ახალგაზრდული ცენტრი კურსებში

 

ეს ხმოვანი წიგნი კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს. ორიგინალური და საინტერესო, აქტუალური და უჩვეულო.

თემა: გენდერული თანასწორობა

ხელმძღვანელი: პედაგოგი თამარ აბესაძე-მემარნე

ტექსტის ავტორები: თაია ჭეიშვილი, მართა მაღლაქველიძე, მარიამ კევლიშვილი, ნინი კევლიშვილი, მარიამ აფრიდონიძე, თეკლა ბეროძე, თამთა სვანიძე.

გახმოვანება: ანა-მარია მემარნე

კურსების (ტყიბულის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჩამოაყალიბა ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრი. წიგნის შემქმნელები ამ ცენტრის აქტიური წევრები არიან. მათ გაიარეს ექვსთვიანი სატრენინგო კურსი კონფლიქტების მართვის, ძალადობის პრევენციის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

ახალგაზრდებთან ჩვენი მუშაობის თავისებურება ის არის, რომ ისინი არა მარტო ესწრებიან ტრენინგებს და სწავლობენ, არამედ სხვებსაც უზიარებენ თავიანთ ცოდნას.

კურსების სკოლის მოსწავლეებიც აქტიურობდნენ: ატარებდნენ საინფორმაციო შეხვედრებს და ტრენინგებს, წერდნენ ესეებს, ხატავდნენ თემატურ ნახატებს, მონაწილეობდნენ ფოტოკონკურსში, ამზადებდნენ ვიდეორგოლებს და ფლაერებს, აწყობდნენ ფილმის ჩვენებას და დისკუსიას...

ყველაზე განსაკუთრებული კი მაინც ელექტრონული ხმოვანი წიგნის შექმნაა. იდეა სწორედ ტრენინგებზე დასწრების შემდეგ გაუჩნდათ.

„შუშანიკის წამებიდან“ დღემდე საქართველომ გენდერული თანასწორობის კუთხით განვითარების დიდი გზა გაიარა. თუმცა გასაკეთებელიც ბევრია. გვსურს, ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც ქალთა და მამაკაცთა უფლებები თანაბრად იქნება დაცული. ჩვენ უნდა ვიაროთ რუსთაველის კვალდაკვალ: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“, - ამბობენ წიგნის შემქმნელები.

ფონდმა „სოხუმმა“ კურსებში დაასრულა სატრენინგო ციკლი, მაგრამ დატოვა კიდევ უფრო გააქტიურებული ახალგაზრდები, რომლებიც დამოუკიდებლად განაგრძობენ მუშაობას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები