18 ივნისს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ქალაქის მერიის და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის და სოციალური მომსახურების სააგენტოს  წარმომადგენლები. მათ ისაუბრეს ქალაქის ბიუჯეტის პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ, უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.

როგორც ბენეფიციარებმა აღნიშნეს, მათ ძალიან საჭირო და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.

        

17 თებერვალს თბილისში გაიმართა ფონდი „სოხუმის“ კვლევის „ქალთა ხმების გაძლიერება კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში“ პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის, მასმედიის, სახელისუფლებო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები.

ფორუმზე შეკრებილებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კვლევის შედეგად დაბეჭდილი ბროშურის „ქალთა მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში: პრობლემები, წარმატებები, პერსპექტივები“ შესახებ და ნახეს ამავე თემაზე გადაღებული დოკუმენტური  ფილმი.

შეხვედრაზე მოხდა იმ საკითხების წამოწევა, რომლებიც აწუხებთ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთ და რომელთა  გარშემო კონსტრუქციულ მოლაპარაკებებსა და შეთანხმებებში ძალიან მნიშვნელოვანია ქალების მონაწილეობა, საკითხების მოგვარებაში მათი ხედვის გათვალისწინება.

გაიმართა დისკუსია კონფლიქტების სამშვიდობო  მოგვარების პროცესში მეტი ქალის ჩართვის საკითხებზე. დაფიქსირდა უფრო მოქნილი ფორმატის არსებობის აუცილებლობაც, რომელში ჩართვის საშუალებაც ექნებათ საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს - მათ, ვისაც პრაქტიკული შეხება აქვს  პრობლემასთან.

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით
   
 
დასრულდა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ექვსთვიანი პროექტი „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში“, რომელიც დააფინანსა ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ფონდმა „სოხუმმა“.
28 ივლისს გაიმართა  პროექტის  ფორუმ-პრეზენტაცია, ესწრებოდნენ გამგებლის მოადგილე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, პროექტის ბენეფიციარები.
პრეზენტაციის დაწყებამდე სტუმრებმა დაათვალიერეს ადგილობრივ ქალბატონთა ნამუშევრები და პროექტის ფოტომასალა.
ფორუმის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს პროექტის მნიშვნელობას და მის მიერ წარმოჩენილი საკითხების აქტუალობას. პროექტის ბენეფიციარებმა გამოთქვეს იმედი, რომ მონაწილეობას მიიღებენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხვა პროექტებში.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით 
 
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ თბილისში ორგანიზებულ შეხვედრაზე.
ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები წარუდგინა. 
კანონპროექტების მიზანია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობა და  საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგება.
აღინიშნა, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვა უმნიშვნელოვანესია და ეს სახელმწიფოს პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ამის შესაბამისად, ადგილებზე აუცილებელია თავშესაფრების და კრიზისული ცენტრების გახსნა.
  
 
2 ივნისს ქ. ზუგდიდში გაიხსნა ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილი ფესტივალი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი და მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია.
უამრავ ღონისძიებათა შორის იყო ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული, თანამედროვე ცეკვების ჯგუფის Sea2Sea-ს შოუ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აშშ ელჩი საქართველოში და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
დასასრულს კონცერტი გამართა ამერიკიდან სპეციალურად მoწვეულმა  ბენდმა "Dangerflow" Sea2Sea მონაცეკვავეების თანხლებით.
მსგავსი ღონისძიებები გაიმართება ახალციხეში (3 ივნისს), გორში (4 ივნისს), თბილისში (6 ივნისს).
 
 
  
არასამთავრობო ორგანიზაციების როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საზოგადებრივ ცხოვრებაში. არაერთი აქტიური ორგანიზაცია მოქმედებს ქუთაისში.
18-28 მაისს საქართველოს რეგიონებში იმართება ,,სამოქალაქო კვირეული," რომლის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს აცნობენ საკუთარ საქმიანობას.
23 მაისს ქუთაისის ცენტრალურ პარკში მოეწყო ორგანიზაციების ერთგვარი ანგარიში.
არასამთავრობოთა შორის იყო ფონდი „სოხუმი“, რომლის პუბლიკაციებმა და გამოცემებმა დამთვალიერებლების ინტერესი გამოიწვია.
გაიმართა აგრეთვე ფონდის ფორუმ-თეატრის გამოსვლა, რამაც დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ქუთაისური ქარის მიუხედავად, ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა. მონაწილეებს გაუჩნდათ სურვილი, უფრო ხშირად წარსდგნენ თანაქალაქელების წინაშე და გააცნონ - რას აკეთებენ, რა მიზანს ემსახურებიან, რა სერვისები აქვთ და რა სიკეთე მოაქვთ საზოგადოებისათვის...

