ფონდმა „სოხუმმა“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებისთვის აპრილში გამოაცხადა საგრანტო კონკურსი. მაისში წარმოდგენილი იქნა 6 საპროექტო განაცხადი. კომისიამ ექვსივე განაცხადს დაუჭირა მხარი. პროექტების განხორციელება 1 ივნისიდან დაიწყო. ყველა პროექტი აქტუალური და საინტერესოა:
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - „ცოდნით ვძლიოთ ძალადობას“ -საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობა საზოგადობასთან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - „მდიდარი წარსულიდან - მდიდარი მომავლისაკენ“ - 20 ივნისს დევნილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენის ორგანიზება
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - „ინფორმირებული ქალები ცვლიან მომავალს“ - მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობა და ტრენინგი სოფლის რწმუნებულებისთვის
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - „ინფორმირებული ახალგაზრდები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ - სენაკის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის ახალგაზრდებთან საინფორმაციო, სამობილიზაციო და საგანმანათლებლო მუშაობა და ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერა
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - „ძალადობის პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებით“ - სპორტული შეჯიბრების ორგანიზება
ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - „ოჯახი ძალადობის გარეშე“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგანმანათლებლო-საინფორმაციო მუშაობა
პროექტები აქტიურ ფაზაშია, მუშაობა დაწყებულია და კიდევ ერთხელ გვინდა, წარმატება ვუსურვოთ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებს!
29 იანვარს გაიმართა ფონდი „სოხუმის“მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების ამსახველი პუბლიკაციის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაცია (ქართულ-აფხაზური პროექტის ფარგლებში, შვედეთის ქალთა ფონდის Kvinna till Kvinna-ს მხარდაჭერით).
პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ საზოგადოების, არასამთავრობო და სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომელთაც მიეწოდათ ინფორმაცია კვლევაზე და კვლევის შედეგად მომზადებულ რეკომენდაციებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს არის კარგი მცდელობა, მოხდეს ქალთა ადამიანური უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო პოლიტიკის დახვეწა და ქალთა ჯგუფების მიერ საკუთარი საჭიროებების წამოწევა.
18 ივნისს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ქალაქის მერიის და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები. მათ ისაუბრეს ქალაქის ბიუჯეტის პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ, უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.
როგორც ბენეფიციარებმა აღნიშნეს, მათ ძალიან საჭირო და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.
17 თებერვალს თბილისში გაიმართა ფონდი „სოხუმის“ კვლევის „ქალთა ხმების გაძლიერება კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში“ პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის, მასმედიის, სახელისუფლებო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ფორუმზე შეკრებილებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კვლევის შედეგად დაბეჭდილი ბროშურის „ქალთა მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში: პრობლემები, წარმატებები, პერსპექტივები“ შესახებ და ნახეს ამავე თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი.
შეხვედრაზე მოხდა იმ საკითხების წამოწევა, რომლებიც აწუხებთ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთ და რომელთა გარშემო კონსტრუქციულ მოლაპარაკებებსა და შეთანხმებებში ძალიან მნიშვნელოვანია ქალების მონაწილეობა, საკითხების მოგვარებაში მათი ხედვის გათვალისწინება.
გაიმართა დისკუსია კონფლიქტების სამშვიდობო მოგვარების პროცესში მეტი ქალის ჩართვის საკითხებზე. დაფიქსირდა უფრო მოქნილი ფორმატის არსებობის აუცილებლობაც, რომელში ჩართვის საშუალებაც ექნებათ საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს - მათ, ვისაც პრაქტიკული შეხება აქვს პრობლემასთან.

















ფონდი „სოხუმი“ აქტიური მონაწილეა პროექტისა „დავძლიოთ ომის შედეგები ერთად“. პროექტის ფარგლებში ყველა მონაწილე ქვეყნის ენაზე დაიბეჭდა ფლაერები. ფონდმა „სოხუმმა“ქართულ ენაზე თარგმნა ფლაერი, რომელშიც წარმოდგენილია მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ, პროექტის მიზნები, მონაწილეები და პარტნიორები.
ქართულ ენაზე ფლაერის გამოცემა ხელს უწყობს როგორც მონაწილეთა, ასევე დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას იმის თაობაზე, თუ როგორ ეხმარებიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია DRA - ქართულ-რუსული გაცვლა - მხარდაჭერით (გერმანია)



