ვანის მუნიციპალიტეტი: პირველი ეთიკის კოდექსი დასავლეთ საქართველოში

დასაწყისი, როგორც ხდება ხოლმე, რთული იყო.

ნაკლებად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმა... მაგრამ რაც უფრო მეტად ეცნობოდნენ ინფორმაციას, მით უფრო კარგად ჩანდა, რა  იყო გასაკეთებელი.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვანის მუნიციპალიტეტში:

შეიმუშავეს და დაამტკიცეს თვითმმართველობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ეთიკის კოდექსი!

ამ მხრივ ვანის მუნიციპალიტეტი პირველია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის. 

დოკუმენტი მოამზადა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შეიქმნა ფონდი „სოხუმის“ პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში. 

სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს ვანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ივანიაძე. წევრები კი  მუნიციპალიტეტში ცნობილი ადამიანები არიან: სახელმწიფო თუ სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლები.

ჯგუფის გადაწყვეტილებით, ეთიკის კოდექსის შემუშავება დაევალა მერიის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს - მარინა ღვინიანიძეს.  დოკუმენტის პირველი ვერსია განიხილეს მერიისა და საკრებულოს სამსახურებში, საკრებულოს სხდომაზე, განთავსდა მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე... კოდექსის სამუშაო ვერსიას გაეცნო ათობით ადამიანი, იყო კომენტარები. ასე ჩამოყალიბდა საბოლოო ვერსია.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ივანიაძემ, რომელიც პროფესიით იურისტია,  ეთიკის კოდექსის იდეა მაშინვე აიტაცა, მის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა და დიდ მნიშვნელობასაც ანიჭებს: „ეთიკის კოდექსი დაგვეხმარება საჯარო მოხელეების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაში, რაც პირდაპირპროპორციულად იმოქმედებს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ხარისხზე. ისიც მიმზიდველია, რომ მსგავსი დოკუმენტი სხვა თვითმმართველობებს არ აქვთ და ეს ერთგვარი გამოწვევაცაა, რომ სრულფასოვანი და ქმედითი დოკუმენტი შევქმნათ“.

ეთიკის კოდექსიდან: „ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ეთიკის კოდექსი ადგენს ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებს, რომლის მიზანია საჯარო დაწესებულებაში ეთიკური გარემოს შექმნა და საჯარო მოსამსახურის პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება, რაც უზრუნველყოფს მიუკერძოებელი, ობიექტური და კოლეგიალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას, ასევე საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდას“.

დასაწყისი, როგორც ხდება ხოლმე, რთული იყო. მაგრამ თებერვალში საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა, ეთიკის კოდექსი დაამტკიცეს. ეს საჯარო მმართველობის რეფორმის ერთი ასპექტია. ვანის მუნიციპალიტეტი სხვა მუნიციპალიტეტებს აძლევს წარმატებულ მაგალითს.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები