანმა მიიღო ჰუმანიტარული დახმარება საჭირო პროდუქტებით. ორი ბენეფიციარი გადის ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიულ სესიას - ეს არის მუშაობა ტრავმებზე და სტრესზე, უარყოფითი ემოციებისგან განთავისუფლებაზე. ასეთი დახმარება სჭირდება ყველას, ვინც უკრაინიდან ჩამოდის...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ერთ-ერთი, ვისაც ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე შეხვდა ივნისში, 76 წლის ლიუბოვ მაქსიმენკო იყო, ნიკოლაევის ოლქიდან. ის წარმოშობით წყალტუბოდანაა, მაგრამ 30 წლის წინათ გაყიდა აქ სახლი და უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად. ბედნიერადაც ცხოვრობდა, მაგრამ ომის დროს მდგომარეობა რომ დაიძაბა, აქეთ ჩამოვიდა, ცოტა ხანს აპირებდა დარჩენას. აქ არავინ დახვდა ნაცნობი, არც მისი ბინის ახალი მეპატრონეები, არც ყოფილი მეზობლები, არც მეგობრები... ცოტა ხანს მეგობრის ქალიშვილთან ცხოვრობდა, მერე მერიამ სასტუმროში მოათავსა... ისევ შინ დაბრუნება გადაწყვიტა. თუმცა საამისო თანხა არ ჰქონდა. ფონდმა „სოხუმმა“ შეუძინა ავტობუსის ბილეთი, საგზალიც გაატანა და უკრაინაში გაამგზავრა...
ივნისში ფსიქოლოგი კიდევ 12 ადამიანს შეხვდა - 5 ოჯახის წარმომადგენელს. დაიწყო მათი პირველადი კონსულტირება, ანამნეზის შეგროვება, ტრავმებზე და სტრესზე მუშაობა თითოეულთან. ორმა ბენეფიციარმა ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სესია გაიარა და ერთთან გრძელდება ფსიქოთერაპია ოთხშაბათობით. ყველა ოჯახმა ჰუმანიტარული დახმარების ნაკრებიც მიიღო ჩვენი ორგანიზაციისგან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
დევნილთა, ლტოლვილთა და იგპ საერთაშორისო დღეს, 20 ივნისს, ქალთა ფონდი „სოხუმი“ ტრადიციულად აღნიშნავს სხვადასხვა აქტივობით. მესამე წელია, იმართება ღონისძიება „სოხუმური ყავის არომატი ქუთაისის ბულვარში“. უკრაინელი ლტოლვილები შარშანაც ესწრებოდნენ და წელსაც მოვიდნენ. ქალებმა მოამზადეს ორცხობილები უკრაინული თემატიკით. ერთმა უკრაინელმა გოგონამ უკრაინული ცეკვა იცეკვა. ამ დღემ შთამბეჭდავად ჩაიარა და ყველამ დაინახა ფონდის მრავალმხრივი აქტიური მუშაობა.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ უკვე უკრაინიდან ჩამოსულ 539 ადამიანს გაუწია მხარდაჭერა. ივნისში 16 ახალი ადამიანი დაემატა ჩვენს საინფორმაციო ბაზას და მხარდაჭერა გამოიხატა ასე:
- 28 ოჯახმა (44 ადამიანმა) მიიღო პროდუქტები
- 6 ოჯახს გადავუხადეთ ბინის ქირა
- 6 ოჯახს გადავუხადეთ კომუნალური ხარჯები
- ანაზღაურდა ერთი უკრაინელის სამედიცინო ხარჯები
- ლიუბოვ მაქსიმენკოს ვუყიდეთ უკრაინაში გასამგზავრებელი ბილეთი 220 დოლარად და ის დაბრუნდა თავის ქვეყანაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
აპრილში 10 ადამიანი დაემატა ჩვენს სიას. ახლა უკრაინელთა ბაზაში 480 ადამიანია.
ამ თვეში მერიამ ჩვენს ახალ ბენეფიციარებს პერსონალური სამგზავრო ბარათები გადასცა. მათთან დარეგისტრირებულმა ყველა ოჯახმა მიიღო 100-ლარიანი კვების ვაუჩერი მაღაზია Carrefour-ისთვის.
ჩვენ 6 ოჯახს გავუწიეთ დახმარება. საცხოვრებლის ქირა გადავუხადეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ერთ ოჯახს - ქუთაისში ცხოვრობს ქალი სამი შვილით, ქმარი ბახმუტთან იბრძვის და თვეზე მეტია, არ გამოსულა კავშირზე.
ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც უკრაინელებთან მუშაობენ, აქტიური მონაწილეობა მიიღეს UNHCR-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, სადაც უკრაინელი ლტოლვილების პრობლემები განიხილეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობამ (UNHCR) გამართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად განხილული იყო უკრაინელებისთვის შეთავაზებული სერვისები და უფლებები.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ ერთი წელია, აქტიურად მუშაობს უკრაინელი ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარებისა და სხვა აუცილებელი სერვისების გაწევაზე დასავლეთ საქართველოს მასშტაბით.