  

 

ფონდი „სოხუმი“ აქტიური მონაწილეა პროექტისა „დავძლიოთ ომის შედეგები ერთად“. პროექტის ფარგლებში ყველა მონაწილე ქვეყნის ენაზე დაიბეჭდა ფლაერები. ფონდმა „სოხუმმა“ქართულ ენაზე თარგმნა ფლაერი, რომელშიც წარმოდგენილია მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ, პროექტის მიზნები, მონაწილეები და პარტნიორები.

ქართულ ენაზე ფლაერის გამოცემა ხელს უწყობს როგორც მონაწილეთა, ასევე დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას იმის თაობაზე, თუ როგორ ეხმარებიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია DRA - ქართულ-რუსული გაცვლა - მხარდაჭერით (გერმანია)

   
თბილისში გაიმართა ორდღიანი კონფერენცია, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვას მიეძღვნა (ორგანიზატორები: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ქალთა ფონდი „ტასო“).
მასში მონაწილეობა მიიღეს ფონდი „სოხუმის“ მიერ შექმნილმა გენდერულმა საკონსულტაციო საბჭოებმა.
პირველ დღეს მონაწილეებმა თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისთვის აუცილებელ ინსტიტუციურ მექანიზმებზე იმსჯელეს და „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დანერგვისთვის ჩატარებული მუშაობის შედეგები შეაჯამეს.
კონფერენციის მეორე დღე გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების განხილვას დაეთმო. ქუთისის, სენაკის, ოზურგეთის და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, რომელიც ეხებოდა გენდერული ბიუჯეტირების პრინციპების დანერგვას, ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სამოქმედო გეგმებს.
ითქვა, რომ არსებული გენდერული საბჭოების პრაქტიკა საუკეთესო დასაბუთებაა მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების დროულად მისაღებად.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

      

7 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ახალი კვლევის „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისათვის“ პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ქვეყანაში აკრედიტებული საელჩოების, სახელმწიფო სტრუქტურების, ომბუდსმენის აპარატის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

მკვლევარმა ეკატერინე გამახარიამ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა კვლევის შედეგად გაკეთებული ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები. ამის შემდგომ გაიმართა საინტერესო დისკუსიები, რაც იყო ნაშრომის საზოგადოების ფართო წრეებისთვის გაცნობის შედეგად მიღებული უკუკავშირის გაგრძელება. შედგა კიდევ ერთი დიალოგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციისთვის.

 

             

რესტორან „ამირანში“ გაიმართა შეფასებითი ვორქშოფი, რომელზეც ფონდი „სოხუმის“ საქმიანობა შეაფასეს პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლებმა, ფონდის აქტივისტებმა, ბენეფიციარებმა.

მუშაობის ფოკუსი იყო ორგანიზაციის საქმიანობის აქტუალურობა; პარტნიორების მიერ დანახული ცვლილებები და მიღწევები; ხედვა ორგანიზაციის პოტენციალზე და ინსტიტუციური ზრდის დინამიკის შენარჩუნების სურვილი; გამოწვევები, რომელთა საპასუხოდ ისურვებდნენ ფონდი „სოხუმის“ ძალისხმევის მიმართვას.

ფონდის ხელმძღვანელებმა თანამშრომლობისთვის გულწრფელი მადლობა გადაუხადეს  პარტნიორებს, ბენეფიციარებს. ითქვა, რომ  ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარ საქმიანობას შეხედო „გვერდიდან“ და მოისმინო საქმიანი რჩევები სამომავლო სტრატეგიაში გასათვალისწინებლად.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები