ოქტომბერში იდენტიფიცირებულია ძალადობის 8 ქეისი. ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ლანჩხუთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები ყოველთვიურ მონიტორინგს აკეთებენ გამოვლენილ ფაქტებზე და ძალადობის მსხვერპლს სთავაზობენ არსებულ სერვისს - ფსიქოლოგის, იურისტის, კონფლიქტოლოგის კონსულტაციებს. საჭიროების შემთხვევაში შეივსება ანკეტა და მომზადდება საბუთები ძალადობის სტატუსის მინიჭებისათვის.
ოქტომბერში ორმა ქალმა დახმარებისთვის მიმართა ფსიქოლოგს, სამს გაეწია იურისტის კონსულტაცია. ანკეტებში დაფიქსირდა ძალადობა ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვებისა და ქალების მიმართ.
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სოფლებში: თერნალსა და წყალტუბოში. შეხვედრებზე ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური ძალადობის თემაზე. მოიყვანეს მაგალითები. გაიმართა დისკუსია კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების შესახებ. ითქვა, რომ მსხვერპლისათვის უნდა არსებობდეს სპეციალური პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს მის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას და, პარალელურად - მუშაობა უნდა ჩატარდეს მოძალადესთან.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ: მერის წარმომადგენლები სოფლებში, ექიმები, მასწავლებლები, საბავშვო ბაღის პედაგოგები და აღმზრდელები.
ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ქალებთან ორსანტიასა და კახათში.
შეხვედრებზე ისაუბრეს ოჯახური ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე: სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე, ქალთა მიმართ სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზე. მონაწილეთა უმეტესობა შეეხო ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ბულინგის თემასაც.
პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. მათ მიეწოდა ინფორმაცია დაგეგმილი ტრენინგის შესახებ.
ოქტომბერში გაეროს საერთაშორისო კალენდრით ორი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება: 11 ოქტომბერი - გოგონათა საერთაშორისო დღე და 15 ოქტომბერი - სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღეს. სწორედ ამ თარიღებს მიეძღვნა სინფორმაციო შეხვედრებზე ქალთა ჯგუფებთან ქალაქებსა და სოფლებში, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, საბავშვო ბაღის პედაგოგებთან.
როგორც წესი, ოქტომბერშიც ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის, თერჯოლის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ხურჩა|კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს 27 საინფორმაციო შეხვედრა.
სოფლებში ჩატარებული შეხვედრები განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა. შეკრებილებმა აღნიშნეს: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თუნდაც ამ ერთ დღეს მსოფლიო საუბრობს სოფლად მცხოვრებ ქალთა პრობლემებსა და საჭიროებებზე.“
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა და „კარიტასი საქართველომ“ საქველმოქმედო აქცია გამართეს ხონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ოჯახის მხარდასაჭერად. შეგროვდა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საოჯახო ნივთები. მსხვერპლ ქალს შესთავაზეს ფონდი „სოხუმის“ უფასო სერვისები - იურიდიული კონსულტაციები და ფსიქორეაბილიტაცია.
- რთულია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, გავითვალისწინოთ რჩევები, რომელთაც ვიღებთ. ამით ჩვენი ურთიერთობა იცვლება, სხვა ეტაპზე გადავდივართ და ვინარჩუნებთ სტაბილურობას, - აღნიშნა ერთ-ერთმა წყვილმა.
თვის განმავლობაში სამ ოჯახურ წყვილთან გაიმართა მუშაობა ფოთის, ხონისა და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. მათ შორის ერთი ახალი წყვილია. სიტუაციიდან გამომდინარე, კომპლექსური მუშაობა კიდევ გაგრძელდება ფსიქოლოგის, იურისტის და კონფლიქტოლოგის ჩართულობით.
სტატისტიკა ასეთია:
10 ოჯახურ წყვილს შეხვდა ფსიქოლოგი ქუთაისის, ხურჩა/კოკის, ხონის, სენაკის, ფოთის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.
9 ინდივიდუალური კონსულტაცია გაიმართა.
3 ფსიქოლოგიური პორტრეტი დაიწერა.
33 ადამიანი ესწრებოდა შეხვედრებს.
22 ქალი და 11 მამაკაცი.
ასეთია სექტემბერში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის მუშაობის სურათი. პრობლემა სხვადასხვა იყო: დეპრესია და შიში, მოზარდებთან ურთიერთობის სირთულეები... ყველასთვის საჭირო და სასარგებლო იყო ფსიქოთერაპიული საკონსულტაციო სესია თუ შეხვედრა. ზოგიერთი განაგრძობს მუშაობას ფსიქოლოგთან, ზოგის პრობლემა კი მოგვარდა და უკვე სხვას აძლევს რეკომენდაციას, შეხვდეს ფსიქოლოგს და გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.
სექტემბერში აქტიურად წარიმართა მუშაობა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“ ფარგლებში. გაიმართა რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრა: მე-3 ბაგა-ბაღის გამგესთან, პედაგოგებთან, მშობლებთან, სკოლამდელი გაერთიანების სამსახურში, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან. შეხვედრების მთავარი მიზანი იყო ინფორმაციის მიწოდება დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ - კერძოდ, ჩატარდება შეხვედრები პედაგოგებთან, მშობლებთან, ფსიქოლოგთან ბულინგის და ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. პროექტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ჯგუფის ინფორმირებას და პატარებისთვის ჰარმონიული გარემოს შექმნას.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა 27 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს. შეხვედრების მთავარი თემა იყო - მშვიდობის საერთაშორისო დღე და მშვიდობასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრები 9 მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ლანჩხუთი) გაიმართა - ქალაქებსა და სოფლებში. შეკრებილებმა ისაუბრეს მშვიდობის აუცილებლობაზე, თითოეული ადამიანის წვლილზე სამშვიდობო საქმეში. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო შეხვედრები დევნილთა დასახლებებში და კონფლიქტის ზონასთან ახლომდებარე სოფლებში. მონაწილეები აღნიშნავდნენ:
„მშვიდობის ფასი ჩვენ კარგად ვიცით...“
„ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ მშვიდობა...“
„სამშვიდობო აღზრდა ბავშვობიდან უნდა დაიწყოს...“
„ადამიანები უნდა დაფიქრდნენ და იზრუნონ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე.“
ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა სექტემბერში საინფორმაციო შეხვედრებზე იდენტიფიცირება მოახდინეს ძალადობის 11 ქეისზე და შეავსეს ანკეტები.
ანკეტებში დაფიქსირებულია ძალადობის შემთხვევები - ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვთა და ქალთა მიმართ. ოთხმა დაზარალებულმა უკვე მიმართა ფსიქოლოგს, სამმა კი გაიარა იურისტის კონსულტაცია.