შეხვედრის მონაწილეებმა - ქალთა ფონდი „სოხუმის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თეა თორინავამ და უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროგრამის კოორდინატორმა სოფია წირღვავამ - ისაუბრეს ჩვენი ორგანიზაციის მიერ უკრაინელებისათვის გაწეულ მხარდაჭერაზე და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგანან დასავლეთ საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„ფონდი „სოხუმი“ არის ორგანიზაცია, რომელმაც იცის მშვიდობის ფასი და ომის სახე. ადამიანებს, რომლებიც აქ მუშაობენ, შეუძლიათ თანადგომა, თანაგრძნობა, ესმით ჩვენი ტკივილი და საჭიროებები, ჩვენი ტრავმები, ტრაგედიები. მადლობელი ვარ სიკეთისთვის, თანაგრძნობისა და უფასო ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის“, - ამბობს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგების მიერ გამართული სარეაბილიტაციო შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილე.
როგორც ადრე, მარტში უკრაინელ ლტოლვილებთან მუშაობდნენ მანანა გოცირიძე და უკრაინელი ფსიქოლოგები მარინა სტეპანენკო და ანა შალიმოვა.
ჩატარდა პირველადი კონსულტაციები, ფსიქოთერაპიის კურსები. ზოგიერთი ინდივიდუალური კონსულტაცია ფინალური იყო და შეაჯამა კლიენტისა და ფსიქოლოგის ერთობლივი მუშაობა.
უკრაინელმა ფსიქოლოგებმა ასევე გამართეს ჯგუფური შეხვედრა თემაზე „როგორ ამოვიცნოთ ძალადობა“.
ფსიქოლოგები აწვდიან კლიენტებს ისეთ ინფორმაციას, რომელსაც ისინი თამამად გამოიყენებენ ცხოვრებაში, რათა შემდგომში საკუთარ თავს დაეხმარონ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
უკრაინის ომმა კიდევ უფრო გაურთულა დაავადება პოლინა მინულინას. ჩვენი ორგანიზაცია ჩამოსვლის დღიდან ეხმარებოდა ონკოპაციენტს - ექიმებთან ურთიერთობასა თუ სამკურნალო კურსისთვის საჭირო თანხის დაფარვაში. მადლიერიც იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მარტში გარდაიცვალა. ოჯახი კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგა და ქალთა ფონდი „სოხუმი“ დაეხმარა კრემაციისთვის საჭირო თანხის ანაზღაურებაში.
ეს ჩვენი მხარდაჭერის ერთ-ერთი მაგალითია.
უკრაინიდან ლტოლვილი 470 ადამიანის სახელი და გვარია უკვე ჩვენს საინფორმაციო ბაზაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანს მისწვდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ გაცემული სიკეთე.
მარტში 35 ოჯახს - 78 ადამიანს - გაეწია დახმარება (სურსათი, ჰიგიენის საშუალებები), გადავიხადეთ 6 ოჯახის კომუნალური გადასახადები.
მარტის რამდენიმე ღონისძიებაზე უკრაინელებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.
ქალთა ფონდ „სოხუმში“ უკრაინელი ქალებისთვის უკრაინელმა ფსიქოლოგებმა მარინა სტეპანენკომ და ანა შალიმოვამ ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „როგორ ამოვიცნოთ ძალადობა“.
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი თემები: ძალადობრივი ურთიერთობის გამოვლინება და უნარები ძალადობის წინააღმდეგ. ტრენერებმა ისაუბრეს სახელმწიფოს და ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერაზე საგანგებო სიტუაციების დროს.
მონაწილეების თქმით, განსაკუთრებული იყო ტრენინგის მშობლიურ ენაზე ჩატარება. თემებიც სწორად იყო შერჩეული და ეს კარგი შესაძლებლობაა ქალების გაძლიერებისათვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
დასრულდა კამპანია „ქუთაისი დნიპროსთვის“.
ერთი თვის მანძილზე შეგროვდა 30 000 ლარი! თანხა სრულად გადაირიცხა დნიპროს მერიის სოციალური სამსახურის ანგარიშზე.
შემაჯამებელი ღონისძიება ქუთაისის უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა. მოეწყო ნახატების გამოფენა-გაყიდვა. ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ორგანიზება გაუკეთა უკრაინელი ქალების მონაწილეობას, რომლებმაც გასაყიდად გაიტანეს თავიანთი კულინარიული და საკონდიტრო ნაწარმი. ეს მათი ნახელავის ერთგვარი რეკლამაც იყო.
ჩვენმა ორგანიზაციამ დნიპროს ფონდში 300 ლარი გადარიცხა. თანხები გადარიცხეს ორგანიზაციის ცალკეულმა წევრებმაც.
მშვიდობა და გამარჯვება დნიპროს და მთელ უკრაინას - ასეთია ჩვენი ორგანიზაციის და კამპანიაში ჩართული ყველა მონაწილის სურვილი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)