რეგიონული კონფერენცია: ქალთა უსაფრთხოება და პრევენცია

ქუთაისის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, ქალთა ფონდმა „სოხუმი“ გამართა რეგიონული კონფერენცია „16 აქტიური დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში. ღონისძიების მიზანი იყო ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მრავალწლიანი გამოცდილების შეჯამება და 2025 წლის შედეგების გაზიარება.

კონფერენციას ესწრებოდა 70-მდე მონაწილე იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის 10 მუნიციპალიტეტიდან — ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები, სოციალურ მუშაობის პარასპეციალისტები, ახალგაზრდები, სამოქალაქო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები.

მონაწილეებმა განიხილეს ძალადობის პრევენცია როგორც ინდივიდუალური შემთხვევების, ასევე სისტემური და სტრუქტურული გამოწვევების ჭრილში.

კონფერენცია მოიცავდა სამ თემატურ პანელს:

ქალთა ჯგუფებთან ადგილზე მუშაობა
პრაქტიკული გამოცდილება: რისკების იდენტიფიცირება, პირველადი დახმარება, ტრავმაზე რეაგირება, თემის მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერება.

ახალგაზრდების ინიციატივები
ახალგაზრდებმა წარმოადგინეს კამპანიები და მცირე თემობრივი პროექტები, სადაც გამოიკვეთა ახალგაზრდების მზარდი როლი თემების პოზიტიურ ცვლილებაში.

ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობა
ფოკუსი: ფსიქოლოგიური დახმარება, ეკონომიკური გაძლიერება, სარეაბილიტაციო ცენტრები, მედიაწიგნიერება და ციფრული უსაფრთხოება.

ღონისძიების დასასრულს განსაკუთრებულად გამოიკვეთა, რომ 2025 წელს ყველაზე სწრაფად მზარდი საფრთხე არის ტექნოლოგიებით ხელშეწყობილი ძალადობა — ონლაინ თვალთვალი, კიბერბულინგი, ანგარიშებზე უნებართვო წვდომა და ციფრული მანიპულაცია.

პროექტი ხორციელდება Brot für die Welt-ის მხარდაჭერით.

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები